იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა ჩატარდა

24 მაისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა. სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია.

 

კომიტეტის წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები: „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტის საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო წესით ინიციირება; „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტის საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო წესით ინიციირება.

 

სხდომის თავმჯდომარემ ისაუბრა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე, რომლის თანახმად პირველი  კანონის პროექტის მიღება აუცილებელია იმისთვის, რომ დევნილ ოჯახს არ დააკლდეს ქულები და აქედან გამომდინარე არ მიიღოს ნაკლები ფართის საცხოვრებელი ფართი, განაცხადის შევსების შემდეგ მისი რომელიმე წევრის გარდაცვალების შემთხვევაში.

დევნილ ოჯახს შეუნარჩუნდება ის მაჩვენებელი, ქულათა ის რაოდენობა, რომლის მიხედვითაც დევნილის ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება იმგვარივე საცხოვრებლით, როგორსაც მისი ოჯახი მიიღებდა ოჯახის წევრის გარდაცვალებამდე.  წარმოდგენილი ცვლილება უზრუნველყოფს იმგვარი მექნიზმის განსაზღვრას, რომელიც დაიცავს დევნილი ოჯახის ინტერესებს.

მეორე კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, საქართველოში 1991 წლის 21 დეკემბრამდე დაბადებული და  აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი) ტერიტორიაზე 1991 წლის 21 დეკემბრამდე მცხოვრებ პირებსა და მათ შთამომავლებზე არ გავრცელდება „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვა.

„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატება შემდეგი შინაარსის  „დ)“ ქვეპუნქტი:

„დ) საქართველოში 1991 წლის 21 დეკემბრამდე დაბადებული და  აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი) ტერიტორიაზე 1991 წლის 21 დეკემბრამდე მცხოვრებ პირებსა და მათ შთამომავლებზე.“.

ზემოაღნიშნულ პირებზე მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვა არ გავრცელდება და, შესაბამისად, მათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.

მოსაზრებები გამოთქვეს კომიტეტის წევრებმა ანზორ წოწონავამ, მურმან კვარაცხელიამ, რაისა ქარაიამ.

საკითხის განხილვის შემდეგ  კომიტეტის წევრებმა კენჭისყრაზე ერთხმად დაუჭირეს მხარი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“  და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტების საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო წესით ინიციირების საკითხს.

სხდომას ესწრებოდნენ: რაისა ქარაია, ანზორ წოწონავა, ბორის კაკუბავა, მურმან კვარაცხელია, მურმან კვარაცხელია, ნაპოლეონ მესხია.

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.
















































































































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions