აგრესიული ოპოზიციის პასუხად...
ადამიანის ტვინი რომ სწორი აზროვნებისთვის შექმნა არსთგანმრიგემ, ეს აბსოლუტური ჭეშმარიტებაა. არასწორი აზროვნება კი ცრუ იდეებისა და განუხორციელებელი მიზნების ილუზიების ტყვეობაში აქცევს ადამიანს. ამდენად, საჭიროა თვითკონტროლი, რაც ნორმალური ფიქრისა და განსჯის საწინდარია.
დღეს, სამწუხაროდ, ბევრი „მოაზროვნე“ ადამიანი აკეთებს იმას, რაც ქვეყნისთვის, ქართველი ერისთვის მხოლოდ მტერს შეიძლება უნდოდეს! ეს უვიცობა კი არ არის, უვიცობაზე უარესი – უმეცრება, უტიფრობა, ერისთვის აუგის მოტანაა!
ჩვენ უკვე თითქმის ოცდაათ წელზე მეტია, რაც ადამიანთა სახეებს კი არ ვუმზერთ, არამედ შინაარსს ვუმზერთ ამ სახეებისას. ასევე დიდი ხანია გადავეჩვიეთ კითხვას (რასაკვირველია, ყველა არა) და დუმილით ვაყურადებთ ადამიანის სულის ხვეულებში მოარულ გასაოცარ, რეალობას მოწყვეტილ სხვადასხვა სიტყვას და არც ვაკვირდებით იმათი ფსიქიკის იმ შრეებს, რომლიდანაც ასეთი ლექსიკის“ შედევრები“ მოედინება... წვრთნა რომ უნდა იმ ნერვებს, საიდანაც გამოდის ასეთი შემაძრწუნებელი ვიბრაცია, ეს ცხადზე უცხადესია. საშველის მოძებნა ყოველ ასაკში შეიძლება, თუ ცნობიერების ნათელს მივასხივებთ, ჯერ კიდევ ერთობ მცირედ განათებულ, ან სრულიად გაუნათებელ მირიადზე მირიად უჯრედებსა და ქსოვილებს, რისგანაც თითოეული ჩვენგანის შინაარსებაა მოქსოვილი...
ახლა დაკონკრეტებისკენ წავალ და გადავალ სრულიად ქართულ სპექტრზე ქართველი პოლიტიკოსებისა, რომლებიც გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან ერთმანეთს და თავსაც იტყუებენ და ატყუებენ იმათაც, რომელთა ცოდნაც არცოდნას უდრის, თორემ, მცოდნეს ისინი ვერ მოატყუებენ. ისე, რა აჭამა ამათ ასეთი, იმ მამაძაღლმა სეთურმა?!
ყოველი მეცნიერული აღმოჩენა: სამედიცინო, ფსიქიატრიული თუ ფსიქოლოგიური, ფიზიკური თუ ქიმიური, ბიოლოგიური თუ ფიზიოლოგიური, სოციალ-ეკონომიკური თუ პოლიტიკურ-კონფლიქტოლოგიური სხვათა სადამსჯელოდ იყო შესწავლილი და გამოწვლილული...
იმისათვის, რომ რაც შეიძლება ჩქარა აღსრულდეს იმ ყოვლისშემძლე ძალის საბოლოო მიზანი, ეტყობა, აუცილებელია თვით ამ გაუბედურებულ ხალხში მოხდეს ურთიერთდაპირისპირებაც, რაც სახეზეა.
უკვე სამ ათეულ წელზე მეტია, რაც საზოგადოება დაყოფილია „ჭკვიანებად“ და „ჭკვიანებად“, იმის „ესტებად“ და ამის „ესტებად“. აქ უკვე მირაჟიდან რეალურ სინამდვილეში გადადის ამ დაყოფილ ადამიანებში ცეცხლის შენთების მსურველთა კუთხურ–პროვინციული ჭაობის ლამითა და ლეყეპოთი გაზრდილი ლოქოების როკვა, რომელიც შიგადაშიგ კუთხურ-პროვინციული შხამით გაჟღენთილ ნაცოდვილართა სახებას ღებულობს...
სწორედ ამ დროს ჩამორჩენილ პოლიტიკოსად შერაცხული ქართული მიწით ნასაზრდოები ცივილური პერსონა პოლიტიკაში იწყებს ბორიალს, მას პოლიტიკის მესვეური ჰგონია თავისი თავი და არა მსახური. ქართველი ხალხის, თუნდაც მისი ინტელექტუალურად და პოლიტიკურად მებრძოლი ნაწილის, საიმედო შემართება და ქვეყნის სატკივრის საკუთარი ცხოვრების უზენაეს მიზნად დასახვა, მისი მრავალწლიანი მარტვილობა, სიბრიყვისა და სიჩლუნგის სადგური ჰგონია.
ამ ჭრილში შუასაუკუნეობრივი ინკვიზიციის პერიოდის უზურპატორობის სახელისა და „ოლიგარქიული მმართველობის“ მიწებება და მისი ყოველდღიური ლექსიკის სკივრში საპატიო ადგილის მიჩენა, საზოგადოების თვალში ისეთივე დაკვეთა შეიძლება იყოს, როგორც ახალგაზრდა კაცების მოჭრილი თავებით ფეხბურთის თამაში გაგრის სტადიონზე.
ჭეშმარიტი ქართველი, რომლის ერთადერთი დანაშაული მისი ქართველ-აფხაზობაა, არ უნდა იყოს დავიწყების მძევალი, როდესაც ამ მცირერიცხოვან ქვეყანაში 250 პარტიაა რეგისტრირებული და ამდენი საკრებულოები და მერიები მართავენ ნაწილ-ნაწილ და ერთიანად სახელმწიფოს და არსად გამოკვეთილად მათი ადგილი არ მოიძებნება, რაც ასაკობრივი ინდულგენციის მანიპულირებით აფხაზეთის დევნილი უმაღლესი საბჭოს ლეგიტიმაციის ჩაძირვისა და მათი სიმბოლური ადგილის დაუფლების საბაბი ხდება. ჩნდება ეჭვი, რომ პროვინციული უვიცობა და მდარე ემოციური აფუებულობა ხომ არ იმალება ამ ავ მისწრაფებაში?!
ჭეშმარიტი ოპოზიციონერი არასოდეს არ დასვამს კითხვას ასაკობრივი ცენზის შესახებ, რადგან, ეს იმდენად ბუნებრივი პროცესია, რომ ასაკობრივი გამოცდილება და სიბრძნის დაგროვება სინონიმებია და ახალგაზრდული შემართება და წელთა სიმრავლით მოსული სიბრძნე მსოფლიო გამარჯვების წყაროა. ანდა, „თქვენ უკვე რვა წელია მართავთ ქვეყანას და ახლა ჩვენ უნდა მოვიდეთ!“, რაც თურმე ის „საძაგელი“ დემოკრატიის მოთხოვნა ყოფილა ხალხის ნების გარეშე „მიშვებული ნახირის“ ტოლფასი! უკვე ყოველდღიურად იფრქვევა დემოკრატიის სლოგანთა სიუხვე - „ყველაფერი ნებადართულია“, „მე ყველაფრის უფლება მაქვს!“ თურმე ასეთი უხამსი გამონათქვამების სტატუსის ლეგიტიმურობა კანონზე მაღლა დგას!
საქართველოში ჭეშმარიტ ქართველ-აფხაზს და ქართველს არასოდეს არ უნდა აერიოს ერთმანეთში მავანთა მერკანტილური მისწრაფებები და სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლა, როგორც ეს „აგრესიული ოპოზიციის“ მიმდევრებმა მოისიბრძნეს. პოლიტიკაში ყოფნა არ უნდა ნიშნავდეს საკუთარი თავისა და ხალხის მოტყუებას! დაჩაგრულ პირთა სახელით ცრუ მანიპულირება, თითქოს სიღარიბე უნდა დავამარცხოთ თქვენზე უკეთესად და უფრო სწრაფად, ეს უგერგილო დიპლომატიაა და სხვა არაფერი. ისე, სიღარიბეს საუკუნეებია ებრძვის კაცობრიობა, მაგრამ საბოლოოდ მისი აღმოფხვრის გზების ძიება უსასრულოდ გრძელდება.
თქვენი ყოველდღიური გამოსვლა, განსაკუთრებით, „ოლიგარქიული მმართველობის“ მანიპულირებით, უკიდურესად შხამიანია და საერთოდ იქ, სადაც ღვარძლია, სიყვარულის ადგილი ცარიელია! უსიყვარულოდ კიდევ, მოგეხსენებათ, სიკეთის ხე არ ხარობს. ასე რომ, ყველა თქვენი დაპირება ფერად-ფერად კონტექტში ისტორიის ნაკრძალიდან გამოსულთა მსგავსი პოლიტიკური დალტონიზმით არის დაავადებული. მათ ყალბი და უგერგილო კანონის უცოდინრობის ლიბრი აქვთ გადაკრული გონების თვალზე და არ ფიქრობენ იმაზე, ასეთმა შეუვალმა გულსჩახვეულმა თვითდარწმუნების ჯიუტმა იდეამ შეიძლება წარმოუდგენელი ზიანი მიაყენოს სახელმწიფოს მომავალსა და მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკრალურ მიზანს.
მე, როგორც აფხაზეთის ერთ-ერთი ჭირისუფალი, დიდი ხანია ვაყურადებ თქვენ სულიერ ფერისცვალებას და ვიხედები მის მოუწესრიგებელ წიაღში, სადაც გასაქანი ეძლევა ისეთ რეალობას მოკლებულ კატეგორიებს, როგორიცაა: „უზურპატორი“, „დემაგოგი“, „მე თქვენ დაგამხობთ და გაგასამართლებთ“, ჩვენ მოვალთ ხალხის სახელით და „ყველანი ციხეში!“ და კიდევ ვინ იცის თქვენს მარაზმად ქცეული „დიდი აზროვნების“ სკივრში რამდენი „სიბრძნის“ ასეთი „მარგალიტი“ ინახება! ეტყობა, არ გიფიქრიათ ამ ავადმყოფური სიტყვების ბასრ, ისრისებურ ძალაზე, რომელმაც შეიძლება დაზაფროს ადამიანი. სხვათა შორის, აქ თქვენი „თავისუფალი“ ამომრჩეველიც იგულისხმება. ასეთ მონოლოგებს, ბატონებო, განსაკუთრებული ფიქრი და განსჯა სჭირდება, რადგან ბიბლიის წმინდა აზრს თუ დავესესხებით „... ჯერ იყო სიტყვა და ეს სიტყვა იყო ღმერთი“... და ღმერთი არ შეიძლება იყოს ყალბი... და არ გეჩვენებათ, რომ პოლიტიკური დალტონიზმის დაავადება სახეზეა. გონების თვალზე კი, ყალბი და უტიფარი მეპატრონეების შთაგონების ლიბრი გაქვთ გადაკრული. თქვენ გიფიქრიათ იმაზე, ასეთმა თვითდარწმუნების იდეამ რამოდენა ზიანი შეიძლება მოუტანოს საქართველოს გამთლიანების საკრალურ მიზანს...
საკუთარი კეთილდღეობის გზების ძიება ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობაა, მაგრამ არსებული გარემო-პირობების გათვალისწინებით. ეს გულისხმობს ასაკობრივი, ინტელექტუალური და ფიზიკური შესაძლებლობების ობიექტურ შეფასებას. მარტო ახალგაზრდული სიმხნევე ყოვლისმომცველი და სრულყოფილი ფაქტორი არაა.
არსებობს აფხაზეთის დევნილი სახელისუფლებო სტრუქტურების სოლიდური მასა, სადაც განახლების პროცესი უფრო დინამიკურია და ლეგიტიმაციის ხარისხი კი, მაღალი. მაგრამ ოპოზიციონერთა აგრესიული ნაწილი რატომღაც მთელ შეტევას აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსა და მის წევრებზე ახორციელებს. ამის მიზანი ერთ-ერთი ვერსიით, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული კანონიერი და ლეგიტიმურად ცნობილი აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დაშლისა და გაუქმების მცდელობაა. აქ უფრო შორს მიმავალი მიზნები იკვეთება, რომელსაც ჯუჯა სახელმწიფოების აღიარებისკენ მივყავართ! ესეც ხომ ჭეშმარიტებაა, რომ აფხაზეთის უმაღლესი საბჭო ლეგიტიმაციის მთავარი ნიშაა ქვეყნის გამთლიანებისა. ჩვენ ბრძოლა გვიხდება მსოფლიო ატომური იმპერიის გიგანტთან, რომელიც ყოველი ხერხით ცდილობს, აფხაზეთი, როგორც მსოფლიოში არსებული ერთ-ერთი უნიკალური რეგიონი, ბოლომდე გააკოტროს და მერე უფრო იაფად იყიდოს. ამისი ყველა წინაპირობა მომზადებულია და მცოცავი ანექსია სახეზეა.
წარსული ჭკვიანი მასწავლებელია. ისტორიას დროის განზომილება არ აინტერესებს, მაგრამ უნდა შევიხედოთ მის უსასრულო ლაბირინთებში და იქ გამჭრიახი თვალი დაინახავს ამ იმპერიის გაუმაძღარი უძირო ჭაობი ჭიანჭველების ბუდეებივით როგორ ანგრევდა მისი მორჩილების უსახურ სიბნელეში არდარჩენის მსურველთა სახელმწიფოებრიობასა და ადამიანურ მორალს. განა მისი გზად გამავალი ბუმბერაზი ქუსლები არ მუსრავდა მთელი ორი საუკუნის განმავლობაში ამ პატარა ქვეყანასა და წინაპართა სისხლით გაჟღენთილი ერის სიმდიდრეს, მის მიწა-წყალს? თქვენ კი ცდილობთ მებრძოლი და მიზანმიმართული ადამიანები მოისროლოთ ისტორიის სანაგვეში და რეალური მოვლენები ცალმხრივად წარმოადგინოთ?! ასეთი მიდგომა მიანიშნებს იმ სიცხადეზე, რომ თქვენთვის პოლიტიკასა და ცხოვრებაში მხოლოდ პრინციპებსა და საკუთარი ცნობიერებიდან ამოჩიჩქნილ იდეებს აქვს მნიშვნელობა მხოლოდ თქვენი მორყეული ღობიდან დანახულს...
მართლაც, შემზარავია! თქვენ შეუშფოთებლად მოარყევდით ქვეყნის საძირკველს ერთი თქვენი უგერგილო ამბიციის - ხელისუფალის სავარძლის მოპოვების გულისათვის...
განა საზოგადოებას არ შეუძლია უარი თქვას თქვენს უაზრო ბრალდებებზე: „ოლიგარქიული მმართველობა!“, „უზურპატორი!“ “დემაგოგები!“ „ხალხი გამოგიტანთ განაჩენს!“ თქვენი პრინციპები, მართლაც, „საუცხოოა“, ტრიუმფალური მიზნებით გატენილო პატარა ბრუტუსებო! თქვენთვის წარმოუდგენელია, რამდენად სახიფათოა ხვალინდელი საზოგადოებისთვის თქვენი სამართალი. თქვენ ცდილობთ ჭეშმარიტების ლიკვიდაციას, რაც ნიშნავს, პირველ რიგში, თქვენი და მერე დანარჩენი მოაზროვნე ძალის გაკოტრებას. გარწმუნებთ, ჩვენ ვერ დაგაყენებთ სათნოების გზაზე. ამიტომ ყველა სიტყვას, რომელიც ტრიბუნიდან და ფერადი ეკრანიდან წარმოითქვა ოცდაშვიდი წლის განმავლობაში, მე გავცვლიდი გონიერების ერთ მოქნეულ ფრაზაზე - მამულის სიყვარული!
თქვენი ყოველწუთიერი მისწრაფება და თავისუფლების ქიმერული გაგება, რომელიც „საძაგელი დემოკრატიის“(ჩერჩილი) გაუგებარ და მრავალწახნაგოვან მკვიდრ საძირკველზეა აღმოცენებული, ანარქიას შობს, რომელსაც დესპოტიზმისკენ მივყავართ, ხოლო დესპოტიზმს, კაცთა მოდგმის უპირობო განადგურებისკენ. ათასობით ადამიანი დაიღუპა სამაჩაბლოში, აფხაზეთში, სამოქალაქო ომში, ისევ სამაჩაბლოში და ვერავინ ვერ დარჩა ბოლომდე გამარჯვებული. ხედავთ, როგორი მოჯადოებული წრეა, რომელშიც საუკუნეებია ტრიალებს და კიდევ იტრიალებს მორალური სამყარო. ადამიანების მისწრაფებები სრულყოფის მიზნით ჭეშმარიტებით უნდა იკვებებოდეს, სინამდვილეში კი აღმოჩნდება, რომ მხოლოდ ნივთები გადაულაგებია.
ასეთია თქვენი „აკრობატული ლოგიკის“ (კამიუ) თვალსაჩინო შედეგი. ისე, ხელისუფლება უგუნურად ხომ არ იქცევა, როდესაც ამდენ თავისუფლებას აძლევს უგუნურებს?! მაგრამ ვხედავ, რომ თქვენი უგუნურობა ძვირად იყიდება. განა თქვენი მისწრაფება ხელისუფლებისაკენ ან რბილად, რომ ვთქვათ, თბილი სავარძლებისაკენ, ეს ადამიანური ეგოიზმი არაა ბედნიერების ფოლგაში შეფუთული?!
ის თქვენეული სამყარო და ნახევრადგულწრფელი საზოგადოებრივი ცხოვრება, რომელიც თქვენ აირჩიეთ, მხოლოდ სუსტებისთვისაა ხელსაყრელი. ველურსა და მოაზროვნეს, რომლებიც ზნეობრივი სამყაროს ორ ერთიმეორის საწინააღმდეგო პოლუსზე იმყოფებიან, ერთნაირად ეშინიათ სახელისუფლებო პიედისტალებიდან დაცურების, რადგანაც ორივესთვის ეს მოასწავებს დავიწყების უკუნში გადაბარგებას. ისე, თქვენი თვითდაჯერებული გამოსვლები ლოგიკას თუ არა, განათლებას ნამდვილად არაა მოკლებული. თუმცა „განათლება საუცხოო აბდაუბდაა“(ბალზაკი). თუმცა სინამდვილეში განათლება რეტროგრადიულ ცნებადაც შეიძლება წარმოვიდგინოთ, მაგრამ ეს ნახევრადმისაღები აზრია, მაგრამ სხვა უფრო ამაღლებული გონის მატარებელი პერსონისთვის უფრო უპრიანია პატივსაცემი ადამიანის სახელის მოხვეჭა, ისე რომ საკუთარი თავის წარმოჩენისთვის დააყენოს მხოლოდ სიმართლესთან მიახლოებული აზრების კორიანტელი. ეს თურმე ოპოზიციონერის ცხვრის ქურქივით მორგებული ყალბი მანტიაა მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი აზრის გასამართლებლად. ეტყობა, შემაძრწუნებელი ეგოიზმის გრძნობა ძვალ-რბილშია გამჯდარი და ჩაკირულია თქვენს გონებაში. თქვენ რომ არ გქონდეთ სიცოცხლით პასუხსაგები ვალდებულება მავანის მიმართ და სოლიდური მერკანტილისტური მისწრაფება, მაშინ ასეთ მორევში არ შეცურავდით და ხალხის კეთილდღეობაზე მანიპულაციებს არ მიმართავდით. მიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, მართლა გაღელვებთ ხალხის ბედი და მათი მომავალი?!
ასე მგონია, ხალხი მხოლოდ იმისთვის გჭირდებათ, რომ შეისრულოთ თქვენი იდუმალი მიზნები და ამისთვის ატაროთ ექსპერიმენტული ცდები დაყოთ ისინი თქვენი იდეების მომხრეებად და შესაწირ კურატებად. მაგრამ ისინი არც ისე ბევრნი არიან, ხოლო ჯანსაღად მოაზროვნენი უფრო მეტნი არიან და ყველას აქვს თავისი საკუთარი რწმენის გალავანი და რამდენიც არ უნდა ეცადოთ, თქვენი გონების ხარისხში მაინც ვერ აიყვანთ! მე თქვენ არ მძულხართ, პირიქით, მენანებით, რადგან გასართობი მასხარის როლში გამოდიხართ ჩემისთანა თქვენი იდეოლოგიის „ურწმუნო თომებისთვის“. თქვენ ისეთი ნეგატივების დანერგვას უწყობთ ხელს საზოგადოებაში, როგორიცაა: სიძულვილის დათესვა და ადამიანთა გაუცხოება გათიშე და იბატონეს მორალით.
სამწუხაროდ, საზოგადოების გაუცნობიერებელი ან ინტერესთა მორევში აღმოჩენილი ნაწილი ქმნის „მკვიდრ საძირკველს“(ილია) საზოგადოების დასაშლელად ანუ ჩნდება ზღუდემორყეული საზოგადოების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი! ამის მიღწევა რთულია, მაგრამ საყრდენად არც რელიგიას უხმობთ და არც მატერიალურ ძალას, მხოლოდ ფულით დაბრმავებულ გონებას. აი, საით მიექანება თქვენი „წმინდა“ მიზანი ყველა აკრძალული ხერხით ძალაუფლების დაუფლებისა! ასეთ შემთხვევაში რწმენის დაკარგვა და სასოწარკვეთაში ჩავარდნა დანაშაულის მასტიმულირებელი ფაქტორი ხდება. ისე, თქვენ იცით თუ არა, რომ თქვენგან ნაყიდი დიდი ქვეყნის მეათეხარისხოვანი პერსონა-ჩინოვნიკის მიერ წაქეზებული ადამიანი ან არამზადად, ან იდიოტად, ან ბოროტმოქმედად ყალიბდება, რომლისთვისაც სამშობლო უტერფო აქილევსია, საკუთარი თვალსაწიერის იქით მარტივი უსასრულობა.
ორი ძალა - პოზიცია და ოპოზიცია, ორი ნაპირი თითქოს ერთი ღვთიური მიზნისთვის მებრძოლთა ცენტურიონების არენა, მაგრამ ერთის „ადამიანური მორალი“(კანტი) სასტიკად ეწინააღმდეგება მეორისას, ერთდროულად ტივტივებს ზედაპირზე ჭეშმარიტება და სიყალბე. მაგრამ მეორის მისწრაფებაში ნათლად ჩანს ფიზიკური სიამოვნების ბედნიერი განვითარებისკენ სწრაფვა სულისა და იმედის პროგრესულობის ნიშნით. ისე საინტერესოა, საით მიდის მეორე ნაწილის გზა, ღმერთისკენ, რომელიც ყველაფერშია თუ მოდის ღმერთისგან, რომელიც „უარყავი და აკეთე რაც გინდა“(დოსტოევსკი). მეჩვენება, რომ ისინი ასეთი გზით დაბორიალობენ ამ სამყაროში და ცხოვრობენ უალტერნატივო აზრებით და თეორიის მიღმა მსჯელობენ ფუფუნების სიურპრიზების მოლოდინში. და ამას ბევრი რწმენადაკარგული ადამიანი, რომელთა ნაწილი მცირეა, თვით შთაგონებით პასუხობენ. ცდილობენ გამოჩნდნენ რბილები, როგორც ზღვის ბალახი, მაგრამ სინამდვილეში მშიერი მხეცის ინსტიქტით შებურვილები.
ოპოზიციის მისწრაფებები ისევ და ისევ დემოკრატიის რიტორიკითაა გაჯერებული. დღეს აშკარაა თანამედროვე ნეოლიბერალისტთა წერტილოვანი დარტყმები ადამიანთა ყველაზე სენსიტიურ ადგილებზე და მათი მისწრაფება უბრალო მოკვდავთათვის მიუწვდომელი და მყარად გასაიდუმლებული მიზნებისკენ ჯიუტად სწრაფვა დემოკრატიის ნიღბით.
მსოფლიო პოლიტიკის ისტორიის გამოცდილება ადასტურებს, რომ დემოკრატია არც თუ ისეთი სრულყოფილი ნიშანსვეტია კაცობრიობის ცხოვრებისა. „...მართლად უთქვამთ, რომ დემოკრატია არის მართვის უსაძაგლესი ფორმა, თუ არ მივიღებთ მხედველობაში ყველა დანარჩენს, რაც კი ოდესმე მოუსინჯავთ“(ჩერჩილი). ცხადია, დღეს კაცობრიობის შავი ძალები ნაკლებად იზიარებენ ამ მოსაზრებას, ვინაიდან დემოკრატია მათთვის უალტერნატივო საშუალებაა საკუთარი სიამოვნებისა და ცბიერი მიზნების მისაღწევად.
მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტის გარკვეულ ნაწილში შემორჩენილი ეროვნული ცნობიერებისა და საკუთარი ხალხის კეთილდღეობის ინტერესებზე გადაგებული სახელმწიფო-კუნძულები „შაგრენის ტყავივით“ პატარავდება იმ უბრალო ადამიანების სიცოცხლის ხარჯზე, რომლებსაც სურთ თვითონ იყვნენ საკუთარი ბედის განმკარგავები, მაგრამ ამის უფლება არავის ეძლევა. ამის უპირობო მაგალითები უამრავია, ერაყი, ლიბია, სირია, ბელორუსია... და ხვალ ვინ ჩადგება მათ რიგებში, ღმერთმა უწყის... აშკარაა კაცობრიობის ერთიანი „ახალი მსოფლიო წესრიგის“ ხუნდებში მოქცევა გარდუვალია.
ძლიერია თქვენი მისწრაფება ხელში ჩაიგდოთ სახელმწიფოს მართვის სადავეები. მხოლოდ რა გზებითა და რა ქცევის საშუალებებით ცდილობთ ამას, ამაზე არ ფიქრობთ. ისე წარმოაჩენთ თქვენს შეფარულ მიზნებს, რომ თითქოს ხალხის სიყვარულის სამსალა გქონდეთ შესმული და უშვებდეთ ჯადოსნურ ორთქლს, რომელიც გონებას დაუბინდავს ადამიანებს, რომ ადვილად დაადოთ მათ ხელ-ფეხზე თქვენს მიერ გამოჭედილი ბორკილები. მაკვირვებს და მაფიქრებს თქვენი მაშხალასავით ფეთქებადი ველური სიცილი ერთი ყველაზე დიდი მესამშობლოე და მართალი კაცის მიმართ, სადაც ჩანს თქვენი „აკრობატული ლოგიკის“ ძალა. ყოველნაირად ცდილობთ თქვენი ბოდვით შეპყრობილი ღრიალით საზოგადოება დააჯეროთ და მათ გონებაში ჩაუნერგოთ ყველაზე დიდი იმედგაცრუება, რომ უთქვენოდ ფიქციაა ქვეყნის მომავლის პერსპექტივა. ეს თქვენი ტრაგედიაა, რომელსაც მოჰყვება მზაკვარი ადამიანების კანონზომიერი ფიასკო. თქვენ უკვე ისე ხართ, როგორც გალიაში დამწყდეული დათვი, მაგრამ ყოველი თქვენი გამოსვლა ირონიითაა სავსე და გგონიათ წესიერი და უმწიკლო ადამიანები ხართ, თითქოს იისფერი წარსულიდან მოდიოდეთ და წმინდა საქმეები გიმაგრებდეთ ზურგს...
როგორც ვხედავთ, თქვენზე და არა მარტო თქვენზე შეიძლება უსასრულო მსჯელობა სიმართლისა და ჭეშარიტების დასადგენად, რომელსაც ვერსად გაექცევით, როგორც საკუთარ თავს. მაგრამ ცრუ ოპოზიციონერობა სახეზეა, რომელიც აგრესიულში გადადის. თქვენი ასეთი სულსწრაფობა უკვე დიდიხანია მცდარი გზით გატარებთ, რომელმაც შეჩვევა იცის. ამ შემთხვევაში ასეთი ნააზრევი და ქმედება სიჩლუნგისკენ ლტოლვას აძლიერებს და დღეგრძელად ილექება ტვინში... თქვენ ყოველდღიურად ახალ-ახალ არარსებულ, მანამდე გაუგონარ, პასკვილებს თხზავთ და ამით ცდილობთ მავანთა ნდობის მოპოვებას. რამხელა ბედნიერებაა პროგრესისა და წესრიგის მოყვარული ადამიანებისთვის დღევანდელი ეპოქის შვილობა, რომელსაც შეუძლია კაცობრიობის მონაპოვრით დატკბეს და გაიწმინდოს მიწიერი ჭუჭყისგან. თქვენი ასეთი “ბუნებრივი“ მდგომარეობა განსხვავებულ და უცნაურ პოლუსს წარმოშობს ძალისა და სურვილის ერთიანობის შეერთების პროცესში. თქვენი ყოველ გამოსვლაში სჭარბობს აგრესია, სხვისი შეურაცხყოფა, აქ ჩანს მხოლოდ თქვენი სურვილის ახდენის დემონსტრირება... თქვენ უკვე ცალმხრივი სიბრმავის გამო, რომელსაც ერთი უტყუარი და მცირერიცხოვანთა მაამებელი მიზანი გააჩნია, უკვე არ იცით სად დადგათ ფეხი, როგორი ცივილური მეთოდებით იბრძოლოთ.
საზოგადოებაში უკვე დიდი ხანია აშკარა ხდება მოწინააღმდეგე ძალთა დაპირისპირება, რომელიც დრომოჭულისა და ძველის ჩანაცვლებას უწყობს ხელს, რაც ბუნებრივად უნდა მოხდეს და ეს სიფხიზლისა და პროგრესის საწინდარია. ამასაც დამსახურება უნდა.
ჩვენ, ყველამ ერთად, საუკუნეების შემდეგ ვიგრძენით თავისუფლების გამაბრუებელი სიამოვნება. ჩვენ ვცდილობთ საკუთარი არსებობის დადასტურებას დუმილითა და ხმაურით. ჩვენმა მოხიბლულობამ და დაბნეულობამ ახალი სამყაროს შეცნობისკენ კი არ გვიბიძგა, არამედ, ჩვენ თვითონ დავიწყეთ ჩვენი ახალი ღმერთების ძებნა და ახალი რიტმის შემოტანა ცხოვრებაში. ამას კი დიდი გამძლეობა და სამშობლოს უსაზღვრო სიყვარული სჭირდება. ჯერ სასწორის პინაზე არავის არ დაუდია და არ აუწონია საკუთარი მამულის სიყვარული, ის მარადიულია და უსასრულო, ჩვენ კი ადამიანებს უფრო მეტი დაფიქრება გვმართებს, რომ სახელიანად გავუძლოთ ამ სამყაროს ორომტრიალს!
ამ წერილის დაწერის დროს არაერთხელ მიფიქრია, იქნებ არც ღირდა ქართული ენის მარგალიტების სკივრიდან ამომეკრიფა ჩემი თვალით დანახული თქვენი სახების „შესამკობელი“ სიტყვები. ვფიქრობ, საჭირო იყო ასეთი მინიშნებებიც და შეფასებებიც, რამდენადაც ყველა ქართველი ძვირფასია ჩემთვის.
და ბოლოს: აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ყოველთვის მზად ვართ, მოვუსმინოთ ჯანსაღი აზროვნების ადამიანებს, როდესაც ისინი არიან ჯანსაღი ოპოზიციით მოსულები. ჩვენი, არა აფხაზეთის, არამედ, წმინდა ქართული საქმის კეთილად დაგვირგვინებას, დამერწმუნებით, რომ ერთად დგომით და აზრთა კონსესუსით, მივაღწევთ და არა აგრესიული, პოლიტიკისათვის შეუფერებელი პასკვილებით.
ჩვენი მისია საკრალურია, აფხაზეთისთვის ბრძოლას მეტად ბრძნული ნაბიჯების გადადგმა მოუხდება. ეს შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ერთობითა და ურთიერთთანადგომით. საუკეთესო გამოსავალი ერთმანეთის პატივისცემა და მოსმენაა.
სამწუხაროდ, ეს პრობლემა მხოლოდ ჩვენ არ გვეხება, იგი ისტორიულად ზოგადქართულია. დღეს, ფაქტობრივად, ჩვენი ერი ორ ნაწილადაა გახლეჩილი. ეს კი სიკეთის ხის გახარებას არ შეუწყობს ხელს. მხოლოდ და მხოლოდ საერთო ნიადაგზე დგომით შეიძლება გამარჯვება!
მურმან კვარაცხელია,
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი