მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ჯემალ გამახარიას პრესკონფერენცია გაიმართა

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ,  პრესკონფერენციაზე ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე მსჯელობა დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას მოსკოვში ვიზიტის შეფასებით დაიწყო.


„ბჟანია მოსკოვში 8 ოქტომბრიდან 16 ოქტომბრამდე იმყოფებოდა. მას სხვადასხვა შეხვედრა ჰქონდა, მათ შორის, რუსეთის ფინანსთა მინისტრთან, „როს ავიაციის“ ხელმძღვანელთან, ასევე თავდაცვის მინისტრთან, შოიგუსთან, ასევე იყო სხვა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი, თუ უმნიშვნელო შეხვედრები. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც მოსკოვის შეხვედრებზე იხილებოდა, ესაა ყბადაღებული, „აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა“, რომელიც დამუშავების სტადიაშია. ჩვენ ადრეც გვისაუბრია ამ პროგრამის შესახებ. ეს პროგრამა, ფაქტობრივად, 2020 წლის ნოემბერში რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებული „საერთო სოციალურ-ეკონომიკური სივრცის“ ჩამოყალიბების შესახებ შეთანხმების გაგრძელებაა. აღნიშნული პროგრამა, რომელიც ამ წლის ბოლომდე უნდა იყოს დამტკიცებული, გათვლილია 2025 წლამდე და ეკონომიკის, მრეწველობის, სოფლის მეურნეობის განვითარებასა და მსგავს პროექტებს ითვალისწინებს. ჯერჯერობით ეს პროგრამა ხელმოწერილი არაა. ვიზიტის დროს ამ პროგრამის შემუშავების დასრულების და რეალიზაციასთან საკითხებთან დაკავშირებით იყო საუბარი. ერთ-ერთი საკითხი, რომელიც იხილებოდა, ენერგეტიკული პრობლემაა. ამჯერად, საუბარი იყო იმ კრიზისის დაძლევაზე, რომელიც დღეს აფხაზეთშია. მიუხედავად იმისა, რომ ენგურჰესი რეაბილიტაციის შემდეგ გამართულად მუშაობს, ზაფხულიდან მოყოლებული აფხაზეთში ელექტროენერგია არ ჰყოფნით და დენი მოსახლეობას გრაფიკით მიეწოდება. აფხაზეთის გაზიფიკაციაზეც იყო საუბარი.

 

ვიზიტის დროს საუბარი იყო 4, 7 მილიარდი რუბლის გამოყოფის შესახებ, რომელიც ელექტროქსელების პირველად რეაბილიტაციას უნდა მოხმარდეს. აფხაზეთში არავის უყენია მრიცხველები. ვინ რამდენ ელექტროენერგიას მოიხმარს, კაცმა არ იცის. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც დე ფაქტო პრეზიდენტი განსაკუთრებული მნიშვნელობას ანიჭებს, აეროპორტის აღდგენაა. პროექტის დასრულების ვადა 2022 წლის ოქტომბრამდე განისაზღვრა. საუბარია იმაზე, რომ თითქოს ფული უკვე გამოყოფილია, მაგრამ რამდენია გამოყოფილი, ვის მიერაა გამოყოფილი, ბჟანიას ამის თაობაზე არ უსაუბრია. ასევე, საუბარი იყო ფსოუზე ე.წ. საზღვრის გადაკვთის პროცედურის გამარტივების შესახებ.

 

როგორც მოგახსენეთ, ბჟანია შოიგუს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი იყო იმაზე, რომ რუსული მეშვიდე სამხედრო ბაზა, რომელიც აფხაზეთშია, უნდა გაძლიერდეს. საუბარი იყო თავდაცვის უწყების მიერ რაღაც გზების მშენებლობის შესახებ. რა გზებია კონკრეტულად, არ თქმულა. კოდორის ხეობაში 2 გვირაბის რეაბილიტაცია უნდა მოხდეს.

 

ბჟანიამ ამ ვიზიტის შედეგებს მაღალი შეფასება მისცა. მაგრამ, ერთ-ერთი აფხაზური საინფორმაციო საშუალების, „აფხაზია ცენტრის“ ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, ბჟანია სადაც კი არ მივიდა, ყველგან ერთი და იგივე უთხრეს, კერძოდ: რასაც თქვენ ამბობთ, ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ მათი რეალიზაციისთვის ფული არ გვაქვსო.

 

ბჟანიამ ვიზიტის შედეგები სოხუმში შეაჯამა. ის საუბრობს იმაზე, რომ ყველგან გაგებით ხვდებოდნენ. სინამდვილეში, მას ხელში კონკრეტული ჯერ არაფერი უჭირავს, გარდა დაპირებებისა.

რაც ბჟანია ე.წ. ხელისუფლების სათავეში მოვიდა, წელიწადში ხუთჯერ მაინც ჩადის მოსკოვში და ერთსა და იმავეს ლაპარაკობს. ერთი და იგივე საკითხები, დაპირებები, პროექტები, რეალურად კი, არაფერი ხდება“, – განაცხადა გამახარიამ.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფრენციაზე მისთვის დასმული ორი შეკითხვა - საქართველოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრის დელიმიტაცია – დემარკაციისა და აფხაზეთის ეკლესიის ე.წ. ავტოკეფალიის შესახებ, გააერთიანა და ასე უპასუხა: „ამ ორ შეკითხვას გავაერთიანებდი. საქმე რაშია: რუსეთი აფხაზეთის ანექსიის გზას ადგას. 45-პუნქტიანი პროგრამა, სწორედ აფხაზეთის ანექსიას ითვალისწინებს. იმისათვის, რომ აფხაზებმა ეს „იოლად“ გადაიტანონ, მიიღონ, წინააღმდეგობა არ გასწიონ, პერიოდულად ისეთი თემების აქტუალიზაცია ხდება, რომელმაც ანექსიის პრობლემა, რაც ძალიან მტკივნეულია აფხაზებისთვის, უნდა გადაფაროს. სწორედ ანექსიის გადასაფარად გააქტიურებინეს აფლიას აფხაზეთის ეკლესიის ე.წ. ავტოკეფალიის თემა 2021 წელს.

 

თებერვალში აპლიამ, რომელიც ე.წ. აფხაზური ეკლესიის მეთაური გახლავთ, განაცხადა, რომ სანამ აფხაზეთის ეკლესიის სტატუსი არ იქნებოდა დადგენილი, ის ღვთისმსახურებას წყვეტდა. მან 22 თებერვალს რუსეთის პატრიარქს მიმართა. 25 თებერვალს საქართველოს საპატრიარქომ ეს ქმედება დაგმო. ეს საკითხი მაშინ მიწყნარდა, აპლიამ ინება და ტაძარში დაბრუნდა.შემდგომ, როგორც ჩანს, ურჩიეს, რომ მისი მიმართვა ყოფილიყო არა მხოლოდ რუსეთის პატრიარქისადმი, არამედ – საქართველოს პატრიარქისადმიც. მისი მიმართვის ძირითადი არსია, რომ აფხაზეთის ეკლესია არასდროს ყოფილა საქართველოს ეკლესიის შემადგენლობაში. ეს წარმოუდგენელი მტკიცებაა. ბუნებაში აფხაზეთის ეკლესია არ არსებულა, ის ყოველთვის ქართული ეკლესიის ორგანული ნაწილი იყო. ითხოვენ ავტოკეფალიას, აფხაზეთის საკათალიკოსოს აღდგენას. არადა, აფხაზეთის საკათალიკოსო დასავლურ-ქართული ეკლესია იყო, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიიდან აფხაზების წინაპრების მიერ იქნა გამოდევნილი, როდესაც ისინი იქ XVI-XVII საუკუნეებში ჩამოსახლდნენ, საკათალიკოსო იძულებული გახდა, ტერიტორია დაეტოვებინა, რადგან იდევნებოდნენ, მღვდელმსახურებს კლავდნენ. აფხაზეთის კათალიკოსები აფხაზეთის ტერიტორიაზე XVII საუკუნის ბოლოდან საერთოდ არ ჩასულან, არადა ეს ინსტიტუტი XVIII საუკუნის ბოლომდე არსებობდა, რუსეთთან მიერთების შემდეგ კი გაუქმდა“, – განაცხადა ჯემალ გამახარიამ.

 

ბესარიონ აპლია საკუთარ მიმართვაში რუსეთისა და საქართველოს საპატრიარქოებს, აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხის გადაწყვეტას სთხოვს.

 

საქართველოს საპატრიარქომ აპლია დიალოგისთვის თბილისში ოფიციალური წერილით მოიწვია; მასში ვკითხულობთ: „მოგახსენებთ, რომ გავეცანით საქართველოსა და რუსეთის პატრიარქებისადმი თქვენს მიმართავს. მიუხედავად იმისა, რომ კატეგორიულად არ ვიზიარებთ წერილის შინაარსსა და სულისკვეთებას, ვაცნობიერებთ დიალოგის დაწყების აუცილებლობას. როგორც იცით, მტერი ყოფს – ღმერთი კი აერთიანებს. ამიტომ, ვფიქრობთ, სასარგებლო იქნება, ამ თემაზე შეგვხვდეთ თბილისში და პირისპირ განვიხილოთ პრობლემური საკითხები“, – ნათქვამია პატრიარქის მდივნის, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის წერილში.

„ე.წ. საზღვრის დელიმიტაცია – დემარკაციის“ საკითხიც რუსების მიერ აფხაზებისთვის შემოგდებული მორიგი სატყუარა, ანექსიის გადასაფარად შემოგდებული კიდევ ერთი თემაა“ განაცხადა ჯემალ გამახარიამ, რუსეთის საგარეო უწყების იმ განცხადების შეფასებისას, რომლის თანახმადაც, რუსული მხარის შეთავაზებაა, დაიწყოს საქართველოს, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის საზღვრის დელიმიტაციის პროცესი, მათი შემდგომი დემარკაციით.

 

როგორც გამახარიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სინამდვილეში, რუსეთი აფხაზეთის ანექსიას ახორციელებს. იმისათვის, რომ აფხაზებმა  წინააღმდეგობა არ გასწიონ, პერიოდულად ისეთი თემების აქტუალიზაცია ხდება, რომელმაც ანექსიის პრობლემა, რაც ძალიან მტკივნეულია აფხაზებისთვის, უნდა გადაფაროს. როცა იქ ამ თემაზე საუბარი გააქტიურდება, შემოაგდებენ ხოლმე ისეთ თემას, როგორიცაა საზღვრის დელიმიტაცია და დემარკაცია. ეს რას ნიშნავს, რომ აფხაზეთი ვითომ დამოუკიდებელი სახელმწიფოა თავისი საზღვრებით და საქართველოსთან საზღვრის დელიმიტაცია- დემარკაცია უნდა მოახდინოს, რუსეთი კი ამ საკითხში მხარში უდგას. ანუ ანექსია კი არ ხდება, არამედ აფხაზეთის დამოუკიდებლობის კიდევ უფრო გამყარება.

 

გამორიცხულია, რომ საზღვრის რაიმე დელიმიტაცია და დემარკაცია მოხდეს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა საკმაოდ მკაფო განცხადება გააკეთა.

 

ჯემალ გამახარიამ აღნიშნა, რომ „აფხაზეთში პოლიტიკური თვალსაზრისით საკმაოდ დაძაბული ვითარებაა. დღეიდან, ვეტერანების უვადო აქცია იწყება, რომელიც ჯერჯერობით დეფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის გადაყენებას ისახავს მიზნად, მაგრამ თუ ეს არ მოხდება, შემდეგ პარლამენტის, მთავრობის, პრეზიდენტის დათხოვნის საკითხიც იქნება დღის წესრიგში. როგორ განვითარდება მოვლენები, მივადევნებთ თვალს“, – განაცხადა მან.

 

ჯემალ გამახარია პრესკონფერენციაზე შეეხო ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ურთულეს ეპიდვითარებას:

 

„კოვიდსიტუაციის მხრივ საქართველოში მძიმე ვითარებაა, ოკუპირებულ აფხაზეთში ვითარება კიდევ უფრო რთული გახლავთ. იქ რიცხვები შეიძლება, დიდი არ იყოს, მაგრამ დადებითობის მაჩვენებელი ბოლო დღების განმავლობაში 25 %- ს ქვემოთ არ ჩამოსულა, 25 %-ზე მეტია, ეს კატასტროფაა. ოკუპირებულ რეგიონში კლინიკები გადავსებულია.

 

დღეის მდგომარეობით, აფხაზებს 4800-ზე მეტი ავადმყოფი ჰყავთ, რომლებიც მკურნალობას საჭიროებენ. კლინიკებში მკურნალობას 300 ადამიანი გადის. ამ 300-დან 50-ზე მეტი უმძიმეს მდგომარეობაშია. ყველა კლინიკა გადავსებულია, ავადმყოფებს ვერ უვლიან. რუსული საველე ჰოსპიტალი ჯერ კიდევ სოხუმშია, სადაც 94 ავადმყოფი წევს.  ადამიანები იღუპებიან, მათ შორის  ახალგაზრდებიც. სულ 435-ზე მეტი გარდაცვლილი ჰყავთ. ეს აფხაზეთისთის დიდი რიცხვია“, – განაცხადა გამახარიამ.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში. 21.10.2021წ.
https://youtu.be/6PiYLGdZHSM




Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions