აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიას განცხადებით, კანონპროექტით წესრიგდება დევნილი პირების გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხი.
„კანონის პროექტით განისაზღვრება, რომ დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება სახელმწიფო ორგანოებზე ვრცელდება 2023 წლის პირველ იანვრამდე დაბადებულ პირებზე. დევნილი პირები, რომლებიც 2023 წლის პირველ იანვრამდე იქნებიან არასრულწლოვანები, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისას გათვალისწინებული იქნებიან მათი აღმავალი შტოს ოჯახის წევრებთან ერთად და მომავალში აღარ ექნებათ ინდივიდუალურად საცხოვრებლის მოთხოვნის უფლება. 2023 წლის პირველი იანვრის შემდეგ დაბადებული ის პირები, რომელთა ორივე მშობელი გარდაიცვალა უზრუნველყოფილი იქნებიან ისეთივე საცხოვრებლით, როგორიც უნდა მიეღოთ მათ მშობლებს“, - განაცხადა ჯემალ გამახარიამ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ჯემალ გამახარიას გამოსვლა პარლამენტში - 14.12.2022