საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ საქართველოს კანონი

 

 

 

თავი I

 

ზოგადი დებულებები

 

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

 

საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის (შემდგომ – დევნილი) პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად.

 

 

მუხლი 2. კანონის რეგულირების სფერო

 

ეს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.

 

 

მუხლი 3. კანონის მიზანი

 

ამ კანონის მიზანია ისეთი სამართლებრივი მექანიზმების შექმნა, რომლებიც:

 

ა) უზრუნველყოფს დევნილის უფლებების დაცვას დევნილობის პერიოდში;

 

ბ) ხელს უწყობს დევნილის ინტეგრაციას მისი რეგისტრაციის ადგილზე;

 

გ) ხელს უწყობს დევნილის პრობლემების გადაჭრას.

 

 

მუხლი 4. ტერმინთა განმარტება

 

ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

 

ა) დევნილის სტატუსის მაძიებელი – პირი, რომელმაც დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო);

 

ბ) დევნილის მოწმობა – სამინისტროს ან მის სისტემაში შემავალი ტერიტორიული ორგანოს (შემდგომ – ტერიტორიული ორგანო) მიერ დევნილზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებას. თუ დევნილის რეგისტრაციის ადგილი და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი ერთმანეთს ემთხვევა, დევნილის მოწმობა ასევე არის საცხოვრებელი ფართობის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შემთხვევისა;

 

გ) დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი – დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო;

 

დ) დევნილის რეგისტრაციის ადგილი – სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა;

 

ე) დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი – დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს;

 

ვ) დევნილის შემწეობა − დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყოველთვიური გასაცემელი;

 

ზ) სოციალური დახმარება – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნებისმიერი სახის მატერიალური თუ არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელიც მიმართულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული დევნილის/დევნილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ;

 

თ) დევნილთა რეგისტრაცია – სამინისტროს მიერ წინასწარ გამოცხადებულ ვადაში დევნილთა აღრიცხვა-რეგისტრაცია და, საჭიროების შემთხვევაში, დევნილის მოწმობის გაცემა;

 

ი) დევნილთა ანკეტირება – სამინისტროს მიერ დევნილთა პერსონალური (საიდენტიფიკაციო) მონაცემების აღრიცხვის პროცედურა;

 

კ) მონაცემთა ბაზა – დევნილების მონაცემთა ბაზა, რომლის ადმინისტრირებასაც ახორციელებს სამინისტრო ამ კანონის შესაბამისად;

 

ლ) დევნილი ოჯახი –  განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად  მცხოვრებ, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი);

 

მ) შინასამეურნეო საქმიანობა (საერთო საოჯახო მეურნეობა) – ოჯახის კეთილდღეობის უზრუნველყოფისაკენ მიმართული საქმიანობა, რომელიც ითვალისწინებს საცხოვრებელი ადგილის ერთობლივ გამოყენებას, მოვლა-პატრონობას, ოჯახისათვის საჭირო საარსებო საშუალებათა მოპოვებას და ამ საშუალებების (შემოსავლები და ხარჯები) ოჯახის საკეთილდღეოდ განკარგვა-განაწილებას;

 

ნ) სათანადო საცხოვრებელი – დევნილისათვის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული საცხოვრებელი, სადაც უზრუნველყოფილია ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი პირობები, მათ შორის, უსაფრთხოებისა და სანიტარიული თვალსაზრისით დამაკმაყოფილებელი პირობები და ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობა;

 

ო) დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა (შემდგომ – გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა) – დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა;

 

პ) მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული საცხოვრებელი ფართობი – საცხოვრებელი ფართობი, სადაც დევნილი/დევნილი ოჯახი მესაკუთრის თანხმობის საფუძველზე, მონაცემთა ბაზის მიხედვით რეგისტრირებულია ან რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს;

 

ჟ) ოკუპირებული ტერიტორიები − „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ტერიტორიები.

 

 

მუხლი 5. მოსახლეობის დაცვა იძულებითი გადაადგილებისაგან

 

1. საქართველოში მცხოვრები ყველა ადამიანი დაცული უნდა იყოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილიდან იძულებითი გადაადგილებისაგან.

 

2. სახელმწიფო ვალდებულია:

 

ა) მიიღოს ყველა შესაბამისი ზომა ისეთი ვითარების თავიდან ასაცილებლად, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს პირთა იძულებითი გადაადგილება;

 

ბ) უზრუნველყოს იძულებითი გადაადგილებისას დაზარალებულთა სიცოცხლის, ღირსების, უსაფრთხოებისა და თავისუფლების უფლების დაცვა, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც იძულებითი გადაადგილება განპირობებულია გარდაუვალი აუცილებლობით;

 

გ) მინიმუმამდე შეამციროს გარდაუვალი აუცილებლობით განპირობებული იძულებითი გადაადგილება და ამით გამოწვეული ზიანი;

 

დ) უზრუნველყოს, რომ იძულებითი გადაადგილება არ გაგრძელდეს იმაზე მეტ ხანს, ვიდრე ამას მოცემული ვითარება მოითხოვს.

 

 

თავი II

 

დევნილის ცნება. დევნილთა დისკრიმინაციის დაუშვებლობა

 

 

მუხლი 6. დევნილის ცნება

 

1. იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

 

2. საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე  მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანი პირი უფლებამოსილია მიიღოს დევნილის სტატუსი, თუ ერთ-ერთ ან ორივე მშობელს მინიჭებული აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი, მხოლოდ მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე.

 

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად არასრულწლოვანი პირისათვის დევნილის სტატუსის არმინიჭების შემთხვევაში მას დევნილის სტატუსი მიენიჭება სრულწლოვანების მიღწევისას პირადი განცხადების საფუძველზე.

 

 

მუხლი 7. დევნილთა დისკრიმინაციის დაუშვებლობა

 

დაუშვებელია დევნილთა ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია მათ მიერ საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელებისას, იმ მიზეზით, რომ ისინი არიან იძულებით გადაადგილებული პირები, ასევე რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის გამო.

 

 

თავი III

 

პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის,

 

ჩამორთმევისა და აღდგენის წესი

 

 

მუხლი 8. პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების წესი

 

1. პირი, რომელიც ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს.

 

2. დევნილის სტატუსის მაძიებლისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების ან დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო განცხადების მიღებიდან ერთი თვის  ვადაში.

 

3. პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებისთანავე ივსება ანკეტა და გაიცემა დევნილის მოწმობა. დევნილის მოწმობისა და ანკეტის ფორმებს ადგენს სამინისტრო.

 

4. დევნილის მოწმობა ძალაშია პირადობის დამადასტურებელ საბუთთან ერთად.

 

5. სამინისტროს უარი პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში უარის მიღებიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

6. ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო მოსახლეობის მასობრივი და ექსტრემალური გადაადგილებისას დევნილის სტატუსის მინიჭება ხდება დაუყოვნებლივ (Prima Facie), საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

7. პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებისა და დევნილთა რეგისტრაციის პროცედურები განისაზღვრება ამ კანონის შესაბამისად სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

 

 

მუხლი 9. დევნილის საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ აღრიცხვა

 

1. თუ პირმა ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო იძულებით დატოვა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და  გავიდა საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ, იგი ვალდებულია საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის მოთხოვნით მიმართოს საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას/საკონსულო დაწესებულებას ან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გასვლიდან არაუგვიანეს ორი წლისა.

 

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დახმარებით ყოველი თვის ბოლოს აწვდის სამინისტროს იმ პირთა შესახებ მონაცემებს, რომლებიც საკონსულო აღრიცხვაზე დგანან.

 

 

მუხლი 10. პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლები

 

1. პირს დევნილის სტატუსი შეუწყდება, თუ:

 

ა) მას პირადი განცხადების საფუძველზე მოეხსნა დევნილის სტატუსი;

 

ბ) მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე აღმოიფხვრა ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზი;

 

გ) მას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა;

 

დ) მან, როგორც საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირმა, მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა;

 

ე) სასამართლომ იგი აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად;

 

ვ) ამ კანონის საფუძველზე სამინისტროს მიერ წინასწარ გამოცხადებულ ვადაში მან არ გაიარა დევნილთა რეგისტრაცია;

 

ზ) იგი გარდაიცვალა.

 

2. პირს დევნილის სტატუსი აღუდგება, თუ:

 

ა) სასამართლომ გააუქმა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება;

 

ბ) მას დევნილის სტატუსი შეწყვეტილი ჰქონდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის ან „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად მიენიჭა/აღუდგა საქართველოს მოქალაქეობა;

 

გ) მას დევნილის სტატუსი შეწყვეტილი ჰქონდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე და პირადი განცხადებით კვლავ მოითხოვა დევნილის სტატუსის მინიჭება;

 

დ) მას დევნილის სტატუსი შეწყვეტილი ჰქონდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და პირადი განცხადებით მოითხოვა დევნილის სტატუსის აღდგენა.

 

3. პირს დევნილის სტატუსი ჩამოერთმევა, თუ მან ეს სტატუსი ყალბი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე მიიღო.

 

4. პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საკითხებს წყვეტს სამინისტრო.

 

5. პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის თაობაზე დავებს წყვეტს სასამართლო.

 

 

მუხლი 11. დევნილის შემწეობის შეჩერების, შეწყვეტისა და აღდგენის საფუძვლები

 

1. დევნილის შემწეობა შეჩერდება ამ პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის წარმოშობიდან მომდევნო თვის პირველ რიცხვში, თუ:

 

ა) დასადგენია პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებისთვის წარდგენილი საბუთების სისწორე;

 

ბ) არ არის წარდგენილი დევნილის პირადი ნომერი;

 

გ) ვერ ხერხდება არასრულწლოვანი დევნილის კანონიერი წარმომადგენლის დადგენა.

 

2. დევნილის შემწეობა შეწყდება ამ პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის წარმოშობიდან მომდევნო თვის პირველ რიცხვში, თუ:

 

ა) პირს შეუწყდა დევნილის სტატუსი;

 

ბ) დევნილმა შემწეობის მიღებაზე პირადი განცხადებით თქვა უარი;

 

გ) დევნილი ორ თვეზე მეტი ხნით გავიდა საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გასვლა დაკავშირებულია სამსახურებრივ მივლინებასთან, სწავლასთან ან სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობასთან (რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით) და ეს დევნილმა წინასწარ აცნობა სამინისტროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

დ) დევნილმა პირადი განცხადებით განაცხადა თანხმობა სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახებისათვის განკუთვნილი სოციალური დახმარების მიღებაზე;

 

ე) დევნილის დასაბეგრი შემოსავალი თვეში შეადგენს 1250 ლარს ან მეტს, რაც დასტურდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს შესაბამისი მონაცემებით.

 

3. დევნილის შემწეობა აღდგება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შესაბამისი გარემოების აღმოფხვრის შემთხვევაში, მის მიერ პირადი განცხადებისა და საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე, ასევე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

 

4. დევნილის შემწეობის გაცემა განახლდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგომის შემდეგ. ამასთანავე:

 

ა) ამავე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში დევნილის შემწეობის გაცემა განახლდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და მიუღებელი თანხა ანაზღაურდება, მაგრამ დევნილის შემწეობის შეჩერების დღიდან არაუმეტეს ერთი წლისა;

 

ბ) ამავე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში დევნილის შემწეობა არ ანაზღაურდება დევნილის შემწეობის შეწყვეტის მთელი პერიოდის განმავლობაში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

5. დევნილის შემწეობის გაცემას უზრუნველყოფს კომპეტენტური ორგანო სამინისტროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

 

 

თავი IV

 

დევნილის უფლებების დაცვა იძულებითი გადაადგილებისას

 

 

მუხლი 12. დევნილის უფლებები და მოვალეობები

 

1. დევნილს უფლება აქვს:

 

ა) მიიღოს დევნილის შემწეობა 45 ლარის ოდენობით;

 

ბ) მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით;

 

გ) ისარგებლოს სათანადო საცხოვრებლით საქართველოს ფარგლებში, მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გრძელვადიანი საცხოვრებლით არის უზრუნველყოფილი.

 

2. დევნილი ვალდებულია:

 

ა) საცხოვრებელი ადგილის შეცვლის დღიდან ერთი თვის განმავლობაში აცნობოს სამინისტროს საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ;

 

ბ) გაიაროს დევნილთა რეგისტრაცია სამინისტროს მიერ წინასწარ გამოცხადებულ ვადაში;

 

გ) ორ თვეზე მეტი ხნით საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ გასვლის შემთხვევაში წინასწარ აცნობოს სამინისტროს ამის შესახებ.

 

 

მუხლი 13. ოჯახის ერთიანობის პატივისცემისა და სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლებები

 

1. ყველა დევნილს აქვს ოჯახის ერთიანობის პატივისცემის უფლება. დაუშვებელია ოჯახის ხელოვნურად დაყოფა ან ოჯახების გაერთიანება მისი (მათი) წევრების ნების საწინააღმდეგოდ.

 

2. იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად  უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისას სამინისტრო არეგისტრირებს დევნილს განსახლების ადგილზე.

 

3. სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.

 

4. თუ დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით, სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე.

 

 

მუხლი 14. დევნილის საცხოვრებელ ფართობთან დაკავშირებული უფლებების დაცვა

 

1. საცხოვრებელ ფართობთან/საბინაო საკითხებთან დაკავშირებული დავები წყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

2. ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის აღმოფხვრამდე ან დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფამდე დევნილს არ ასახლებენ მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართობიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც:

 

ა) დევნილთან ფორმდება წერილობითი შეთანხმება მის მიერ დაკავებული ფართობის სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფის თაობაზე;

 

ბ) დევნილს გამოეყოფა შესაბამისი საცხოვრებელი ფართობი, რომლითაც არ გაუარესდება მისი საყოფაცხოვრებო პირობები;

 

გ) ხდება სტიქიური ან სხვა მოვლენა, რომელიც ითვალისწინებს კომპენსაციას და რეგულირდება საერთო წესით.

 

3. დევნილის/დევნილი ოჯახის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართობი, ამ კანონის მე-4 მუხლის „პ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულის გარდა, არის ის საცხოვრებელი ფართობი, სადაც ამ კანონის ამოქმედებამდე დევნილი განასახლა სახელმწიფომ, რომელიც მონაცემთა ბაზაში აღრიცხული იყო, როგორც  დევნილთა კომპაქტურად (ორგანიზებულად) განსახლების ობიექტი, რომელშიც სამინისტრო ყოველწლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად  ანაზღაურებდა ადმინისტრაციის, საყოფაცხოვრებო და კომუნალური (მათ შორის, მოხმარებული ელექტროენერგიის) მომსახურების ხარჯებს და რომელიც სახელმწიფო ან კერძო საკუთრება იყო.

 

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მესაკუთრე უფლებამოსილია მიმართოს სამინისტროს და შესაბამის ორგანოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში რეგისტრირებული ან/და ფაქტობრივად მცხოვრები დევნილის გამოსახლების თაობაზე.

 

5. თუ მესაკუთრე ისარგებლებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული უფლებით, იგი ვალდებულია გაითვალისწინოს ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები.

 

6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში დევნილის ქვეყნის სხვა ნაწილში განსახლებისას მისი ღირსების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების დასაცავად სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს, რომ:

 

ა) დევნილი/დევნილი ოჯახი სრულად იყოს ინფორმირებული გადაადგილებისა და განსახლების მიზეზებსა და პროცედურებზე, ასევე ჰქონდეს ინფორმაცია შესაბამისი შეთავაზებების შესახებ, რათა მიეცეს თავისუფალი და ნებაყოფლობითი არჩევანის საშუალება;

 

ბ) ყოველი დევნილი უზრუნველყოფილი იყოს სათანადო საცხოვრებლით;

 

გ) დევნილის განსახლება განხორციელდეს უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და სანიტარიული თვალსაზრისით დამაკმაყოფილებელ პირობებში და დაცული იყოს დევნილის ოჯახის ერთიანობის პატივისცემის უფლება.

 

7. ამ მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტების მოთხოვნები არ ვრცელდება იმ დევნილზე/დევნილ ოჯახზე, რომელიც არ იქნა განსახლებული სახელმწიფოს მიერ და რომელმაც საკუთარი ძალებითა თუ საშუალებებით იპოვა საცხოვრებელი (რეგისტრირებულია ან/და ცხოვრობს ნაქირავებ, ნათხოვარ ან საკუთარ სახლში ან მასპინძელ ოჯახთან ერთად და სხვა), რომელშიც სამინისტრო სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ყოველწლიურად არ ანაზღაურებდა ადმინისტრაციის, საყოფაცხოვრებო და კომუნალური (მათ შორის, მოხმარებული ელექტროენერგიის) მომსახურების ხარჯებს.

 

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული დევნილის/დევნილი ოჯახის გამოსახლება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრემ სამინისტროს მიმართა განცხადებით მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ფართობზე რეგისტრირებული დევნილის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე. ამ შემთხვევაში დევნილს/დევნილ ოჯახს ასახლებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

9. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში სამინისტრო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადაში იძლევა თანხმობას დევნილის მიმართ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის ღონისძიებების განხორციელებაზე.

 

 

მუხლი 15. საკუთრების უფლების დაცვა დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე

 

1. სახელმწიფო აღიარებს დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დატოვებული უძრავი ქონების რესტიტუციის უფლებას, რომელიც მემკვიდრეობით გადადის.

 

2. სახელმწიფომ უნდა მიიღოს ყველა შესაძლო ზომა, რათა დევნილის საკუთრებაში ან/და მფლობელობაში არსებული უძრავი ქონება, რომლის დატოვებაც მას მოუხდა ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო, დაცული იქნეს ძარცვის, განადგურების, თვითნებური და სხვაგვარი უკანონო გამოყენებისა და მითვისებისაგან.

 

3. ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის აღმოფხვრის შემდეგ, როდესაც დევნილი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნდება, სახელმწიფომ უნდა მიიღოს ყველა შესაძლო ზომა, რათა დევნილის საკუთრებაში ან/და მფლობელობაში არსებული უძრავი ქონება, რომლის დატოვებაც მას მოუხდა, კანონიერ მესაკუთრესა და მფლობელს დაუბრუნდეს.

 

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლება ნარჩუნდება დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შემთხვევაშიც.

 

 

მუხლი 16. დევნილის სოციალური დაცვა

 

1. სამინისტრო და სხვა სახელმწიფო დაწესებულებები საქართველოს კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში ეხმარებიან დევნილს მისი უფლებების განხორციელებაში, კერძოდ:

 

ა) ეხმარებიან დევნილს დასაქმებაში, მისი პროფესიისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით;

 

ბ) გასცემენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ დევნილის შემწეობასა და სხვა დახმარებებს;

 

გ) უზრუნველყოფენ დევნილის მიერ განათლების კონსტიტუციური უფლების განხორციელებას და ზოგადი განათლების დაფინანსებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

დ) წყვეტენ დევნილის საპენსიო უზრუნველყოფის საკითხებს;

 

ე) ეხმარებიან დევნილს სოციალური და საყოფაცხოვრებო საკითხების გადაწყვეტაში;

 

ვ) მონაწილეობენ ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის შედეგად გარდაცვლილთა და დაღუპულთა სამარხებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების ღონისძიებებში;

 

ზ) ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის აღმოფხვრის შემდეგ ეხმარებიან დევნილს მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებაში;

 

თ) უზრუნველყოფენ დევნილს საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში იძულებითი გადაადგილებისას აუცილებელი პირველადი დახმარებით;

 

ი) დევნილის გარდაცვალებისას ანაზღაურებენ მისი დაკრძალვის ხარჯებს დადგენილი წესით, შესაძლებლობის ფარგლებში.

 

2. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული დევნილის/დევნილი ოჯახის სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის ხარჯები დადგენილი წესით იფარება სახელმწიფო პროგრამებით ან დაზღვევით.

 

3. ყველა დევნილს, თუ მისი შრომითი საქმიანობის შეწყვეტა დაკავშირებულია დევნილობასთან, დევნილობის პერიოდში უნარჩუნდება შრომის უწყვეტი სტაჟი, მიუხედავად იმისა, მუშაობს თუ არა იგი.

 

4. სამინისტრო კოორდინაციას უწევს საქართველოს სხვა სამინისტროებისა და უწყებების საქმიანობას დევნილთა უფლებების განხორციელების სფეროში.

 

 

თავი V

 

დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებამდე მისი ქვეყნის სხვა ნაწილში განსახლებისა და ინტეგრაციის და დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების შემდეგ მისი რეინტეგრაციის სახელმწიფო გარანტიები

 

 

მუხლი 17. დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებამდე მისი ქვეყნის სხვა ნაწილში განსახლებისა და ინტეგრაციის სახელმწიფო გარანტიები

 

სამინისტრო და სხვა სახელმწიფო დაწესებულებები საქართველოს კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ:

 

ა) შესაბამისი პირობების შექმნას დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებამდე მისი ქვეყნის სხვა ნაწილში ნებაყოფლობით, ღირსეულად და უსაფრთხოდ განსახლებისა და ცხოვრების დაწყების პროცესის განხორციელებისათვის;

 

ბ) შესაბამისი მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც უზრუნველყოფს დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებამდე ქვეყნის სხვა ნაწილში განსახლების შემთხვევაში მის ინტეგრაციას, რათა შეიქმნას დევნილის უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობები, დევნილებმა შეუზღუდავად და თანაბრად მიიღონ მონაწილეობა სოციალურ-ეკონომიკურ ურთიერთობებში და ისარგებლონ სოციალური მომსახურებით;

 

გ) დევნილის ჩართულობას ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებაში.

 

მუხლი 18. დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების შემდეგ მისი რეინტეგრაციის სახელმწიფო გარანტიები

 

1. სახელმწიფო უზრუნველყოფს შესაბამისი მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც ხელს შეუწყობს მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებული დევნილის რეინტეგრაციას.

 

2. თუ დევნილი ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის აღმოფხვრის შემდეგ დაბრუნდება მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე, სამინისტრო და სხვა სახელმწიფო დაწესებულებები საქართველოს კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში:

 

ა) უზრუნველყოფენ დევნილისათვის საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას;

 

ბ) იღებენ ზომებს, რათა დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე შეიქმნას მისი უსაფრთხო ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივი პირობები;

 

გ) ახორციელებენ ყველა საჭირო ღონისძიებას, რათა დევნილს ან მის კანონიერ მემკვიდრეს დაუბრუნდეს პირადი საკუთრება, მათ შორის, საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი საკუთრების დაბრუნების მომენტისთვის არსებული სახით, ამასთანავე, შესაძლებლობის ფარგლებში აღადგენენ დანგრეულ შენობას და უზრუნველყოფენ პირისათვის მის დაბრუნებას;

 

დ) კოორდინაციას უწევენ მიყენებული ზარალის კომპენსირების პროცესის განხორციელებას მისი ზღვრული ოდენობის განსაზღვრის შემდეგ.

 

3. მიყენებული ზარალის ოდენობის განსაზღვრისა და უძრავი ქონების კომპენსაციის გაცემის წესს ადგენენ საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანოები.

 

4. დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების პროცესში მისი დაბრუნების, დასახლებისა და რეინტეგრაციის ღონისძიებების განხორციელებას კოორდინაციას უწევს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების გარანტიების უზრუნველყოფით.

 

5. სახელმწიფო განსაკუთრებულ ძალისხმევას მიმართავს დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების, დასახლებისა და რეინტეგრაციის დაგეგმვისა და მართვის პროცესში მისი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად.

 

 

თავი VI

 

დევნილის უფლებების განხორციელების გარანტიები

 

 

მუხლი 19. დევნილის დახმარების ორგანიზება

 

1. დევნილის განსახლების, რეგისტრაციის, სოციალური და სხვა საკითხების გადაწყვეტას ორგანიზებას უწევს სამინისტრო სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან ერთად, საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში.

 

2. ამ კანონით სამინისტროს კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით მინისტრი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცეს შესაბამისი სამართლებრივი აქტები.

 

 

მუხლი 20. დევნილის უფლებების დაცვის გარანტია

 

1. დევნილის უფლებებს იცავენ სამინისტრო, სხვა სახელმწიფო დაწესებულებები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.

 

2. თანამდებობის პირის არამართლზომიერი მოქმედება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ თანამდებობის პირთან ან ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ან/და სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

მუხლი 21. დევნილის დახმარების ფინანსური წყაროები

 

1. დევნილისთვის ამ კანონის შესაბამისად გასაწევი ხარჯები ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

 

2. დევნილის დამატებითი დაფინანსების წყაროებია ფიზიკურ და იურიდიულ პირთა შემოწირულებები, სხვა სახელმწიფოთა და საერთაშორისო ორგანიზაციათა მიერ გაწეული ფინანსური დახმარებები.

 

 

მუხლი 22. პასუხისმგებლობა კანონის დარღვევისათვის

 

ამ კანონის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

თავი VII

 

გარდამავალი დებულებები

 

მუხლი 23. დევნილის მიერ პირადი ნომრის წარდგენის ვალდებულება

 

იმ დევნილმა, რომელსაც სამინისტროში არ აქვს წარდგენილი პირადი ნომერი, ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში უნდა წარადგინოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტი, რომელშიც მითითებულია საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის სახელი, გვარი და პირადი ნომერი.

 

 

მუხლი 24. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებანი

 

1. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

 

2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში შეიმუშაოს და დაამტკიცოს:

 

ა) პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესი;

 

ბ) დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი.

 

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული კანონქვემდებარე აქტების მიღებამდე (გამოცემამდე) იურიდიულ ძალას ინარჩუნებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 28 ივნისის კანონის საფუძველზე მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტები.

 

 

თავი VIII

 

დასკვნითი დებულებები

 

 

მუხლი 25. ძალადაკარგული ნორმატიული აქტი

 

ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 28 ივნისის კანონი (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ. 39).

 

 

 

მუხლი 26. კანონის ამოქმედება

 

ეს კანონი ამოქმედდეს 2014 წლის 1 მარტიდან.

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                  გიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

 

6 თებერვალი 2014 წ.

 

N1982-IIს

 

 

 

 

Print
Biography
Calendar
«« December 2024 »»
Mon Tue Wed Thu Fri Sat Sun
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
Photo Gallery
ვიდეო
You must have Flash Player installed in order to see this player.
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions