გილოცავთ წმინდა ბარბარეს ხსენების დღეს!

 

17 დეკემბერი დიდმოწამე ბარბარეს ხსენების დიდი ქრისტიანული დღესასწაულია.

 

წმინდა ბარბარე  ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში დაიბადა. მდიდარი, წარჩინებული და გვარიშვილობით გამორჩეული მისი მშობლები წარმართები იყვნენ და კერპებს  სცემდნენ თაყვანს. ბარბარეს დედა ადრე გარდაეცვალა. მამა კი გოგონას ყოველმხრივ ანებივრებდა. ის ისე დამშვენდა, ვერავინ შეედრებოდა სილამაზით. მამას მიაჩნდა, რომ მდაბიო ადამიანები მისი ხილვის ღირსნი არ იყვნენ, ამიტომ მაღალი კოშკი ააგო და ბარბარე შიგ ჩაკეტა, მიუჩინა ერთგული მსახურები, მოახლეები და ოცნებობდა შესაფერის სასიძოზე.

 

კოშკში დამწყვდეულ ბარბარეს სულით და გულით ეწადა გვერდით ჰყოლოდა ვინმე ჭეშმარიტი გზის მასწავლებელი, მაგრამ მის გარშემო ასეთი არავინ იყო და თავად ღმერთი - იესო ქრისტე გამოეცხადა მოძღვრად და დამრიგებლად. ქალწული თანდათან ივსებოდა უფლის მადლით და სულიერად ძლიერდებოდა, საერთოდ არ ფიქრობდა მიწიერ კეთილდღეობაზე.

 

მამამისმა როცა შეიტყო,  რომ ბარბარემ ქრისტიანული სარწმუნოება აღიარა, გადაწყვიტა მისი დასჯა. მივიდა იმ ქვეყნის მმართველთან და მოახსენა, რომ მისი ერთადერთი ასული ქრისტიანებმა თავის რჯულზე მოაქციეს და ის ღირსი იყო წამებით სიკვდილისა. ქვეყნის მმართველმა იხილა რა ბარბარეს მშვენიერება, ქალწული სასიკვდილოდ დაენანა და გასცა ბრძანება ტყავის შოლტით დაუნდობლად ეცემათ. ღამით ბარბარეს ანგელოზებთან ერთად ქრისტე გამოეცხადა და მისი ნაგვემი სხეული სწრაფად განკურნა.   ამის შემდეგაც უმშვენიერესი ქალწული, ღვთის თანადგომით, არა ერთ ტანჯვას, წამებას გადაურჩა. უამრავი მიმდევარიც გამოუჩნდა.

 

ბარბარეს რწმენის სიმტკიცემ მეტად განარისხა ქვეყნის მმართველი; მას შეეშინდა რომ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეები ქალწულს მიბაძავდნენ, ქრისტიანულ რჯულს აღიარებდნენ და მამამისს ქალიშვილისთვის თავის მოკვეთა უბრძანა, რაც მამამ უდრტვინველად აღასრულა.

 

წმინდა ბარბარე სიმბოლოა ადამიანის ურყეობის, რწმენის სიმტკიცის, ჭეშმარიტი ღმერთის ერთგულების; წმინდა ბარბარეს ევედრებიან სნეულთა განკურნებას, შვილების, ოჯახის, ქვეყნის შეწევნას.

 

დიდმოწამე ბარბარე გამორჩეულად უყვართ საქართველოს მართლმადიდებელ ქრისტიანებს, სწამთ მისი ძალისა და მადლის. ამით არის განპირობებული, რომ  ოდითგან საქართველოში წმინდა ბარბარეს სახელობის უამრავი ეკლესია-მონასტერი, სალოცავი არსებობს, მათ შორის ენგურსგაღმა. ცნობილია, რომ 1640 წლის 6 თებერვალს სამეგრელოში ჩამოსულ რუს ელჩებს დრანდის მონასტერში ქართველმა სასულიერო პირებმა აჩვენეს წმინდა ბარბარეს წმინდა ნაწილები - ორი ხელის ძვალი მაჯიდან იდაყვამდე. აღსანიშნავია, რომ ენგურსგაღმა სოფელ დიხაზურგის ტერიტორიაზე X-XI საუკუნეებში წმინდა ბარბარეს სალოცავი იყო აშენებული, რომელიც განსაკუთრებული მადლისმატარებლად ითვლებოდა და უამრავი ადამიანი სტუმრობდა რწმენითა და ლოცვა-ვედრებით.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია გილოცავთ დიდმოწამე ბარბარეს ხსენების დღეს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, უპირველესად, ენგურსგაღმა და გამოღმა მცხოვრებ აფხაზეთის ყველა მკვიდრს;  გისურვებთ აღივსოთ წმინდა მოწამის რწმენის სიმტკიცით, ურყევი ნებისყოფით,  ღვთის სიყვარულით, სიკეთით, მიზანდასახულობით, რათა უფლის შეწევნით, შევძლოთ ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიების დაბრუნება, ქვეყნის გაერთიანება და აფხაზებთან ერთად სასიკეთო მომავლისათვის აფხაზეთის ძირძველ ქართულ მიწაზე არსებულ სალოცავებში ერთობლივი ლოცვის აღვლენა.

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions