აფხაზეთის უმაღლესი საბჭო დევნილი ოჯახების საცხოვრებელი ფართით ან სათანადო ფულადი დახმარებით უზრუნველყოფის წესში ცვლილებების ინიციატივით გამოდის

აფხაზეთის უმაღლესი საბჭო დევნილი ოჯახების საცხოვრებელი ფართით ან სათანადო ფულადი დახმარებით უზრუნველყოფის წესში ცვლილებების ინიციატივით გამოდის. ინიცირებული პროექტის მიხედვით, დევნილ ოჯახს ქულათა ის რაოდენობა შეუნარჩუნდება და ისეთივე საცხოვრებლით იქნება უზრუნველყოფილი, როგორსაც ოჯახი ოჯახის წევრის გარდაცვალებამდე მიიღებდა.

 

კერძოდ, დღეს მოქმედი წესით, დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ან სათანადო ფულადი დახმარების თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ, უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემამდე, ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში ოჯახის განსახლება არსებული ოჯახის რიცხოვნობის გათვალისწინებით ხორციელდება. ოჯახის წევრის გარდაცვალება ამ ოჯახისთვის მინიჭებულ ქულათა რაოდენობაზე აისახება და ოჯახს, ოჯახის წევრთა რაოდენობის შემცირების გამო, ქულა აკლდება.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭო განმარტავს, რომ დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხების განხილვას, მაღალი მომართვიანობით გამოწვეული რიგების ოდენობას, მონიტორინგის ჩატარების წესებსა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურებს ხანგრძლივი პერიოდი სჭირდება. ოჯახის წევრის გამოკლების შედეგად ქულების დაკლების გამო დევნილი ოჯახი იმ ფართობის საცხოვრებელს ვერ მიიღებს, რაც ოჯახის წევრის გამოკლებამდე უნდა მიეღო.

„ამის პარალელურად, გვხვდება შემთხვევები, როდესაც სააგენტო საცხოვრებლის მიღების განაცხადს არ აკმაყოფილებს, რის შემდეგაც დევნილები უფლების დაცვას სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით ცდილობენ. ასეთ შემთხვევაში პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა შეუძლებელი ხდება, რადგან ვიდრე სასამართლო დავები მიმდინარეობს და ზედა ინსტანციებში საჩივრდება გადაწყვეტილებები, დავის საბოლოო დასრულებამდე დევნილ ოჯახს, შეიძლება, ერთი ან რამდენიმე წევრი გამოაკლდეს. შედეგად, იმ შემთხვევაშიც კი, როცა სასამართლო დავა დევნილის სასარგებლოდ სრულდება, ფართების გადაცემისას სააგენტო მხოლოდ იმ დროისთვის არსებული მონაცემებით ხელმძღვანელობს, სადაც ოჯახის გამოკლებული წევრი ოჯახის შემადგენლობაში აღარ ითვლება. ეს გარემოება კი გვაძლევს ახალ რეალობას, რომლის მიხედვით, დევნილს იმაზე გაცილებით ნაკლები ფართი მიენიჭება, ვიდრე ოჯახს სრული შემადგენლობით უნდა მიეღო“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.



https://1tv.ge/news/afkhazetis-umaghlesi-sabcho-devnili-ojakhebis-sackhovrebeli-fartit-an-satanado-fuladi-dakhmarebit-uzrunvelyofis-wesshi-cvlilebebis-iniciativit-gamodis/



Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions