ჯემალ გამახარია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის 90 წლის იუბილისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგა

25 იანვარს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის, მცხეთა - თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის დაბადებიდან 90 წლისადმი მიძღვნილი ინტერდისციპლინარული სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა სახელწოდებით: „საქართველოს ეკლესია და მრავალსაუკუნოვანი ქართული სახელმწიფოებრიობა“.

ისტორიისა და ეთნოლოგიის სექციაზე მოხსენებით გამოვიდა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, თემაზე: „წმინდა აღმსარებელი ამბროსის (ხელაია) შეხედულებები აფხაზეთის ეთნიკური ისტორიის საკითხებზე“.

კონფერენციას ესწრებოდნენ სასულიერო პირები და სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები. კონფერენცია გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხომელიძემ. ის უნივერსიტეტის სახელით მიესალმა სასულიერო პირებსა და დამსწრე საზოგადოების წარმომადგენლებს. მან ისაუბრა ქრისტიანობის მნიშვნელოვან როლზე ქართული პოლიტიკური ერთიანობისა და იდენტობის ჩამოყალიბებაში.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ კონფერენციის მონაწილეებისადმი მიმართვაში აღნიშნა, რომ თემა „საქართველოს ეკლესია და მრავალსაუკუნოვანი ქართული სახელმწიფოებრიობა“, რომელიც ეძღვნება ჩვენი დიდი პატრიარქის სახელოვან იუბილეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი და მნიშვნელოვანია განსაკუთრებით დღეს. ჩვენ ხშირად ვამბობთ, მაგრამ ყოველთვის არ ვუღრმავდებით ცნობილ გამოთქმას, რომ ქართულმა ეკლესიამ გადაარჩინა საქართველო, გადაარჩინა ქართველი ერი, გადაარჩინა ქართული ენა, კულტურა და ასე შემდეგ. ეს არის სრული ჭეშმარიტება!

ჯემალ გამახარიამ აღნიშნა, ის ისტორიული გარემოება, რომელიც ქართულ სახელმწიფოებრივ გაერთიანებას ყოველთვის წინ უძღოდა, კერძოდ ეკლესიის გაერთიანება. მან ისაუბრა ქართული ეკლესიის იმ დიდ როლზე, რომელსაც ის თამაშობდა ერთიანი სახელმწიფოს იდეის ჩამოყალიბებასა, თვით სახელმწიფოს მართვასა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებაში. ქართული ეკლესია დღესაც დიდ როლს თამაშობს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების საქმეში, რადგან თვით რუსეთიც კი, რომელმაც მიიტაცა ეს ტერიტორია აღიარებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს საქართველოს კანონიკურ ტერიტორიად. თვით რუსეთიც კი იძულებულია ამას ანგარიშ გაუწიოს, ეს კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ჩვენი პატრიარქის უდიდეს დამსახურებას - განაცხადა ჯემალ გამახარიამ.

მონაწილეებს სიტყვით მიმართეს მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა ანანიამ, ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მიტროპოლიტმა სტეფანემ, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ. მათ მადლობა გადაუხადეს ღონისძიების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს და მაღალი შეფასება მისცეს კონფერენციის როგორც სამეცნიერო, ასევე ორგანიზაციულ ხარისხს.








































































































































































 












Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions