მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას პრესკონფერენცია გაიმართა

რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის გზით საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის ჩამოყალიბების 45 პუნქტიანი პროგრამის განხორციელების უზრუნველსაყოფად და ამ პროგრამის რეალიზების მოწინააღმდეგე აფხაზური საზოგადოების დასაშოშმინებლად რუსეთი აფხაზეთს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამას სთავაზობს.  უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ პრესკონფერენციაზე ამ თემაზე ვრცლად ისაუბრა.

ჯემალ გამახარიას თქმით, რუსეთი აფხაზეთს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების  პროგრამას სთავაზობს, რომელიც 2022-2025 წლებზეა გათვლილი და მიზნად 2020 წლის ნოემბერში დადებული, 45- პუნქტიანი პროგრამის შესრულების დაჩქარებას ისახავს.

 

როგორც ჯემალ გამახარია აცხადებს, რუსეთი აფხაზეთის ანექსიას უკვე ღიად შეუდგა.

 

„აფხაზეთის „სოციალურ-ეკონომიკური განვითარების“ ე.წ. პროგრამას რაც შეეხება, ეს აფხაზებისთვის შემოგდებული ახალი თემაა. ბევრჯერ გვისაუბრია იმის თაობაზე, რომ რუსეთი უკვე ღიად შეუდგა აფხაზეთის მცოცავი ანექსიის პოლიტიკის რეალურად განხორციელებას. ჯერ კიდევ 2020 წლის 12 ნოემბერს 45- პუნქტიანი პროგრამა მიიღეს, რომლის განხორციელების პირველი ეტაპი ამ წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. 2021 წლის ბოლოს 45 პუნქტიდან 15 პუნქტი უნდა შესრულდეს, მაგრამ ამ წუთისთვის არცერთი პუნქტი შესრულებული არაა. დე ფაქტო ხელისუფლებას ხელი აქვს მოწერილი და ამაზე უარს ვერ ტყვის, მაგრამ საზოგადოების უკმაყოფილება ამ პროგრამის გამო იმდენად დიდია, რომ პროცესი ჭიანურდება. სწორედ იმ მიზნით, რომ ამ 45- პუნქტიან პროგრამას, რომელიც, ფაქტობრივად, აფხაზეთის ანექსიის პროგრამაა, საფრთხე არ შეექმნას და უკმაყოფილო მოსახლეობა დააშოშმინონ, მოიფიქრეს, დადონ ახალი პროგრამა, რომელსაც „აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა“ ჰქვია. ახლა ამ პროგრამის შემუშავების პროცესი მიმდინარეობს დ ამ წლის ბოლომდე ის დამტკიცებული უნდა იყოს. ეს ორი პროგრამა ერთმანეთზეა მიბმული. ახალი პროგრამის მიზანი იმ 45- პუნქტიანი პროგრამის დაჩქარეებაა.

 

საქმე რაშია: აფხაზებს აქვთ შიში, თუ ის 45 -პუნქტიანი პროგრამა განხორციელდება, მათი ქაღლადზე არსებული დამოუკიდებლობაც კი გაქრება და აფხაზეთისგან არაფერი დარჩება. მათ ეუბნებიან, იმ პროგრამას რომ განახორციელებთ, ნახეთ, რა სოციალური -ეკონომიკური განვითარება გელოდებათო.

 

2 სექტემბერს სოხუმში რუსეთის მთავრობის წარმომადგენლები, ეკონომიკური განვითარების მინისტრისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეები იყვნენ ჩასულები. ეს ადამიანები იხილავდნენ იმას, თუ როგორ მიმდინარეობს იმ 45 – პუნქტიანი პროგრამის შესრულება და როგორ მიდის ახალი პროგრამის ჩამოყალიბება“, – განაცხადა ჯემალ გამახარიამ.

 

მისივე თქმით, აფხაზეთში რასაც რუსეთი დააფინანებს, რაშიც დიდ ფულს ჩადებს, ყველაფერი რუსეთის საკუთრებაში გადადის.

 

„საერთოდ, რუსეთი რა პროგრამასაც  უნდა ახორციელებდეს აფხაზეთში, ის ყოველთვის მიმართულია იქეთკენ, რომ ქაღალდზე არსებული დამოუკიდებლობა უფრო და უფრო შეზღუდოს, მცოცავი ანექსიის პოლიტიკა დააჩქაროს.

 

ამ ორივე პროგრამის მიზანი რაც შეიძლება სწრაფად და უმტკივნეულად მცოცავი ანექსიის განხორციელებაა. ისინი ახალ პროგრამაზე საუბრობენ, რომელიც 2022-25 წლებზეა გათვლილი. მაგრამ რუსეთი, ადრე დადებული ხელშეკრულებების თანახმად, ყოველწლიურად აფხაზეთს სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის გარკველ თანხებს ურიცხავს. 2021 წლის ინვესტიცია ჯერ ჩარიცხული არაა იმიტომ, რომ 45- პუნქტიდან ჯერ არცერთი არაა შესრულებული.

 

რაც შეეხება ახალ პროგრამას: ძირითადად, იქ საუბარია ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. გზები მხოლოდ იქაა, სადაც რუსეთის სამხედრო ბაზებთან მისასვლელია, დანარჩენი გზა ამორტიზებულია. ამ პროგრამაში განსაკუთრებული ადგილი ენერგეტიკას უკავაია. ვისაც დიდი ინტერესი აქვს, სურს, ხელში ენერგეტიკული ინფრასტურქტურა ჩაიგდოს.  პრობლემებია წყლით მომარაგებაში. საჭიროა ახალი ინფრასტრუქტურა. აეროპორტი, საზღვაო მიმოსვლა, ნარჩენების უტილიზაცია, ქრისტიანული ძეგლების რეაბილიტაცია – რეკონსტურქცია, რაც დიდ საფრხესთანაა დაკავშირებული – ეს ის ძირითადი საკითხებია, რაც ბჟანიამ მოსკოველ მაღალჩინოსნებთან ჩამოყალიბა.

 

საერთოდ, რასაც რუსეთი აფხაზეთში დააფინანსებს, რაშიც დიდ ფულს ჩადებს, ის ყველაფერი შემდეგ რუსეთის საკუთრებაში გადადის“, – განაცხადა გამახარიამ.

 

მისივე თქმით, აფხაზურ საზოგადოებაში ხსენებული პროცესების გამო უკმაყოფილებაა, ოპოზიცია კი დე ფაქტო მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქციებს აანონსებს.

 

„ეს ორი პროგრამა რომ შესრულდება, აფხაზეთი იმ საერთო სოციალურ – ეკონომიკურ სივრცეში მოექცევა. ამ საერთო სივრცეში აფხაზების ადგილი უკვე აღარ იქნება. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას, ოპოზიციის გააქტიურებას იწვევს. ოპოზიცია დე ფაქტო მთავრობის გადადგომას ითხოვს, აცხადებენ, რომ ამ მოთხოვნით ოქტომბერში აქციებს დაიწყებენ. ამ ე.წ. პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას თან დიდი პროპაგანდისტული, ანტიქართული, ანტიდასავლური აგიტაცია ახლავს. ეს აგიტაცია ბოლო პერიოდში გააქტიურდა. რუსეთიდანაც ჩამოდიან გარკვეული პირები იქ, ღონისძიებებს ატარებენ. აფხაზებს ეუბნებიან, რომ თუ პროგრამას შეასრულებთ, გაქვთ დიდი შანსი, „ევრაზიულ კავშირში“ შეხვიდეთ და თქვენი აღაირების პროცესი გაგრძლდებაო. ეს სრული სიცრუეა. ესაა აფხაზებისთვის შემოგდებული სატყუარა“, – განაცხადა ჯემალ გამახარიამ.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში. 09.09.2021წ.
https://youtu.be/M6Xu103a5yA

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions