წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს გილოცავთ!

წმიდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედი მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი იყო. ის აღიარებულია, როგორც მართლმადიდებლური, ისე კათოლიკური, ანგლიკანური და ლუთერანული ეკლესიის წმინდანად.

 

წმინდა ნიკოლოზი სრულიად საქართველოს, ქართული ეკლესიის მფარველად არის აღიარებული. საოცრებებით გამორჩეულ წმინდანს ქართველი მართლმადიდებლები ოდითგან სცემდნენ თაყვანს. ის გაჭირვებულთა შემწე, სნეულთა მკურნალი, სათნო, ღვთისმოშიში და ადამიანების დასახმარებლად დაუღალავი მლოცველი იყო, რასაც გადმოცემის თანახმად, საკვირველი სიკეთე მოჰქონდა ყველასთვის.

აფხაზეთის ტერიტორიაზე ფუნქციონირებდნენ წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიები ტამიშში, რეჩხში, ზემო ცხირში, აჟარაში. ისტორიული წყაროებიდან არის ცნობილი, რომ სამეგრელოში მყოფი რუსი ელჩები 1640 წლის 4 თებერვალს სოფელ გამბლში//ღამბლში (დღევანდელი ბესლახუბა) XVI საუკუნეში აგებულ წმ. ნიკოლოზის ეკლესიას სტუმრობდნენ. 1640 წლის 9 თებერვალს კი იმავე ელჩებს მოქვის ისტორიულ ტაძარში ნიკოლოზ სასწაულმოქმედის წმინდა ნაწილები ანახეს.

მართლმადიდებელი ეკლესია ორჯერ აღნიშნავს წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედის ხსენების დღეს: 19 დეკემბერს, როცა იგი გარდაიცვალა და 22 მაისს, როცა მირონლუკიიდან ბარში  მისი წმინდა ნაწილები გადაასვენეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია დევნილ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს, სრულიად საქართველოს ულოცავს ნიკოლოზობის ქრისტიანულ დღესასწაულს და უსურვებს ყველა ოჯახს შეეწიოს სასწაულმოქმედი წმინდანის მადლი და ძალა, თითოეულ ჩვენგანს, სრულიად საქართველოს, უფლის შეწევნით, წარმატებით დაგვაძლევინოს ყველა არსებული გამოწვევა და შეგვაძლებინოს ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, ეკონომიკური გაძლიერება, მისი სუვერენიტეტის, თავისუფლების განმტკიცება.

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions