ხუტა ახალაიას დღეს 100 წელი შეუსრულდებოდა

დღეს ცნობილი ჟურნალისტის, მეცნიერისა და პედაგოგის, აფხაზეთის ქართული საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლის, თხემით ტერფამდე ინტელიგენტისა და ჰუმანისტის, უკეთილშობილესი ადამიანის ხუტა ახალაიას საიუბილეო თარიღია - დღეს მას 100 წელი შეუსრულდებოდა.

 

ხუტა ახალაია მრავალი წლის მანძილზე წარმატებით უძღვებოდა სოხუმში გამომავალ ქართულ გაზეთს -„საბჭოთა აფხაზეთი“, რომელიც შემდგომ  ნუმერაციას სახელწოდებით „აფხაზეთის ხმა“ განაგრძობდა. მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში აღნიშნული გაზეთი  აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ოფიციოზის ორგანოს წარმოადგენდა, ხუტა ახალაია თავისი პროფესიონალიზმის, რაფინირებული თვისებების, კულტურის, გაწონასწორებულობის მაღალი ხარისხის წყალობით, ახერხებდა ჟურნალისტებთან ჰქონოდა კოლეგიალური, კეთილმოსურნე ურთიერთობა და იმ დროისათვის დასაშვები მაქსიმალური თავისუფლება მიეცა მათთვის, როგორც  თემატიკის შერჩევის, ისე ჟურნალისტური ანალიზის გადმოცემის თვალსაზრისით.

ხუტა ახალაია გაზეთის რედაქტორობის პარალელურად, სამეცნიერო მოღვაწეობასაც ეწეოდა. მას ჰქონდა ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი და სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუში დოცენტის თანამდებობაზე მოღვაწეობდა. ის იყო ძალიან თბილი, კეთილმოსურნე ადამიანი. ის უყვარდათ ახალგაზრდებს, როგორც ინსტიტუტში, ასევე რედაქციაში.

დღეს განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ ხუტა ახალაიას აფასებდნენ და ძალიან დიდ პატივს სცემდნენ აფხაზები, რადგან ის მთელი თავისი შესაძლებლობით უფრთხილდებოდა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობას, არასოდეს ჰკვეთდა წითელ ხაზებს. ხუტა ახალაია რბილი და თბილი ადამიანი იყო, მაგრამ საკუთარი პრინციპების დათმობის ხარჯზე - არასოდეს. ეს იცოდა ყველამ - რიგითმა თანამშრომელმაც და მაღალი სახელმწიფო თანამდებობის პირმაც, ქართველმაც და აფხაზმაც. სანაცვლოდ, და ბედის ირონიით, სეპარატისტები და მათი დამქაში ოკუპანტები დაუნდობლად გაუსწორდნენ სამართლიან, ჰუმანურობით გამორჩეულ ქართველ ინტელიგენტს.

ხუტა ახალაიას ბედისწერა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ომს განუკითხაობა, უსამართლობა და უბედურება მოაქვს ადამიანებისათვის. მსგავსი განაჩენი კი, უპირველესად, კეთილშობილებით, ადამიანობით და ნდობით გამორჩეულთ ატყდებათ თავს. სწორედ ასე მოხდა ხუტა ახალაიას შემთხვევაშიც, როცა სოხუმის დაცემის შემდეგ, ქალაქში შემოსულმა ოკუპანტთა ბრბომ, 70 წლის ასაკში, იგი საკუთარ სახლში (გოგოლის ქუჩა №25) გამოასალმა სიცოცხლეს. დაუნდობელი დახვრეტა კაცისა, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებულად უფრთხილდებოდა ქართულ-აფხაზურ ურთიერთკავშირს  და მთელი თავისი შეგნებული ცხოვრებით, მოღვაწეობით, იბრძოდა ამ ურთიერთდამოკიდებულების შესანარჩუნებლად, ცალსახად და უაპელაციოდ ცხადყოფს, რომ ომი არის ბოროტებისა და განუკითხაობის პარპაში.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭო მოწიწებით მიაგებს პატივს ღვაწლმოსილი ჟურნალისტისა და მეცნიერის ხუტა ახალაიას  ხსოვნას, მის საიუბილეო 100 წლის თარიღს და ღრმად სწამს, რომ მოვა დრო, როცა ხუტა ახალაიას გადამალულ საფლავს სოხუმში იქ დაბრუნებული ქართველები ყვავილების გვირგვინით შეამკობენ.

 

ჯემალ გამახარია,

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე

28.10.2022წ.

 

 

 

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions