Error
  • JFTP::write: Bad response
  • JFTP::write: Bad response
  • JFTP::write: Bad response
ჯემალ გამახარია: დასაგმობია, როდესაც დამოუკიდებელი ქვეყნის ხელმძღვანელი, ლუკაშენკო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. ხელმძღვანელებს ხვდება

„დასაგმობია, როდესაც დამოუკიდებელი ქვეყნის ხელმძღვანელი, ამ შემთხვევაში, ლუკაშენკო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. ხელმძღვანელებს ხვდება“, – ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


მისი თქმით, აღნიშნული შეხვედრის ფაქტი საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი უპატივცემულობის გამოხატულებაა.

„რუსეთის მხრიდან ბჟანიასთან დაკავშირებით განსხვავებული მიდგომა გამოვლინდა. ბჟანია უმაღლეს დონეზე მიღებული არ იყო. მას შეხვედრა მხოლოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჰქონდა და შემდეგ მინსკში, ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე გაუშვეს. ეს შეხვედრა ყველამ ვიხილეთ. ვნახეთ, რომ ბატონი ლუკაშენკო მაგიდის თავში იჯდა, ბჟანია და არძინბა, როგორც ბელარუსის რომელიღაც რეგიონის ხელმძღვანელები, ისე ისხდნენ და ბატონ ლუკაშენკოს უსმენდნენ. ამ შეხვედრასთან დაკავშირებით მოვისმინეთ საქართველოს მთავრობის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, პრეზიდენტის განცხადებები, ასევე, ის განცხადებები, რომლებიც პარლამენტში გაკეთდა. ბუნებრივია, ჩვენ ამას ვეთანხმებით. დასაგმობია, როდესაც დამოუკიდებელი ქვეყნის ხელმძღვანელი, ამ შემთხვევაში, ლუკაშენკო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. ხელმძღვანელებს ხვდება. ეს ძალიან ცუდი ფაქტია, ესაა საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი უპატივცემულობის გამოხატულება. ეს ყველაფერი დასაგმობია, მაგრამ, არის ერთი „მაგრამ“: ვიცით, რა მდგომარეობაშია თავად ლუკაშენკო, რომელიც პროცესებს დამოუკიდებლად ვერ მართვას. ის თავიდან ბოლომდე რუსეთზეა დამოკიდებული და მის დავალებას ასრულებს“, – განაცხადა გამახარიამ.

მისივე თქმით, ლუკაშენკო მიანიშნებს იმაზე, რომ ის, ჯერჯერობით, აფხაზეთის აღიარებას არ აპირებს.

„ლუკაშენკო რუსეთის დავალებას ასრულებდა მაშინაც, როდესაც 2022 წლის სექტემბრის ბოლოს ბიჭვინთაში ჩავიდა, მაგრამ, მისმა პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ლუკაშენკო ჩრდილო-აღმოსავლეთ შავი ზღვისპირეთის ისტორიულ ადგილებში იმყოფებოდა. ეს იყო გარკვეული მინიშნება. 20 თებერვლის შეხვედრაზეც სულ საქართველოზე იყო საუბარი, იმაზე, რომ საქართველო და ბელარუსი მეგობარი ქვეყნები არიან, კარგი ურთიერთობა აქვთ და შეიძლება, ამ შეხვედრამ ქართველების და აფხაზების ურთიერთობაზე, მათ შერიგებაზე გავლენა მოახდინოს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩვენკენ იყო მომართული, რომ ზედმეტი გაღიზიანება არ ყოფილიყო. ამით ლუკაშენკო მიანიშნებს იმაზე, რომ ის, ჯერჯერობით, აფხაზეთის აღიარებას არ აპირებს. ჩვენ ჩვენი განცხადებებით, ბელარუსის სახელმწიფოს მიმართ პოლიტიკით ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბელარუსის მიერ აფხაზეთის აღიარებას ხელი არ შევუწყოთ. ის ჯერჯერობით ამას არ აპირებს. ჩვენ ჩვენი თითქოს მკაცრი განცხადებებით, ლანძღვით არ გავაკეთოთ ისე, რომ ლუკაშენკოს წინაპირობები შევუქმნათ იმისთვის, რომ ეს ტერიტორიები აღიაროს. მას იძულებულს პუტინი ხდის, მაგრამ ჯერჯერობით ლუკაშენკო ამაზე არ მიდის. ჩვენ რატომ უნდა შევუწყოთ ხელი?

იქ იყო საუბარი რაღაც თანამშრომლობაზე, სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, მაგრამ არავითარი კონკრეტიკა არ ყოფილა. ვიცით, რომ საელჩოს მაგივრად რაღაც სავაჭრო სახლი აქვთ, რათა რაღაც ურთიერთობა იყოს, ჯერჯერობით, ეს ყველაფერი საუბრების დონეზე რჩება. ღმერთმა ქნას, აღიარებისკენ უფრო მკვეთრი ნაბიჯები არ იყოს გადადგმული. ეს აღიარება ბევრად უფრო მტკივნეული იქნება ჩვენთვის, ვიდრე სირიის, ან ნიკარაგუის მხრიდან აღიარება. ჩვენი დიპლომატიის ნომერ პირველ ამოცანად რჩება ის, რომ ჩვენი ფრთხილი, გაწონასწორებული პოლიტიკით ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ აფხაზეთი ბელარუსის მიერ აღიარებული არ იყოს“, – განაცხადა გამახარიამ.

ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია ბელარუსში გუშინ ჩავიდა და პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა.

ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ქვეყანა ოკუპირებულ აფხაზეთთან თანამშრომლობაში, მათ შორის, ტურიზმის სფეროშია დაინტერესებული.

ამის შესახებ მან მინსკში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიასა და ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ ინალ არძინბასთან შეხვედრაზე თქვა.

“ჩვენი ურთიერთობები უნდა განვითარდეს. აფხაზი ხალხი პატივს სცემს ბელარუსებს. ბელარუსელებზე რომ არაფერი ვთქვათ. ჩვენ გვაქვს ის, რაზეც შეგვიძლია, ჩვენი ურთიერთობების საფუძველი ავაშენოთ. არის საქონელი, რომელშიც ვართ დაინტერესებული. მეტიც, ტურისტული მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც ჩვენს წინააღმდეგ სხვადასხვა სახის სანქციების დაწესება დაიწყეს. ჩვენს ხალხს ზღვაზე ყოფნა უნდა. მე ვუყურებდი თქვენს სანაპიროს. ჩვენ ყოველთვის ჩავდიოდით სოხუმში და ბათუმში, თბილისში და ა.შ. ჩვენი ხალხი ახლაც სტუმრობს ამ ქალაქებს. მაგრამ რატომღაც ისე მოხდა, რომ აფხაზეთი მოწყვეტილი აღმოჩნდა. არა მოთხოვნადი, არამედ მოწყვეტილი და მოთხოვნა ძალიან დიდია”, – განაცხადა ბელარუსის ლიდერმა.

 

http://kvira.ge/815293


Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions