5 სექტემბერს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიის სხდომა ჩატარდა. 

სხდომას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა. 

დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო ოთხი საკითხი: “ქ.ზუგდიდში და წალენჯიხის რაიონში მივლინების შედეგების შესახებ”, „ქ.ფოთში მივლინების შედეგების შესახებ“, განცხადებები და  „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიის დახურვის შესახებ“. 

პირველ საკითხთან დაკავშირებით, კოლეგების წინაშე მოხსენებით   იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია წარსდგა. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა დევნილთა კომპაქტური განსახლების საცხოვრებლებში მყოფი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, მიმდინარე წლის 29 აგვისტოს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მორიგი ჰუმანიტარული აქცია განხორციელდა.სასურსათო პროდუქტები აფხაზეთიდან 350 დევნილ ოჯახს გადაეცა, რომლებიც ქ. ზუგდიდში, ასევე ჯვარისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების კომპაქტურ ჩასახლებებში არიან განთავსებული. 

ასევე 30 აგვისტოს, ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში, აფხაზეთიდან დევნილი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეების, მათი პედაგოგებისა და სკოლების აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმატებულის, მადლობისა და საპატიო სიგელებით დაჯილდოების ცერემონია შედგა.   

საპატიო სიგელი გადაეცა აფხაზეთის მე-12 საჯარო სკოლის დირექტორს ქალბატონ ნატო ბენდელიანს, ხოლო რუხისა და ახალაბასთუმნის საჯარო სკოლების აფხაზეთიდან დევნილ 11 მოსწავლეს გადაეცათ უმაღლესი საბჭოს წარმატებულის სიგელები. 

ზემოაღნიშნულ შეხვედრას ასევე  ესწრებოდნენ მოსწავლეები ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომლებიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე საგანმანათლებლო პროექტში - „სინქრონული და ასინქრონული დისტანციური სწავლებები ოკუპირებულ აფხაზეთში“ 2024/2025 სასწავლო წლის განმავლობაში გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული აქტიურობით. 18 მოსწავლეს გადაეცა სასკოლო ჩანთები და სხვა სასკოლო ინვენტარი. 

საკითხთან დაკავშირებით მოსაზრება გამოთქვა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ ხუბუამ. მან ხაზი გაუსვა უმაღლესი საბჭოს აღნიშნული ჰუმანიტარული აქციის დღითი-დღე მზარდ არეალს აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეების კომპაქტურად და ინდივიდუალურად განსახლების რეგიონებში, რაც ამ სოციალური ჯგუფის წარმოამდგენლების მოწონებას იმსახურებს. დეპუტატმა დააყენა საკითხი კომპაქტურად ჩასახლების ამხანაგობებისა და აფხაზეთის მთავრობის დევნილთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურების პასუხისმგებლობის როლის კიდევ უფრო ამაღლების აუცილებლობაზე, რაც ხელს შეუწყობს სასურსათო პაკეტების ჭეშმარიტ ადრესატებამდე ოპერატიულად და დათქმულ ვადებში მიწოდებას და ამ პროცესში, არც თუ იშვიათად, გაუგებარი სტატუსის მატარებელი „შუამავლების“ ჩართულობის კატეგორიულად აღმოფხვრას. 

განცხადებების მოსმენის შემდეგ, უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 58-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, რიგგარეშე სესია დახურულად გამოცხადდა, შესრულდა საქართველოს ჰიმნი. 

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

 

 

 

გალერეა

სხვა სიახლეები