სახარების თანახმად, ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევის მსახურება (დიდი აიაზმა) სრულდება; ნაკურთხი წყალი ოჯახებში მიაქვთ და მთელი წლის განმავლობაში უხრწნელად ინახება. მას, როგორც სიწმინდეს და ეშმაკეულისა და ავადმყოფობისაგან დამცავს, ადამიანები უზმოზე იღებენ.
ნათლისღების დღეს ასევე ღვთის გაცხადება ეწოდება, რადგანაც სწორედ ქრისტეს ნათლობისას ადამიანთა წინაშე პირველად გამოჩნდა, პირველად გაცხადდა წმინდა სამება: ძე ნათელს იღებდა, სულიწმიდა მტრედის სახით გამოჩნდა, ხოლო ციდან მამა ღმერთის ხმა გაისმა: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვყავ”.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია გილოცავთ ყველას, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, ენგურსგაღმა და გამოღმა საქართველოს ამ დიდ ქრისტიანულ დღესასწაულს; გისურვებთ, რომ უფალმა, ნაკურთხი წყლის მადლმა, წმინდა სამების სასწაულმა გააძლიეროს თითოეული თქვენგანი, გაამთლიანოს სრულიად საქართველო, მშვიდობა, ჯანმრთელობა, სამართლიანობა, სიკეთე და სიყვარული სუფევდეს თქვენს ოჯახებში, ჩვენს სულში, ჩვენს სამშობლოში.
ღმერთმა მრავალ ნათლისღებას დაგვასწროს გაერთიანებულ, ეკონომიკურად განმტკიცებულ საქართველოში!