წმინდა ნინოს ხსენების დღეს გილოცავთ!

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია ნინოობის დღესასწაულს ულოცავს საქართველოს ყველა მოქალაქეს, ენგურსგაღმა თუ გამოღმა და ემიგრაციაში მცხოვრებ თანამემამულეებს; მოციქულთა სწორი ქალწულის, ყველა წმინდანისა და უფლის შეწევნით, ჯანმრთელობას, წარმატებას და ყველაზე მთავარი სახელმწიფოებრივი პრიორიტეტის, თითოეული ჩვენგანის უპირველესი ოცნების - ქვეყნის გაერთიანების საქმეში საკუთარი ღირსეული წვლილის შეტანას გისურვებთ.

მოგეხსენებათ, წმინდა ნინო ქრისტიანობის მქადაგებელი და გამავრცელებელია საქართველოში. მას საქართველოს ციურ მფარველადაც მიიჩნევენ. დღეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ქართველთა განმანათლებლის - წმინდა ქალწულის, ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. 27 იანვარი მისი გარდაცვალების დღეა. პირველ ივნისს კი წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლა აღინიშნება.

მაშინ, როდესაც წმინდა ქალწული საქართველოში ჩამოვიდა, აქ მარცვალი ქრისტიანობისა უკვე ჩაგდებული იყო. იგი მოციქულებმა ანდრია პირველწოდებულმა, სვიმონ კანანელმა, მატათამ და სხვებმა იქადაგეს. ბუნებრივია, რომ წმინდა ნინო არის განმაახლებელი, ხელახლა მქადაგებელი და ამიტომ ეწოდება მას მოციქულთა სწორი. მან მას შემდგომ დაიწყო ქადაგება მცხეთაში, როცა კარგად გაეცნო ქართულ გარემოს და თანამოაზრეები გაიჩინა. მისი ლოცვით არა ერთი სასწაული აღესრულა, მათ შორის  უმძიმესი სენით დაავადებულთა მყისიერი განკურნება; ასევე ლეგენდასავით არის გავრცელებული ამბავი, როგორ აინტერესებდა ქალწულ ნინოს მოენახა მცხეთში ის ადგილი, სადაც  უფლის კვართი იყო დაკრძალული და რატომ უკავშირდება სწორედ მაცხოვრის კვართზე ამოსული მშვენიერი კვიპაროსის ხეს, რომელიც ტაძრის სვეტად უნდა აღემართათ, მცხეთის სვეტიცხოვლის სახელი და მრავალი სხვა.

ცნობილია, რომ წმინდა ნინოს საქართველოში მოღვაწეობის პერიოდში მოხდა ცნობილი ფაქტი: ქართველთა მეფე მირიანის მეუღლე - დედოფალი ნანა დაავადდა და მხოლოდ წმიდა ნინოს ლოცვამ გამოაჯანმრთელა. თუმცა, მეფე მირიანი სკეპტიკურად იყო განწყობილი ამ უცხო რელიგიის მიმართ. მას განზრახული ჰქონდა, რომ დევნა გამოეცხადებინა უცნაური რელიგიისთვის, რომელიც ძალას იკრეფდა და დაიფიცა, როცა ნადირობიდან დაბრუნდებოდა ძალიან მწარედ ანანებდა ყველა ამ თემის მხარდამჭერს. ღვთის განგებით, მოხდა უდიდესი სასწაული, მირიან მეფე როდესაც სანადიროდ მიდიოდა, მხოლოდ მას დაუბნელდა მზე. თვალები დაებინდა და ეს გახდა მისი მოქცევის მიზეზი. მან ილოცა ყველა ცნობილი კერპისადმი და როცა ვერცერთი ვერაფრით დაეხმარა, მაშინ თქვა: ნინოს ღმერთო, თუ ეხლა შენ მე თვალებს ამიხელ, ყველანაირად ვიქნები შენი რელიგიის მხარდამჭერი და ხელშემწყობიო. მართლაც, მას თვალები აეხილა.

ამის შემდეგ წმინდა ნინოს და მირიან მეფის ღვაწლით დაიწყო ქრისტიანობის გავრცელება, დაედო საძირკველი როგორც სამთავროს მონასტერს, ისე სვეტიცხოველს.

წმინდა ნინომ მისიონერული მოღვაწეობა საქართველოს სხვა კუთხეებშიც გააგრძელა. ერთ-ერთი ქადაგებიდან უკან მომავალი, იგი შეუძლოდ გახდა და  ბოდბეში გარდაიცვალა.

ბოდბის სამონასტრო კომპლექსში, მის საფლავზე, დგას წმინდა გიორგისა და წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარი. აღსანიშნავია, რომ წმინდა გიორგი და ქალწული ნინო ახლო ნათესავები ყოფილან. არსებული ინფორმაციით, წმინდა ნინოს თმებით შეკრული ვაზის ჯვარი თბილისის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში ინახება.

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions