ტკივილიანი 28 წელი. . . ფიქრები დედის ანდერძის კვალდაკვალ. ის მიცოცხლებდა აფხაზეთს


საღამოს გვიან დავბრუნდი სამსახურიოდან, მაშინვე დედას ოთახს მივაშურე. უკვე შვიდი თვეა საწოლიდან ვეღარ დგებოდა. როცა თვალებში სევდაჩამდგარს დამინახავდა, ღიმილით მეტყოდა: არ იდარდო, რვა ათეულს უკვე გადავაბიჯე, ეს კი საკმაოდ დიდი გზაა სიცოცხლისა. ვერ შეეგუა თბილისს, აქ იყო, მაგრამ ფიქრებით ისევ იქ სახლობდა, აფხაზეთის ულამაზეს სოფელ კოჩარას დასტრიალებდა, თავისი ხელებით ნაჯაფარ-ნაფერებ ოდაბადეს ეალერსებოდა.

იქ ჰქონდა ამოქარგული ყველა ბედნიერი დღე. ენგურს აქეთ გატარებული რვა წელი უძლური აღმოჩენილიყო დაპირისპირებოდა საკუთარი კერიის მადლს. იმ დიდ სახლში ფუსფუსი ენატრებოდა, თავის განსაკუთრებულ მისიას იქ ხედავდა. აქ კი სტუმრად გრძნობდა თავს, მერე რა რომ თავისი შვილის სახლი იყო. მისი მოგონებები მხოლოდ აფხაზეთით იყო გაჟღენთილი. სარკმელს ობოლი ჩიტივით მიეყუჟებოდა ხოლმე, თავის სიჩუმეში გაირინდებოდა და ფიქრის გორგალს გაჰყვებოდა დედა-დევნილი.

კარი შევაღე თუ არა, სახეზე თბილმა ღიმილმა გადაურბინა. საწოლთან ჩამოვუჯექი, ცრემლი გაუბრწყინდა თვალებში. მოვეფერე, დავამშვიდე, ვანუგეშე, რომ კარგად იქნებოდა. ,,სიკვდილის არ მეშინია,-და ხელზე მომეფერა. პირობა მომეცი, რომ იბრძოლებ აფხაზეთის დაბრუნებისთვის. იქიდან წამოსულებს არა გაქვთ უფლება, შეწყვიტოთ ფიქრი იმ ღვთიურ მიწაზე. ვიცი, რომ ჩვენი სახლ-კარი განადგურებულია. ერთი პატარა ქოხი ააშენე და კერა მაინც არ ჩააქრო. შენს შვილებს არ დაავიწყო, რომ მათი ფესვი აქ კი არა იქაა. როცა შვილიშვილები გეყოლება, აფხაზეთის მადლით გაზარდე. ჩემი ძვლები კი აქ არ დატოვო, მამაშენისა და შენი დის გვერდით მიმაბარე მიწას.“

მეორე დღეს დედამ აიმანძილა, მიაშურა მარადიული ნათლის ბილიკებს. თითქოს დაცარიელდა სახლი, მივხვდი, რომ ის მიცოცხლებდა აფხაზეთს, მის თვალებში იმ სილაჟვარდეს ვხედავდი, მხოლოდ ჩვენს მხარეს რომ ჰქონდა. დედის წასვლასთან ერთად ოთახიდან გაიკრიფა ჩემი ბავშვობის ყველა ტკბილი მოგონება, თითქოს მას გაჰყვნენ, მისი თბილი კალთა ვერ მიატოვეს. სახლში მოსვლაც მიძნელდებოდა უკვე, ობლობის სიცივე მიმზერდა ყველა კუთხიდან. ჩვენი დიდი ოდაბადის ხატებაც აღარსად იყო, თითქოს ჩარაზულიყო მისკენ მიმავალი ყველა ბილიკი. მივხვდი, რომ დედა მიპურებდა აფხაზეთის მონატრების შიმშილს, ახლა კი თითქოს ჰაერიც აღარ მყოფნიდა. გავიდა დღეები და ერთმა სიზმარმა დაიდო ჩემში ბინა. დავდივარ ჩემი ბავშვობის სახლში და დავეძებ დედას, ხმამაღლა ვუხმობ, ისევ ისეთი უდარდელი, მონატრებული ხმით, როგორიც ადრე მქონდა, მაგრამ ის არსადაა. ცრემლიანს მეღვიძება, სულს მიფორიაქებს ეს ჩვენება. ვგრძნობ, რომ ჩემი სახლი მეძახის, თითქოს საშველად მიხმობდეს, უკვე დანგრეული, კერამოშლილი, ცრემლმდინარი, ყრუდ მგმინავი...ახლა უკვე დიდი დიასახლისის გარეშე.

სანამ სოხუმს დავკარგავდით, ერთი წლით ადრე, ჩემი სოფელი კოჩარა დაიკავეს. ბევრი ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა ბრძოლებს. უამრავი ოჯახის კარი გამოიკეტა. საკუთარი სახლებიდან იძულებით აყრილი ადამიანები დევნილების როლში აღმოჩნდნენ. თბილისში ჩამოსვლისთანავე შევუდექი მასალების შეგროვებას, არ შემეძლო არ დამეწერა იმ  დღეების შესახებ. მძიმე და ტკივილიანი წიგნი გამომივიდა, ომის სურნელით გაჟღენთილი, სათაურიც რომ გაფორიაქებს: ,,კოჩარის სისხლიანი ქრონიკები“. გავიდა წლები და კვლავ მივუბრინდი აფხაზეთის თემას. ახლა უკვე სხვა თვალით შევხედე ორ ერს შორის ჩატეხილი ხიდის პრობლემას. ერთ დროს მეგობრულად, მეზობლურად, სიმშვიდით მცხოვრებნი ერთმანეთის წინააღმდეგ  ომში  ჩავებით. უცნაური კი ისაა, რომ ამ ომს გამარჯვებული არ დარჩა, ორივე დავმარცხდით, სიკეთე არც ერთ მხარეს არ მოუტანა, ორივეს ტკივილიანი ზეცა დაგვყურებს. რთულია რიცხობრივად პატარა ერების ბედი, ისინი გვერდით უნდა დაუდგნენ ერთმანეთს, კეთილგონივრულად გადაწყვიტონ მომავლის პრობლემები. სწორედ ამ ფიქრებით დაიწერა ჩემი მეორე წიგნი ,,ო, აფხაზეთო...“ აქ მხოლოდ ერთი ადამიანის, ავტორის, სევდა არ სახლობს, მის ფურცლებზე აფხაზეთიდან წამოსული თითოეული ქართველის ტკივილი სუნთქავს.

თითქმის ორ ათეულ წელზე მეტი გავიდა დედაჩემის გარდაცვალებიდან. მისი სიტყვები კი მუდამ თან მდევს: ,,პირობა მომეცი, რომ იბრძოლებ აფხაზეთის დაბრუნებისთვის...“ ეს იყო სააქაოში დარჩენილი მისი ბოლო თხოვნა. სადაცაა შვიდი ათეული ჩამოიმარცვლება ჩემი სიცოცხლის კალენდარზე.  ჩემი მუდმივი თანმდევი სული-აფხაზეთი არ მაძლევს იმის უფლებას, რომ ვდუმდე, კიდევ რაღაც დამრჩა სათქმელი. ბალავარში იმ პატარა აგურის ჩადება უნდა მოვახერხო, რომელიც წაადგება ქართველი და აფხაზი ხალხის შერიგების, ერთიანობის, თანაარსებობისთვის ბრძოლას.

ომი სისასტიკეა, ის სისხლით იკვებება, ფიტავს ეროვნულ ენერგიას, მხოლოდ აწმყოს არ აზარალებს, მომავალის ბილიკებსაც ანგრევს. ჩვენ ომგადახდილი ქვეყანა გვქვია, სამი ათეული წელი გავიდა უკვე იმ მძიმე დღეებიდან. ეს არ არის მცირე დრო, ბუნებრივია, ბევრ რამეზე დავფიქრდით, შევაფასეთ, დასკვნებიც გამოვიტანეთ.  ამ ომმა ორივე ერი დაგვაზიანა, ორივეგან შვილმკვდარი დედების ტკივილი დააბიჯებს, ორივეგან ობოლი ბავშვების სევდიანი თვალები იმზირება, ორივეგან დაცალებული ოჯახები მიარღვევენ ცხოვრების ბილიკს. მომხდარს ვერ დავივიწყებთ, მაგრამ ხვალინდელი დღის სიკეთისთვის სიძულვილის ენა აღარ გამოგვადგება, უნდა შევცვალოთ ურთიერთგანწყობა, წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსწორების დრო უკვე მოსულია. მსოფლიოს ისტორიას უამრავი ომი ახსოვს, უფრო სასტიკიც, მრავალწლიანიც, მეტმსხვერპლიანიც, გასულა წლები და ეს სახელმწიფოები დღეს მეგობრულად განაგრძნობენ თანაარსებობას. ჩვენ კარგად გვახსოვს დიდი სამამულო ომი, რომელმაც მარტო საქართველოდან 350 ათასი ვაჟკაცი შეიწირა. დღეს გერმანიასთან ნებისმიერ სახელმწიფოს აქვს ცივილური ურთიერთობა და იმ მსხვეპლზე აღარ ლაპარაკობენ.

ჩემი ახალი წიგნის მთავარ თემად გადავწყვიტე, რომ ომზე გამარჯვების ზნეობრივი მაგალითები მომეძებნა. ნებისმიერ დაპირისპირებას აქვს ისეთი მომენტები, როცა ადამიანები არ სცნობენ ომის სასტიკ კანონებს, არ ემორჩილებიან სისხლიან ქრონიკებს, ამ დროს სიყვარული იმარჯვებს ყოველგვარ ძალადობაზე. სწორედ ეს გვანარჩუნებინებს ადამიანებს სიამაყესა და ღირსებას. ამ ომშიც ბევრჯერ გაუწოდეს ერთმანეთს დახმარების ხელი აფხაზებმა და ქართველებმა. ამიტომაც აღარ მინდა ფიქრი ომის სისხლზე, სიკვდილზე, სისასტიკეზე... ახლა უკვე ერთმანეთთან მისასვლელ გზებზე ვფიქრობ. ჩემი კეთილშობილი მამიდები მახსენდება, ორივე აფხაზზე რომ იყო გათხოვილი, არაჩვეულებრივი ოჯახები ჰქონდათ და დიდებულად გვმასპინძლობდნენ. დღემდე მომდევს მათი მეუღლეების ბრძნული დარიგება. ეს ხაზი არ უნდა გაწყდეს, ჩვენ უნდა შევძლოთ ახალი, მშვიდობიანი რეალობის შექმნა.

კაცობრიობა უკვე დგას განსაცდელის წინაშე, უამრავი გამოწვევაა, რომელთა გამკლავებაც ძალზე რთულია. ჩვენს გასაკეთებელს სხვას ნუ ვთხოვთ, ეს ერთგვარად სათაკილოცაა. ორივე ერში არის იმდენი გონი, სიბრძნე, გამოცდილება, რომ საზიანო ნაბიჯები აღარ გადავდგათ. თორემ მომავალი თაობები აღარ გვაპატიებენ. ჩვენ ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები გვყავს ორივე მხარეს, მათაც დავუგდოთ ყური, გავითვალისწინოთ მათი ნააზრევი, ისინი ხვალინდელი საქართველოს სიძლიერენი არიან.

აფხაზეთი არა მხოლოდ საქართველოს სამოთხე მხარეა, არამედ სამყაროს პატარა მარგალიტია. ისიც ცოცხალი არსებაა, მასაც სტკივა, უხარია, გრძნობს, ცრემლობს...ის უფლის საჩუქარია, არ იმსახურებდა ასეთ მოქცევას, მის მკერდზე მკრეხელობა იყო სისხლის დაღვრა, იარაღის გასროლა, ომის კვამლში გახვევა. გავუფრთხილდეთ მას, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, არ დაგვავიწყდეს უნივერსალური ფორმულა: ,,რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია“.

 

მურმან კვარაცხელია

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions