ვახტანგ კაჭარავა - კოლეგისა და მეგობრის ხსოვნას

აფხაზეთის მიწის გულდათუთქული შვილები ნელ-ნელა იმანძილებენ საოცნებო ოდაბადეს ზეცაში, რომ იქიდან ილოცონ ქართული სისხლით გაჟღენთილი მიწისა და მისი შვილების ერთად ყოფნისათვის. აფხაზეთის აღთქმული მიწა დროთა შავმა მდინარებამ დედასაქართველოს ჩამოაცილა და ქიმერული მოლოდინით განებივრებული ურწმუნო თომები ახალი „ქვეყნის“ აშენებისთვის შეამზადა თითქოს.

 

ჟამთა სიავით გადმოხვეწილ ბევრთა გულის ფეთქვა ვერ უძლებს ნოსტალგიით გაჩენილ უკურნებელ სენს და ჩუმად მიემართება მიღმიერის მარადიული სატანჯველისაკენ...

კიდევ ერთმა აფხაზეთის გულდამწვარმა ჭირისუფალმა დატოვა წუთისოფლის ნათელი ბილიკები და წავიდა უსასრულობაში...

ვახტანგ კაჭარავა! კაცი ძირძველი აფხაზ-ქართველი, ბუნებით აღმაშენებელი და ადამიანთა მზრუნველ-მოყვარე, ორი მტრადმოკიდებული ერის ერთად შეყრისა და ახალი აფხაზეთის დაბადების იდეური ბალავრის ჩამყრელი.

ის იყო კეთილშობილების სიმბოლო, უაღრესად დახვეწილი და ერუდირებული პიროვნება, უმაღლესი პასუხისმგებლობის გრძნობით გამორჩეული და მეგობრობისთვის დაზარებელი მეოხი. ძალიან გულდასაწყვეტია მისი ნაადრევი გაცლა ამ ლამაზი ქვეყნიდან. ვახტანგისნაირი ადამიანები არ კვდებიან, ისინი გარდაიცვლებიან და მერე ამიერში ტოვებენ დაუვიწყარ სახელსა და მონატრებას მის მიერ დანატოვარი ნათელი კვალისა და საქმეების შესახებ. დარჩენილი მადლიერი შთამომავლობა კი მუდამ იამაყებს მის მიერ განვლილი გზით და სასიამოვნო საგზლად გაიყოლებს სიკეთის ფესვებზე აღმოცენებულ სიყვარულის სიმფონიას.

იძინე მშვიდად, ჩემო ვახტანგ, შენი მეგობრები და კოლეგები ყვალაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ შენი სამუდამო განსასვენებელი მშობლიურ მიწა-წყალს დაუბრუნდეს და იმ ტანჯულმა სხეულმა დაივანოს იქ, სადაც შენი და ყველა ჩვეთაგანის წინაპრები განისვენებენ.

მშვიდობით, ჩვენო სანიმუშო მეგობარო და კოლეგავ! მჯერა, უფალი სასუფეველს დაუმკვიდრებს შენს ლამაზ სულს და ილოცებს შენი მშობლიური აფხაზეთისათვის.

მურმან კვარაცხელია,

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი






























Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions