მ/წ აგვისტო-სექტემბერში, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლების და კულტურის კომიტეტის ინიციატივით, აფხაზეთის იუსტიციის და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრის აპარატის ფინანსური მხარდაჭერით, ორგანიზება გაუკეთდა 60 დევნილი ბავშვისთვის (6-16 წლის) ცურვის საზაფხულო სპორტული ბანაკის (სკოლის) ფუნქციონირებას.
პროექტის ორგანიზატორთა თქმით: „სპორტი და განსაკუთრებით წყლის სახეობები ჯანსაღი ცხოვრების საწინდარია. რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს, განსაკუთრებით კი დევნილ მოზარდებს, საცურაო აუზი სპორტული ცხოვრებისა და ზოგადად სპორტული აქტივობის გაუმჯობესებაში შეუწყობს ხელს. მადლობა ყველას - სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი მუნიციპალური მმართველობის, სპორტული კომპლექსის დირექციის და საზოგადოებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელებს საინტერესო ღონისძიების ორგანიზებისა და ჩატარებისთვის“.
პროექტი საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ფოთში განსახლებულ დევნილთა საზოგადოებრივი საბჭოს" (რევაზ წულაია) უშუალო მონაწილეობით, ქ.ფოთის მერიისა (ბექა ვაჭარაძე) და ფოთის სპორტული კომპლექსის დირექციის (უჩა ჯგუბურია) თანადგომით განხორციელდა.