სოხუმში ჩატარებულ ბავშვთა საფეხბურთო ტურნირთან დაკავშირებით, რომელიც აფხაზი სეპარატისტების მიერ საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების დარღვევით ჩატარდა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოში, ბატონ იანოშ ჰერმანს და სლოვაკეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ბატონ რუდოლფ მიხალკას შემდეგი შინაარსის წერილი გაუგზავნა:
”თქვენო აღმატებულებავ, მოგმართავთ, რა ღრმა პატივისცემით, გვსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომელმაც აფხაზეთიდან ასეულათასობით დევნილის და სრულიად საქართველოს საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია.
როგორც საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან, მიმდინარე წლის 25-29 მაისს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქალაქ სოხუმში ჩატარდა საერთაშორისო საბავშვო საფეხბურთო ტურნირი ძირითადად ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გუნდების მონაწილეობით. აფხაზი სეპარატისტები შეეცადნენ ტურნირისთვის საერთაშორისო სტატუსის მისანიჭებლად გამოეყენებინათ ამ სპორტულ ღონისძიებაში სლოვაკეთის რესპუბლიკის საფეხბურთო სკოლის 14-წლამდელთა გუნდის - ”ჟილინას” მონაწილეობა.
ვინაიდან, ევროკავშირის ყველა ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ოკუპირებული აფხაზეთის არაღიარების პოლიტიკას, ამ საერთაშორისო გაერთიანების ღირსეული წევრის - სლოვაკეთის რესპუბლიკის საფეხბურთო კლუბის საქართველოს გვერდის ავლით, სოხუმში გამართულ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობა იწვევს საფუძვლიან უკმაყოფილებას და სინანულს.
კვლავაც გიდასტურებთ რა ღრმა პატივისცემას, გთხოვთ, სათანადო რეაგირებას, რათა მომავალში თავიდან ავიცილოთ მსგავსი გაუგებრობები”.