უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და რიგგარეშე სესიის სხდომები ჩატარდა

31 იანვარს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და რიგგარეშე სესიის სხდომები ჩატარდა. სხდომებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

 

უმაღლესი საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს: „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ; ზურაბ ჯგუბურიას ნიდერლანდების სამეფოში (როტერდამის ოლქი) მივლინების შესახებ.

პირველ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდიუმის წევრებმა კენჭისყრით ერთხმად დაუჭირეს მხარი აღნიშნული რეგლამენტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყებას.

ნიდერლანდების სამეფოში მივლინების შესახებ მოხსენებით წარსდგა უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ჯგუბურია. მან ვრცლად ისაუბრა ვიზიტზე ნიდერლანდებში სადაც ის 4 დღე, 18-22 იანვარს იმყოფებოდა. მან აღნიშნა, რომ ვიზიტის ორგანიზებაში ჩართული არ იყო არც ერთი ადგილობრივი თუ საქართველოს სახელმწიფო ორგანო, ის მთლიანად აფხაზეთიდან დევნილის კახა გუგუჩიას მიერ იყო მომზადებული. კახა გუგუჩია ერთერთი დიდი კომპანიის უფროსი მენეჯერია ჰააგაში და საკმაოდ წარმატებული ადამიანია. მან მოამზადა ის საკითხები, რომელიც ევროპაში ლეგალურად მაცხოვრებელ ლტოლვილებს აწუხებთ. ზურაბ ჯგუბურიამ ისაუბრა ლტოლვილებთან დაკავშირებით იქ არსებულ სიტუაციაზე. მან აღნიშნა, რომ ისინი სარგებლობენ ყველაზე მნიშვნელოვანით უფასო სწავლის უფლებით, რომელსაც ეს ევროპული სახელმწიფო იძლევა.  შესანიშნავი განათლება აქვთ იქ გაზრდილ ქართველ ახალგაზრდებს, მაგრამ ისინი საკუთარი ქვეყნის საქართველოს პრობლემების შესახებ ცუდად ინფორმირებული არიან, რაც მათდაუნებურად ხდება. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ მათი სწავლის პროცესში ქართული ელემენტების შეტანას, რაც ონლაინ სწავლების საშუალებით არის შესაძლებელი. სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში ნიდერლანდებში მცხოვრები აფხაზეთიდან ლტოლვილები თხოულობენ საკითხის გარკვევას თანადაფინანსებით სახელნწიფოს მხრიდან ბინების შეძენაში დახმარების შესაძლებლობის შესახებ. ზურაბ ჯგუბურიამ ასევე ისაუბრა სხვა საკითხებზე, რაც იქ მყოფ ჩვენს თანამემამულეებს აწუხებთ და ბოლოს, მან აღნიშნა, რომ ეს ახალგაზრდები არ უნდა დაკარგოს საქართველომ, რისთვისაც ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ.

ნიდერლანდების სამეფოში მივლინების შესახებ მოხსენებაში აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ, თავმჯდომარის მოადგილემ რუდიკ ცატავამ, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ მგალობლიშვილმა. მათ დადებითად შეაფასეს ეს ვიზიტი და შეთანხმდნენ უცხოეთში მცხოვრები აფხაზეთიდან ლტოლვილების სასწავლო საკითხებთან დაკავშირებით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჩართვის აუცილებლობის შესახებ, რადგან ამ უნივერსიტეტს სწავლების პოპულარიზაციის საქმეში შესანიშნავი გამოცდილება აქვს.

სხდომის დასასრულს, უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 58-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, რიგგარეშე სესია დახურულად გამოცხადდა, შესრულდა საქართველოს ჰიმნი.

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.
























































































































































 








































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions