გენო კალანდიას გახსენება

სამი წელი გავიდა ცნობილი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის გენო კალანდიას გარდაცვალებიდან.

 

მისი გარდაცვალება მძიმე და მტკივნეული აღმოჩნდა ყველასთვის; მას იგონებდნენ როგორც ღირსეულ მამულიშვილს, ეროვნული მოძრაობისა და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის აქტიურ მებრძოლს, გამოჩენილ ქართველ პოეტს;

გენო კალანდია იყო საქართველოს მწერალთა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აფხაზეთის ლიტერატურისა და ხელოვნების შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე, შოთა რუსთაველის, საქართველოს სახელმწიფო, ილია ჭავჭავაძისა და გიორგი შარვაშიძის პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს პარლამენტის სამი მოწვევის დეპუტატი(1992 –2004წწ), აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი, საქართველოს პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიის, აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი.

მისი გარდაცვალების გამო იმ დღეებში არაერთი სამძიმრის ტექსტი გამოქვეყნდა, მაგრამ ყველგან ხაზგასმულად იყო აღნიშნული, რომ გენო კალანდიას ცხოვრება და მოღვაწეობა იყო თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ როგორი თავდადებით უნდა ემსახურო საკუთარ ხალხს და სამშობლოს. ის, როგორც ჭეშმარიტი შემოქმედი და პოეტი, ყოველთვის იმყოფებოდა ბრძოლის წინა ხაზზე. მისი ომახიანი ხმა აფხაზეთის ომის დღეებში, ჭუბერის გოლგოთის გზაზე ამოქმედებული სახელმწიფო კომისიის შემადგენლობაში, საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან თუ მისი პოეტური კრებულებიდან, ყველგან და ყოველთვის ჟღერდა, როგორც გამამხნევებელი და იმედის მომცემი, უკეთესი მომავლის რწმენისა და სულის სიმტკიცის შენარჩუნებისაკენ მოწოდების ზარი.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მთელი შემადგენლობა,  გენო კალანდიას უახლოესი მეგობრები, ოჯახის წევრები მისი გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგაც კვლავ გაუნელებელი გულისტკივილით მიაგებენ პატივს ადამიანს, რომელიც სამშობლოს სიყვარულით, აფხაზეთში დაბრუნების იმედით ყოველთვის მოვლენების შუაგულში ტრიალებდა და ერთი წუთითაც არ კარგავდა იმედს, რომ მოესწრებოდა საკუთარ სახლში, სოხუმში ამაყად დაბრუნების საოცნებო ჟამს... ჟამს, რომელსაც, სამწუხაროდ გენო კალანდია ვერ მოესწრო, მაგრამ მას თან გაჰყვა რწმენა იმისა, რომ თუ არა ის, მისი მონაგარი აუცილებლად შეძლებს მშობლიურ მხარეში ღირსეულად დაბრუნებას!

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions