აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

მასში ნათქვამია:

 

„აფხაზეთის საზოგადოება, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო შეძრულია ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო და თანაუგრძნობს დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს, ყველა ბათუმელს, მთელს აჭარას, სრულიად საქართველოს, კოლეგებს აჭარის უმაღლესი საბჭოდან,  ბატონ დავით გაბაიძეს, აჭარის მთავრობას, ბატონ თორნიკე რიჟვაძეს.

 

ადამიანების ამ უმძიმესმა ხვედრმა, რომელთა შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც არიან, ერთნაირად დაამწუხრა სრულიად საქართველო, ერი და ბერი; საქართველოს თითოეულ მოქალაქეს წარმოუდგენელი განცდისა და ტანჯვის დაძლევამ მოგვიწია საუკუნედქცეული დღე-ღამის განმავლობაში, იმის მოლოდინით, რომ სამაშველო სამსახურის თანამშრომელთა თავდადებული და განუწყვეტელი შრომა უფრო მეტ შედეგს გამოიღებდა და ნანგრევებში მოყოლილთ ცოცხალს მიუსწრებდა.  სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა.

აფხაზეთის საზოგადოება, მე და ჩემი კოლეგები, ისევე როგორც სრულიად საქართველო, დღეს  ბათუმის, ბათუმელების სატკივარით ვართ შეპყრობილი და მათთან ერთად ვგლოვობთ  მომხდარი ტრაგედიის გამო, ვლოცულობთ დაღუპულთა სულებისათვის და სასწაულებრივად გადარჩენილი ადამიანის გამოჯანმრთელებისათვის, - ნათქვამია ჯემალ გამახარიას განცხადებაში.

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions