უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა ჩატარდა

24 იანვარს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა ჩატარდა, რომელსაც თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

 

უმაღლესი საბჭოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები - „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის საგაზაფხულო სასესიო პერიოდის პლენარულ სხდომებზე 2023 წელს გაწეული საქმიანობის თაობაზე უმაღლესი საბჭოს კომიტეტების თავმჯდომარეების ანგარიშების მოსმენების ჩატარების შესახებ; და „დევნილებთან, ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსის ნანა კვარაცხელიას და საზოგადოებასთან ურთიერთობის, ანალიტიკისა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსის ხვიჩა ქარდავას არაბთა გაერთიანებულ საამიროში (დუბაი) მივლინების შედეგების შესახებ“.

2024 წლის საგაზაფხულო სასესიო პერიოდის პლენარულ სხდომებზე 2023 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ კომიტეტების თავმჯდომარეების ანგარიშების მოსმენების ჩატარების შესახებ საკითხთან დაკავშირებით კოლეგების წინაშე მოკლე ინფორმაციით თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა წარსდგა. მან აღნიშნა, რომ რეგლამენტის 35-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად ყველა საგაზაფხულო სასესიო პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება სწორედ წლიური ანგარიშების მოსმენას. მისი თქმით, უმაღლესი საბჭოს აპარატისა და კომიტეტების ხელმძღვანელებთან ერთობლივად ჩატარდა მოსამზადებელი მუშაობა, კომიტეტებს წარედგინათ ანგარიშების მოსმენების ჩატარების შესაბამისი გრაფიკიც.

საკითხის განხილვის შემდეგ, პრეზიდიუმის წევრებმა ერთხმად მხარი დაუჭირეს 2024 წლის საგაზაფხულო სასესიო პერიოდის პლენარულ სხდომებზე 2023 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ კომიტეტების თავმჯდომარეების ანგარიშების მოსმენების გრაფიკის დამტკიცებას.

პრეზიდიუმის წევრებმა ასევე მოისმინეს ინფორმაცია დევნილებთან, ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსის ნანა კვარაცხელიას არაბთა გაერთიანებულ საამიროში (დუბაი) მივლინების შედეგების შესახებ.

ნან კვარაცხელიას განცხადებით, “გლობალური განათლების“ ქოლგის ქვეშ გაერთიანდა არაერთი სახელმწიფოს წარმომადგენელი, რომლებიც ეწევიან აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას და სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო პროექტის შექმნაში მონაწილეობენ. მისი თქმით, განათლების სამიტზე იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა განათლების როლი გლობალური მშვიდობის შენარჩუნებაში, მსოფლიოს რთულ გეოგრაფიულ და კონფლიქტურ რეგიონებში და ასევე სტიქიით დაზარალებულ ზონებში განათლების ხელმისაწვდომობა, მსოფლიოს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით დისტანციური სინქრონული და ასინქრონული სწავლების განვითარება, მოსწავლეებისა და პედაგოგების ბრძოლა ბულინგის წინააღმდეგ ოკუპირებული ტერიტორიების მაგალითზე და სხვა. ნანა კვარაცხელიას განმარტებით, სამიტის მონაწილებმა დადებითად შეაფასეს საქართველოში უცხოელი სტუდენტების რაოდენობის ზრდისა და ცოდნის მაღალი ხარისხის მიღების შესაძლებლობა.

ანგარიშთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ, მოადგილემ რუდიკ ცატავამ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ მურმან კვარაცხელიამ. დეპუტატებმა დადებითად შეაფასეს წარმოდგენილი ინფორმაცია და წარმატებები უსურვეს ნანა კვარაცხელიას შემდგომ საქმიანობაში.

სხდომა შეაჯამა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ. მან გაიზიარა კოლეგების მოწონება განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია წლების მანძილზე ჩატარებული ეს მუშაობა გახდეს ქართული საგანმანათლებლო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი და განხორციელდეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება, დასძინა ჯემალ გამახარიამ.






























































































































 






































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions