ჟიული შარტავას საზოგადოების წევრებმა ყვავილებით შეამკეს მისი საფლავი და პატივი მიაგეს მის ნათელ ხსოვნას

დღეს, 7 მარტს ჟიული შარტავას საზოგადოების წევრებმა, მისმა მეგობრებმა, კოლეგებმა, თანამებრძოლებმა საქართველოს პირველი ეროვნული გმირის, პარლამენტის წევრის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის ბატონი ჟიული შარტავას დაბადების დღეს ყვავილებით შეამკეს მისი საფლავი და პატივი მიაგეს მის ნათელ ხსოვნას.


30 წელი სრულდება აფხაზეთში საომარი მოქმედებების დამთავრებიდან და ახლოვდება ის დღეც, როცა გადამთიელმა მომხდურებმა მუხანათურად გამოასალმეს სიცოცხლეს ქართულ - აფხაზური თანაცხოვრებისა და მეგობრობის აქტიური მოამაგე და აფხაზი ხალხის დიდი მეგობარი ჟიული შარტავა.

საქართველოში ბევრი რამ გაკეთდა საქართველოს ეროვნული გმირის ბატონი ჟიულის სახელისა და საქმეების უკვდავსაყოფად - მისი სახელი დაერქვა კავკასიონის ერთ-ერთ მწვერვალს, საქართველოს ქალაქებისა და რაიონების ქუჩებს, სასწავლებლებს, შემოღებულ იქნა მისი სახელობის შრიფტი და გამოშვებულ იქნა საფოსტო მარკა, თბილისში დაიდგა ჟიულის და მისი თანამებრძოლებისადმი მიძღვნილი მემორიალი „საქართველოსათვის“, გმირთა მემორიალზე დაიდგა მისი ბიუსტი. დღევანდელ დღეს ბევრ სკოლაში ჩატარდა ჟიული შარტავას ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილი თემატური გაკვეთილი.

ჟიულის სახელი რჩება სიმბოლოდ გმირობისა და თავდადებისა, ამავდროულად მისი სახელი და ცხოვრებისეული გზა რჩება ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ჩატეხილი ხიდის აღდგენის იმედად.

















































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions