საქართველოს პარლამენტმა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ, საქართველოს პარლამენტს „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი, მესამე მოსმენით, განსახილველად   წარუდგინა. კანონპროექტთან დაკავშირებით არსებითი შენიშვნები არ ყოფილა და დღეიდან ცვლილება დამტკიცებულია.

 

საქართველოს პარლამენტში გამართული კენჭისყრის შედეგად ცვლილების დაკანონება „პროფესიული განათლების შესახებ“ კანონში ნიშნავს იმას, რომ აფხაზეთისა და აჭარის ხელისუფლების ორგანოები უფლებამოსილი არიან პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების მიზნით, განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით, დააფუძნონ საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია  „პროფესიული განათლების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებას საგანმანათლებლო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულების განვითარებას და გალის რაიონში განათლების კუთხით არსებულ უმძიმეს ვითარებას უკავშირებს. მისი განმარტებით, ეს ცვლილება, უპირველესად, უნდა გახდეს საპირწონე საოკუპაციო-საგანმანათლებლო პოლიტიკისა, რომელიც ქართველი ბავშვების ასიმილაციას, მათი ცნობიერების დეფორმაციას, ახალგაზრდების არა მარტო არაქართველებად, არამედ ანტიქართველებად აღზრდას ისახავს მიზნად. ჯემალ გამახარიას განცხადებით, პროფესიული სასწავლებელი საოკუპაციო ხაზთან ახლოს უნდა დაფუძნდეს, რათა ახალგაზრდებმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოახერხონ აღნიშნულ სასწავლებელში სწავლა, პროფესიის დაუფლება და მშობლიურ ენაზე სწავლების ნაწილობრივ მაინც ანაზღაურება, რაც  მათ საოკუპაციო-საგანმანათლებლო პოლიტიკამ წაართვა. მნიშვნელოვანია, რომ აქ მიღებული ცოდნით, პროფესიითა და მოქალაქეობრივი პოზიციით, ახალგაზრდები თავიანთ სახლ-კარს დაუბრუნდნენ და იქ გააგრძელონ შრომა და ცხოვრება.

იხილეთ ლინკი: 
საქართველოს პარლამენტმა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა- 19.10.2021წ.
https://youtu.be/B0iTMCU3RYI



ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions