დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი განიხილეს: „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ლევან თევზაიას ინტერპელაციის წესით მოსმენის შესახებ“; „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის 2024-2027 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის შესახებ“ ინფორმაციის უმაღლესი საბჭოს კომიტეტებსა და ფრაქციებში განხილვის შედეგების შესახებ“; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მურმან კვარაცხელიას საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქ. პარიზში მივლინების შესახებ; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის ზურაბ ჯგუბურიას ქ. ფოთში მივლინების შედეგების შესახებ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის რ. შამუგიას ფრაქცია "ახალი აფხაზეთი - სამართლიანობა" შემადგენლობაში გაწევრიანების შესახებ.
პრეზიდიუმმა მოისმინა ინფორმაცია უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მურმან კვარაცხელიას საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქ. პარიზში მივლინების შესახებ. მისი განცხადებით, გაიმართა ნაყოფიერი შეხვედრები როგორც საფრანგეთში მოღვაწე ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ასევე საფრანგეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ბ-ნ გოჩა ჯავახიშვილთან. ვიზიტის ფარგლებში უმაღლესი საბჭოს დელეგაციამ მოინახულა ლევილის მამული და იქ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
პრეზიდიუმმა ასევე მოისმინა მოკლე ანგარიში უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ზურაბ ჯგუბურიას 19-27 ივნისს ქ. ფოთში მივლინების შესახებ. ზ. ჯგუბურიას განცხადებით, მივლინების მიზანს წარმოადგენდა ქ. ფოთში, ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში განსახლებულ დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა, დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრების გამართვა, არსებული პრობლემების განხილვა. ამ თვალსაზრისით ძირითადი შეხვედრები გაიმართა ქ. ფოთის დევნილთა დასახლებაში - ე.წ. ახალი რაიონის მაცხოვრებლებთან. ნაყოფიერი შეხვედრა გაიმართა ქ. ფოთის "დევნილთა საზოგადოებრივი საბჭოს" თავმჯდომარესთან რევაზ წულაიასთან. მხარეებმა განიხილეს სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში არსებული სასოფლო-სამეურნეო ამხანაგობების მუშაობისა და მათი ფინანსური მხარდაჭერის საკითხები. ყურადღება გამახვილდა ქ. ფოთის მრავალპროფილური, ოლიმპიური სტანდარტის ა(ა)იპ "ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საცურაო კომპლექსი"-ს სერვისების დევნილთათვის ხელმისაწვდომობის ცალკეულ საკითხზე და სხვა.
პრეზიდიუმის დასრულების შემდგომ გაიხსნა პლენარული სხდომა, რომელზეც ინტერპელაციის წესით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს ლევან თევზაიას მოუსმინეს.
მინისტრმა პასუხი გასცა უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ წინასწარ წერილობით დასმულ შეკითხვებს, რომლებიც შეეხებოდა აფხაზეთის დევნილ სამედიცინო დაწესებულებებში (პოლიკლინიკებში) ჩატარებული სტრუქტურული რეორგანიზაციისა და მართვის ინოვაციური მეთოდების დანერგვის, 2023 წელს რესპუბლიკური ბიუჯეტის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ნაწილში დაფინანსების კლების და პროგრამული დაფინანსების ცალკეულ საკითხებს, ასევე აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სსოპ „კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა“ სააგენტოსთვის 127 ათასი ლარის გამოყოფას, რაც ახალი სპორტული კომპლექსის საპროექტო სამუშაოებს უნდა მოხმარდეს და სხვა.
სხდომის მსვლელობისას დამაზუსტებელი შეკითხვები დასვეს და საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ, მოადგილემ რუდიკ ცატავამ, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ, დეპუტატმა ზურაბ ჯგუბურიამ.
სხდომის დასასრულს მონაწილეებს შემაჯამებელი სიტყვით მიმართა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ. მან მადლობა გადაუხადა მინისტრს და მთლიანად უწყებას წარმოდგენილი ინფორმაციისთვის, მიმოიხილა რა კოლეგების მიერ დასმული საკითხები, ყურადღება გაამახვილა ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის 2024-2027 წლების პრიორიტეტებზე. ისაუბრა აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს შორის ინტენსიური თანამშრომლობის აუცილებლობის შესახებ.
სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე რაულ წულაია, მოადგილეები ელისო გვასალია, გიორგი ჯინჭარაძე, კლინიკა „დიამედის“ გენერალური დირექტორი ლანა იორდანიშვილი.
სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.