აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს 2022 წლის საშემოდგომო სესია დაიხურა

16 დეკემბერს გაიმართა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა.

 

დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი განიხილეს, მათ შორის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის ზურაბ ჯგუბურიას ჩეხეთის რესპუბლიკაში მივლინების შედეგები.

ზურაბ ჯგუბუარიამ წარმოადგინა მოკლე ანგარიში პრაღაში, ჩეხეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტრში ჩატარებული შეხვედრების შესახებ, სადაც განიხილეს ოკუპირებულ აფხაზეთში ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თვალსაზრისით არსებული ვითარება. მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში ჩეხურ მხარეს ასევე გადაეცა სხვადასხვა საინფორმაციო მასალა და კრებულები, "აფხაზეთის ისტორიულ- კულტურული მემკვიდრეობა" - 4 ენაზე, "ოკუპირებული აფხაზეთი - 25" - 4 ენაზე, ინგლისურენოვანი "აფხაზეთის მოკლე ისტორია" (ჯემალ გამახარიასა და ლია ახალაძის ავტორობით) და სულ ახლახან გამოცემული "შავი არქეოლოგია ოკუპირებულ აფხაზეთში" - ასევე 4 ენოვანი.

სხდომაზე ასევე იმსჯელეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლითაც უნდა მოწესრიგდეს დევნილი პირების გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი. მიმოიხილეს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ საქართველოს პარლამენტში მიმდინარე პროცესი და ამ თვალსაზრისით ქვეყანაში შექმნილი ვითარება.

სხდომის მსვლელობისას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართულ სკოლებსა და იქ მომუშავე ადამიანების ირგვლივ შექმნილ ვითარებას, მიმოიხილა საქმიანობის განხორციელების პროცესში არსებული ხელისშემშლელი ფაქტორები.

ოკუპირებული გალის რაიონში მცხოვრები მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე ვრცლად ისაუბრა მოადგილემ რუდიკ ცატავამ.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ უმაღლესი საბჭოს წევრები ვახტანგ ყოლბაია, ადა მარშანია, ანზორ წოწონავა, ზურაბ ჯგუბურია.

შემაჯამებელ სიტყვაში უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სესიაზე განხილული საკითხები არ არის ადვილი, მუშაობა ამ მიმართულებით გაგრძელდება.

სხდომის დასასრულს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 58-ე მუხლის თანახმად საშემოდგომო სესია დახურულად გამოცხადდა, შესრულდა საქართველოს ჰიმნი.

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.

სხდომას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.



























































































































































































































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions