უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და სესიის რიგგარეშე სხდომები გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომის შემდეგ, კომიტეტზე განხილულ საკითხს - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, პრეზიდიუმის წევრები სხდომაზე მიუბრუნდნენ.  მას შემდეგ, რაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ მურმან კვარაცხელიამ კოლეგებს მოახსენა, რომ საკითხზე, გრაფიკის შესაბამისად, განხილვა ყველა კომიტეტში გაიმართა და შესაძლებელი იყო მისი პლენარულ სხდომაზე გატანა, კენჭის ყრით,  მსჯელობა რიგგარეშე სესიის სხდომაზე გაგრძელდა.

 

როგორც პრეზიდიუმს, ასევე პლენარულ სხდომას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა. ორივე სხდომა ნაწილობრივ ონლაინ რეჟიმში გაიმართა.

 

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ მოხსენება აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, რაულ წულაიამ წარადგინა. მან განმარტა, რომ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტს დამატებით გამოეყო თანხა, რომელიც ძირითადად   აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის და სხვა მცირემხარჯავი დაწესებულებების ბიუჯეტებზე გადანაწილდა. ცვლილება ითვალისწინებს დევნილთა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების საჭიროებების შეძლებისდაგვარად დაკმაყოფილებას, როგორც სამედიცინო-სამკურნალო, ისე სარემონტო და კულტურული პროგრამების განსახორციელებლად.

 

სესიის დღის წესრიგის საკითხთან დაკავშირებით თანამომხსენებელმა, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ნოე ქაშიბაძემ მთავრობის წარმომადგენელს მიუთითა, რომ მხარჯავმა დაწესებულებამ, რომელიც ითხოვს საკუთარი ბიუჯეტის გაზრდას, ან პირიქით, შემცირებას, უნდა წარმოადგინოს არა ზოგადი ინფორმაცია, არამედ დეტალურად არგუმენტირებული დასაბუთება, როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში, რათა დამაჯერებელი და თვალსაჩინო იყოს, თუ რას ემსახურება მოთხოვნა.

 

დეპუტატებმა: მურმან კვარაცხელიამ, რუდიკ ცატავამ, თემურ მჟავიამ, თამაზ ხუბუამ, დავით გვაძაბიამ, ვახტანგ ყოლბაიამ, ნუგზარ მგალობლიშვილმა არა ერთი ყურადსაღები შეკითხვა, რეპლიკა და კრიტიკული მოსაზრება გამოთქვეს ბიუჯეტის ცვლილების მიზანშეწონილობასთან და რენტაბელობასთან დაკავშირებით. იქვე, ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ბიუჯეტის შესრულების მონიტორინგს კანონის ფარგლებში სკულპუროზულად მიადევნებენ თვალს, რათა სწორედ დევნილ მოსახლეობაზე აისახოს თითოეული ლარის დანახარჯი.


უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას განცხადებით, საჭიროა მთავრობასა და უმაღლეს საბჭოს შორის აქტიური თანამშრომლობა ბიუჯეტის დამტკიცებამდე - მისი მომზადების პროცესში, რაც აშკარად ერთ-ერთი ხელისშემწყობი პირობა იქნება რეალისტური  შედეგის მისაღწევად. ამასთან, მან მოიწონა ცვლილება ბიუჯეტში და  მთავრობის მცდელობა, თანმიმდევრულად და კანონის ფარგლებში იზრუნოს ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის გაზრდისათვის.

 

პლენარული სხდომის დასასრულს, დეპუტატებმა კენჭისყრით მხარი დაუჭირეს ბიუჯეტის წარმოდგენილ ცვლილებებს.

1


2
3
5
6
7
10
11
12

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions