23 მარტს მწერალთა სახლში პროზაიკოსისა და პოეტის გელა ჩქვანავას ახალი წიგნის - „მანიფესტი“ წარდგენა გაიმართა. გელა ჩქვანავა დაიბადა 1967 წ. სოხუმში. ლიტერატურულ პერიოდიკაში ქვეყნდება 2000 წლიდან. სხვადასხვა დროს გამოცემულია მისი 4 რომანი და 5 პროზაული კრებული. არის პრემია „საბა“-სა და გიორგი შარვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიების ლაურეატი. ლიტერატურული კონკურსის, „pen-მარათონი“-ს პირველი გამარჯვებული. 2002 წლიდან მისი მოთხრობები იბეჭდება ქართულ პერიოდულ პრესაში. 2007-2009 წლებში გელა ჩქვანავას ნაწარმოებები დაიბეჭდა რუსულ ლიტერატურულ პერიოდიკაშიც
„გელა ჩქვანავას მცირე რომანი „მანიფესტი“ ერთგვარ გრაფიკულ რუკასაც მოგვაგონებს, რომელზეც სიკვდილ-სიცოცხლის გადაკვეთის წერტილები მკაფიოდაა აღბეჭდილი. რომანის იდეური არქიტექტონიკა სწორედ ამ წერტილებს ემყარება – პერსონაჟების მოტივაციაც და ინსპირაციაც მათი დაძლევა, ამ ხილული თუ უხილავი საზღვრების გადალახვაა“ - ვკითხულობთ რომანის შესახებ.
საღამოზე სიტყვით გამოვიდნენ ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლები, მწერლის მეგობრები, ნინო სადღობელაშვილი, გიო კილაძე, მარინა შენგელია და სხვები. მათ მაღალი შეფასება მისცეს მწერლის შემოქმედებას, გაიხსენეს მისი აფხაზეთში ცხოვრების პერიოდი და მომავალი წარმატებები უსურვეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა, უმაღლესი საბჭოს კომიტეტების თავმჯდომარეები მურმან კვარაცხელია, ნუგზარ მგალობლიშვილი, უმაღლესი საბჭოს თანამშრომლები, აფხაზეთიდან დევნილი, დედაქალაქისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონების საზოგადოების წარმომადგენლები, მეგობრები, ნათესავები.
საღამოს დასასრულს მწერალმა მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას, სიტყვით გამომსვლელებს იმ თბილი დამოკიდებულებისათვის და მაღალი შეფასებისათვის, რაც მათ გამოხატეს თავიანთ გამოსვლებში.