აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის მაღალჩინოსნის სერგეი შამბასა და ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის ინალ არძინბას ბოლოდროინდელ განცხადებებთან დაკავშირებით ფეისბუქ პოსტი გამოაქვეყნა.
„ბოლო დღეებია, რატომღაც, გადაჭარბებულად აქტუალური გახდა სეპარატისტული სოხუმის მაღალჩინოსნის, სერგეი შამბას ,,კეთილგანწყობების" ტირაჟირება საქართველოს სახელმწიფოებრივი მოწყობის პერსპექტივებისადმი. განსაკუთრებული ადგილი ეთმობა მის გამონათქვამს, რომ ,,აფხაზეთის საკითხი გადაუწყვეტელი არ უნდა დაუტოვოს ჩვენმა თაობამ ჩვენივე შთამომავლობას"! და, ეს შეგონება აფხაზი სეპარატისტების იდეოლოგიის ერთ-ერთი მეტრისა, უმეტეს შემთხვევაში, ჩათვლილია(!) მისივე მოწადინებად მიღებული იქნას აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში მოაზრების შეუქცევადი პოლიტიკური გადაწყეტილება(ჰოი, საოცრებავ: როდის უნდა დაესვას წერტილი, აფხაზეთის საკითხის სამართლიანი მოგვარებისადმი დამოკიდებულებაში, ჩვენი პოლიტიკური დოყლაპიობის, მიამიტობისა და მიმდობლობის სიავის არდანახვას?!) შამბა კი, სინამდვილეში, ეჭვგარეშეა, გვთავაზობს აფხაზეთის დამოუკიდებლობის თბილისისაგან აღიარების ბოლოს და ბოლოს დაკანონებას და ჩვენ ამით ,,ბედნიერნი" ვართ! და აქვე, გამოუჩნდნენ მომხრენი ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებების ნებისმიერ ფორმატში მონაწილეობას.
აფხაზეთთან მიმართებაში გადამწყვეტი და პრინციპული ნაბიჯების გადადგმის ,,კრიტიკული საათი" ახლოვდება და ამ საქმეში, მხოლოდ და მხოლოდ, სახელისუფლებო ორგანოებისა და სახელმწიფო-ეროვნული ნებელობის ერთიანობის იმედი უნდა გვქონდეს!
აფხაზეთის გარეშე საქართველოს მომავალი მუდამ ბუნდოვანი იქნება!
დიდება ერთიან, განუყოფელ საქართველოს!
აფხაზეთი მუდამ იქნება ჩვენი სამშობლოს სიამაყე!
P.S. წინამდებარე პოსტი გამოქვეყნებული მქონდა, როდესაც ჩემთვის ცნობილი გახდა სეპარატისტული ადმინისტრაციის ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრის, ვინმე ინალ არძინბას სპეციალური ბრძანების ტექსტი, რომლის მე-3 პუნქტი გვამცნობს:
,,…
3. იკრძალება იმ პროექტების რეალიზაცია, რომელთა მიზანია კონტაქტების დამყარება აფხაზეთის რესპუბლიკისა და საქართველოს მოქალაქეებს შორის".
ამის შემდეგ, როგორ შეიძლება იმედი გქონდეს სოხუმის ადმინისტრაციის ნებისმიერ წარმომადგენელთან შეხვედრის პოზიტიური მახასიათებლის ვარგისიანობაზე და იმედი გქონდეს სახელმწიფო ჩართულობის გარეშე, თუნდაც უმნიშვნელო, შედეგის მიღწევისა! აფხაზეთი ურთულესი და უაღრესად სენსიტიური თემაა და მასთან დაკავშირებით მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს, უფრო სწორი იქნება ვთქვათ, მკაცრად აიკრძალოს, პირადი პოლიტიკური და ეგოცენტრისტული აქცენტების გამოვლინებები!“- განაცხადა თამაზ ხუბუამ.