აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2023 წლის საგაზაფხულო სესია დაიხურა

30 ივნისს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარული სხდომა გაიმართა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დეპუტატებმა საგაზაფხულო სესიის დახურვას უყარეს კენჭი.

 

სესიის დახურვამდე უმაღლესი საბჭოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები: „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო და მადლობის სიგელებით დაჯილდოების შესახებ; „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის რ. შამუგიას იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის შემადგენლობიდან გამოსვლის შესახებ“ და დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის მემორიალური დაფის დამზადებასთან დაკავშირებით.

სხდომაზე ასევე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო და მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ: აფხაზეთის განათლების სისტემაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის, რეგიონში ქართული სკოლების ქსელის გაფართოება-დამკვიდრებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის - ვახტანგ გასვიანი; აფხაზეთის მთავრობაში სახელმწიფო-პოლიტიკურ ორგანოებში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის, ავტონომიურ რესპუბლიკაში საარქივო სფეროს აღორძინება-განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის - სვეტლანა ხუბულავა; ხანგრძლივი საზოგადოებრივი საქმიანობისათვის, დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გაწეული განსაკუთრებული წვლილისათვის - რევაზ წულაია.

კოლეგებს შემაჯამებელი სიტყვით მიმართა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, ხოლო სახელმწიფო ჰიმნის შემდეგ, მან საგაზაფხულო სესია დახურულად გამოაცხადა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საშემოდგომო სესია სექტემბრის დასაწყისში გაიხსნება, როგორც ეს უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით არის განსაზღვრული. ამასთან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს რიგგარეშე სესია.

სხდომას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა. სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.















































































































































































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions