აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში მორიგი პლენარული სხდომა გაიმართა


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ სესიის  დღის წესრიგის საკითხების დამტკიცების შემდეგ, გაიმართა უმაღლესი საბჭოს მორიგი პლენარული სხდომა, რომელსაც უძღვებოდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.

დეპუტატებმა კენჭის ყრით მხარი დაუჭირეს დღის წესრიგით გათვალისწინებულ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობის შესახებ კანონში ცვლილებას. შემოღებულ იქნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა. შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის 112-ე მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

 

„აფხაზეთის მთავრობა შედგება მთავრობის თავმჯდომარის, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის, აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების ხელმძღვანელებისაგან, მათ შორის, აფხაზეთის მინისტრებისაგან“.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონის მე-7 მუხლს დაემატა მე-8 პუნქტი, რომლის მიხედვით  „აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილებები განისაზღვრება აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მიერ“.

სესიამ დღის წესრიგის მესამე საკითხად განიხილა ბატონ ვახტანგ ყოლბაიასთვის აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის უფლებამოსილების აღდგენის საკითხი, რომელიც მას 2013 წლიდან ჰქონდა შეჩერებული  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნის გამო.  დებატების შემდეგ დეპუტატთა სრულმა შემადგენლობამ ერთსულოვნად  დაუჭირა მხარი მისთვის დეპუტატის უფლებამოსილების აღდგენას.

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions