დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი განიხილეს: ვახტანგ კაჭარავასთვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ; „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის შესახებ; „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის 2024-2027 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის შესახებ და, ინტერპელაციის წესით იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ნანა გაბელიას მოსმენის შესახებ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის 2024-2027 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის შესახებ მოკლე ინფორმაციით უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე მურმან კვარაცხელია წარსდგა.
შენიშვნებისა და წინადადებების მოსმენის შემდეგ დეპუტატებმა კენჭისყრაზე მხარი დაუჭირეს დღის წესრიგით წარმოდგენილ ამ და სხვა საკითხების მიღებას.
პრეზიდიუმის დასრულების შემდგომ გაიხსნა პლენარული სხდომა, რომელზეც ინტერპელაციის წესით იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრს ნანა გაბელიას მოუსმინეს.
მინისტრმა პასუხი გასცა უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ წინასწარ წერილობით დასმულ შეკითხვებს, რომლებიც ქართველი და აფხაზი ხალხის შერიგებისა და ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ 2010 წლიდან შემუშავებული პროგრამის - „ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის“ იმპლემენტაციას შეეხებოდა. ნანა გაბელიამ აღნიშნა, რომ მინისტრის აპარატი ინდივიდუალური კონტაქტებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობით, ცდილობს ისეთი პროექტების განხორციელებას, სადაც ეთნიკურად აფხაზ და ქართველ მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა პირისპირ შეხვდნენ ერთმანეთს. ამასთან, მინისტრმა ისაუბრა მისდამი დაქვემდებარებული უწყების მიერ დაგეგმილი პროექტების ფინანსურ მხარდაჭერაზე.
სხდომის მსვლელობისას დამაზუსტებელი შეკითხვები დასვეს და საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ რუდიკ ცატავამ, ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ადა მარშანიამ, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ მურმან კვარაცხელიამ, დეპუტატმა თეიმურაზ მჟავიამ.
სხდომის დასასრულს მონაწილეებს შემაჯამებელი სიტყვით მიმართა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ. მან მადლობა გადაუხადა მინისტრს და მთლიანად უწყებას წარმოდგენილი ინფორმაციისთვის, ისაუბრა რა ქართულ და აფხაზურ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე, ხაზი გაუსვა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში მინისტრის აპარატსა და აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს შორის ინტენსიური თანამშრომლობის აუცილებლობას.
სხდომას ესწრებოდნენ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროს წარმომადგენლები.
სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.