ჯემალ გამახარია: - „მისასალმებელია კონფერენციის მონაწილე რელიგიების წარმომადგენლების ერთსულოვნება ოკუპირებული ტერიტორიების საკითხთან მიმართებაში“

24 ოქტომბერს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია მიწვეული იყო სასტუმრო „ბილტმორში“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გამართულ  მეოთხე კონფერენციაზე - „ინტერრელიგიური დიალოგი მშვიდობისათვის“ თემაზე - „რელიგიები საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე“. კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების, საქართველოს პარლამენტის და მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის, აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ, სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კიმიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ, საქართველოს პარლამენტის განათლების,  მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა.

აღნიშნულ თემაზე ისაუბრეს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის, თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიის, საართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის წარმომადგენლებმა.

კონფერენციის მონაწილე რელიგიური ორგანიზაციების ლიდერებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომლის მე-3 და მე-4 პუნქტებში ცალსახად არის დაგმობილი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამოვლენილი ადამიანის უფლებათა დარღვევები.

3. „ვგმობთ, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მშვიდობიანი მოსახლეობის გატაცებასა და სიცოცხლის მოსპობას; საკულტო ნაგებობების ეთნიკურ-ისტორიული კვალის წაშლის მიზნით უხეში გადაკეთების, დახურვის ან განადგურების ყველა ფაქტს“;


4. „ვემიჯნებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების შეზღუდვის გამოვლინებებს და მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესს“.


ამასთან დაკავშირებით უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ განაცხადა:


„საქართველო ოდითგანვე იყო და რჩება ტოლერანტულ ქვეყნად, სადაც ნებისმიერი აღმსარებლობის ადამიანი თავს გრძნობს თავისუფლად. კონფერენცია, რომელიც დღეს ჩატარდა, ძალიან მნიშვნელოვანია მრავალი თვალსაზრისით. განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა კონფერენციის მონაწილე რელიგიების წარმომადგენლების ერთსულოვნებას ოკუპირებული ტერიტორიების საკითხთან მიმართებაში. წარმოდგენილ მოხსენებაში, ასევე დეკლარაციაში დაგმობილია ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტები, მათ შორის საეკლესიო ნაგებობების იერსახის შეცვლა-გადაკეთება ან განადგურება, მშობლიურ ენაზე ღვთისმსახურების აკრძალვა და ა.შ. დარწმუნებული ვარ, კონფერენციის გადაწყვეტილებებს ექნება საერთაშორისო რეზონანსი“.

 

Print