“ე.წ. აპარტამენტების კანონპროექტი ოკუპირებულ აფხაზეთში დემოგრაფიული სიტუაციის შეცვლისკენ, რუსების მიერ უპირატესობის მოპოვებისკენ, ანუ მცოცავი ანექსიისკენაა მიმართული” – ჯემალ გამახარია

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიას განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. აპარტამენტების კანონპროექტთან დაკავშირებით ძალიან რთული ვითარებაა შექმნილი. ამის შესახებ გამახარიამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

 

მისი თქმით, ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. ოპოზიცია ცდილობს, დე ფაქტო დეპუტატებს ე.წ. კანონპროექტის მხარდაჭერაზე უარი ათქმევინოს.

“აფხაზეთში ე.წ. აპარტამენტების კანონპროექტთან დაკავშირებით ძალიან რთული ვითარებაა შექმნილი. ჩვენ ამ პრესკლუბში შეხვედრა 24 ივნისს გვქონდა, მაშინ ეს კანონპროექტი ჯერ არავის ჰქონდა ნანახი, მაგრამ ინფორმაცია იყო, რომ დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან დე ფაქტო პარლამენტში იქნა გადაგზავნილი. მეტი არაფერი ვიცოდით. საუბარი იყო აღმოსავლეთ აფხაზეთში აპარტამენტების მშენებლობის შესახებ.

16 ივლისს ეს ე.წ. კანონპროექტი ოპოზიციურ ქსელებში გამოჩნდა, რომელსაც ჰქვია “აფხაზეთის რესპუბლიკის, ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის რაიონებში სოციალურ -ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლების ზომების შესახებ”. ე.ი. ამ სამ რაიონში ე.წ. აპარტამენტების მშენებლობით განვითარების დონე უნდა ამაღლდეს. პროექტი 16 ივლისს, 14: 00 საათზე გამოქვეყნდა, უკვე საღამოს ბჟანიასთან იკრიბება მთელი აქტივი, რაიონების ე.წ. ხელმძღვანელები, დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლები, დე ფაქტო დეპუტატები, ამ საკითხს იხილავდნენ. მეორე დღეს,1 7 ივლისს დე ფაქტო პარლამენტის ეკონომიკური საკითხების კომიტეტში ე.წ. კანონპროექტის განხილვა მოხდა, სადაც სხდომას ბჟანია პირადად დაესწრო. თუ არ ვცდები, წინააღმდეგი 2 იყო, დანარჩენებმა ე.წ. კანონპროექტს მხარი დაუჭირეს. იმავე დღეს დიდ მიტინგი იყო, რომელიც შემდეგ არეულობაში გადაიზარდა. იქ სროლაც იყო. სიტუაცია ძალიან დაიძაბა, შეტაკება პოლიციელებს და მოსახლეობას შორის მოხდა. ძალიან რთული სიტუაცია შეიქმნა. 19 ივლისს მიტინგი ოჩამჩირეში ჩატარდა. საბჭოთა პერიოდში, როდესაც აფხაზები მიტინგებს გუდაუთაში, სოხუმში აწყობდნენ, მაშინაც არ მახსოვს, რომ ოჩამჩირეში აფხაზებს რაიმე მიტინგი ჩაეტარებინათ. მიტინგებს ქართველები, დამოუკიდებლობის, ეროვნული მოძრაობის მხარდამჭრები უფრო ატარებდნენ. საერთოდ, ოჩამჩირე ცარიელია, იქ ძალიან ცოტა ცხოვრობს, მაგრამ, როგორც ჩანს, ყველა ქუჩაში გამოვიდა და ამ ე.წ. კანონპროექტს აპროტესტებდნენ. იქ მეტი შტაკება მოხდა პოლიციასთან, ვიდრე სოხუმში იყო.

ამ წუთას რა მდგომარეობაა: ელოდებიან, რომ პარალმეტში განხილვა იქნება, ოპოზიციამ გადაწყვიტა, რომ მთელი აფხაზეთი მოიაროს, სურს, ყველა ე.წ. საარჩევნო ოლქში მიტინგი ჩაატაროს, იქ დაიბაროს იმ ოლქიდან არჩეული დეპუტატი და და ათქმევინოს, რომ ე.წ. კანონპროექტს ხმას არ მისცემს. დღეს ეს მუშაობა მიდის. დე ფაქტო პარლამენტში შემდეგ რას იზამენ, ეს არ ვიცით, მაგრამ, იმდენს ათქმევინეს უარი, ამ ე.წ. კანონპროექტზე, რომ უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, დე ფაქტო პარლამენტი მას მიიღებს, თუ ვერა”- განაცხადა გამახარიამ.

მისივე თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ აპარტამენტები მხოლოდ რუსებმა შეისყიდონ. როგორც გამახარიამ აღნიშნა, ეს ე.წ. კანონპროექტი რუსების მიერაა შედგენილი.

“ამ ე.წ. კანონპროექტით, ოჩამჩირის, ტყვარჩელის და გალის რაიონში ეკონომიკური მდგომარეობა, განვითარების დონე უნდა ამაღლდეს. 10 000 აპარტამენტის მშენებლობაა გათვალისწინებული, თითოეული აპარტამენტისთვის 1 ჰექტარი მიწა გამოიყოფა, წარმოიდგინეთ, რასთან გვაქვს საქმე. თუ 10 000 აპარტამენტი აშენდა, ჩათვალეთ, რომ 99 % რუსების მიერ იქნება შესყიდული.

24 ივნისის პრესკონფერენციაზე თქვენი შეკითხვა იყო, თუ რას ნიშნავდა ამ 3 რაიონში აპარტამენტების მშენებლობა. მაშინ ვთქვით, რომ ეს ჩვენი აზრით, საპილოტე ვარიანტი იყო. აფხაზებს და რუსებს სურდათ, ეჩვენებინათ, რა კარგია ეს აპარტამენტები, რა დიდი ეკონომიკური ეფექტი მოჰყვებოდა, ამის შემდეგ კი სხვა რეგიონებში გავრცელდებოდა. შამბამ ერთ-ერთ თავის გამოსვლაში თქვა, რომ ეს საპილოტე ვარიანტია. ზუსტად იმ სიტყვებით, რა სიტყვებითაც ვსაუბრობდით. ეს საპილოტე ვარიანტია, სულ გათვალისწინებულია 30 000 აპარტამენტი. აპარტამენტებისთვის თითოეული ოჯახიდან, 3 ადამიანი რომ ვიანგარიშოთ, თითქმის 90 000-ზე მეტი გამოდის. იმ ე.წ. კანონპროექტში წერია, რომ ადამიანები, ვინც ამას შეისყიდიან, აფხაზეთის მოქალაქეები არ იქნებიან. ამ აპარტამენტის შესყიდვის უფლება არ აქვს მას, ვინც ომში მონაწილეობდა, ვინც აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს . ისეთი პირობებია ჩამოთვლილი, რომ რუსების გარდა, ამას არავინ და ვერავინ იყიდის. აფხაზებს ატყუებენ, ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ ეს აპარტამენტები ქართველებმა არ შეისყიდონო, სინამდვილეში ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მხოლოდ რუსებმა შეისყიდონ. ეს რუსების მიერ შედგენილი კანონპროექტია.

აქ მოვიტანე 2 შეთანხმება, რომელიც ახლა აფხაზეთის ე.წ პარლამენტში დევს და ჯერ ხელმოწერილი არაა. ერთია შეთანხმება რუსული იურიდიული პირების მიერ აფხაზეთში ინვესტიციების განხორციელების შესახებ. აპარტამენტების მშენებლობა სწორედ ინვესტიციებთანაა დაკავშირებული. აფხაზებს ეუბნებიან, ეკონომიკა განვითარდებაო, ისინი კი 8 წლის განმავლობაში გადასახადს არ იხდიან. 8 წლის შემდეგ კი ვის გადაუხდიან გადასახადს, ეს შეთანხმების პროექტში მითითებული არ არის. ინვესტიციებს განახორციელებენ არა რუსული კომპანიები, არამედ მათი შვილობილი ორგანიზაციები. სათავო ორგანიზაციები რუსეთში დარჩება. აფხაზები სვამენ კითხვას: ვის გადაუხდიან გადასახადს – ჩვენ, თუ იმ სათავო ორგანიზაციასო? ეს ლეგიტიმური კითხვა გახლავთ. ეს შეთანხმება ამ ე.წ. კანონპროექტთან პირდაპირ კავშირშია. აქ ეს არ წერია, მაგრამ ბრიყვი უნდა იყო, ამას რომ ვერ მიხვდე. რუსეთის მთავრობას და აფხაზეთის ე.წ. მთავრობას შორის ასევე კიდევ ერთი შეთანხმებაა – ” ეკონომიკურ საქმეებზე სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარების და სისრულეში მოყვანის შესახებ”. ეს რას ნიშნავს: თუ აფხაზური მხარე რამეს დაარღვევს, მაშინ სასამართლო გაიმართება არა სოხუმში ,არამედ რუსეთში. ეს ორი შეთანხმება ჯერ ხელმოწერილი არაა, მაგრამ, ფაქტობრივად, ერთ პაკეტში განსახილველია. ეს ერთ საქმეს ემსახურება” – განაცხადა გამახარიამ.

მისივე თქმით, ე.წ. აპარტამენტების შესახებ კანონპროექტი ოკუპირებულ რეგიონში დემოგრაფიული სიტუაციის შეცვლისკენ, იქ რუსების მიერ უპირატესობის მოპოვებისკენ, ანუ მცოცავი ანექსიისკენაა მიმართული.

მისივე განცხადებით, რუსებსა და აფხაზებს შორის ამ ე.წ. კანონპროექტთან დაკავშირებით ვითარება საკმაოდ დაიძაბა.

“არის კიდევ ერთი შეთანხმება, რომელიც უკვე რატიფიცირებულია, ორმაგი მოქალაქეობის შესახებ – როგორც აფხაზებს აქვთ უფლება, მიიღონ რუსეთის მოქალაქეობა, ისე რუსებსაც გარკვეული პირობებით (მაგრამ, ეს პირობები შეთანხმებაში გაწერილი არაა) უფლება აქვთ , აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეობა მიიღონ. ასე რომ, ის 100 000 ადამიანი , რომელიც ამ აპარტამენტებს შეისყიდის, ცოტა ხანში აუცილებლად აფხაზეთის მოქალაქე გახდება. ამიტომ, აქ ეკონომიკურ განვითარებაზე კი არ არის საუბარი, არამედ საუბარია დემოგრაფიული სიტუაციის შეცვლაზე, იქ რუსების მიერ უპირატესობის მოპოვებაზე, ანუ მცოცავ ანექსიაზე. ეს ე.წ. კანონპროექტი, რომელიც დღეს იხილება აქეთკენაა მიმართული. ვფიქრობთ, ამას კიდევ უფრო მეტი სიმწვავით გააპროტესტებენ. თუმცა, ამ ე.წ. კანონპროექტს მხარდამჭერებიც საკმაოდ ჰყავს.

დაველოდებით მოვლენებს, წინასწარ რომ პროგნოზები გავაკეთოთ, ჩვენი სტილი არაა. მაგრამ, ცხადია, რომ ამას კარგი არაფერი მოჰყვება. იქნება ეს მიღებული? მაშინ აფხაზეთის ანექსიისკენ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი იქნება გადადგმული. არ იქნება მიღებული? ვითარება უკიდურესად გამწვავდება და რაში გადაიზრდება, არავინ იცის. დღეს აფხაზების მხრიდან უკვე არის მოწოდებები, შევიარაღდეთო, სოციალურ ქსელებში შეკრების ადგილებს ავრცელებენ, შეიძლება, რუსებთან ომი მოგვიწიოსო და ა.შ ნუ, რუსებთან აფხაზები რას იომებენ, გასაგებია , მაგრამ სიტუაცია ამ დონეზეა გამწვავებული . რუსების მხრიდან სოციალურ ქსელებში პარალელურად ომი მიდის: აფხაზებს ეუბნებიან, თუ არ გაჩერდებით, იმ საზღვარს, რომელიც ენგურზე აღვმართეთ, მოვხსნით და მერე ქართველები გასწავლიან ჭკუასო. რუსებსა და აფხაზებს შორის ამ ე.წ. კანონპროექტთან დაკავშირებით ვითარება საკმაოდ დაიძაბა”, – განაცხადა გამახარიამ.

 

https://kvira.ge/944057



აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში. 23.07.2024 წ.
https://youtu.be/t7JxCHBB8Nw


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას განცხადება ე.წ აპარტამენტების კანონპროექტის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში
https://youtu.be/ZOINfm1fkZw

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions