დაჯილდოება აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში

30 იანვარს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში  ღვაწლმოსილი ადამიანების უმაღლესი საბჭოს მედლით დაჯილდოების ცერემონია პირველად გაიმართა.

უმაღლესი საბჭოს მედალი  დაჯილდოებულებს გადასცა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ. ის მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და თითოეული დაჯილდოებულის ღვაწლზე და დამსახურებაზე ისაუბრა.

ჯემალ გამახარიამ აღნიშნა, რომ პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით უმაღლესი საბჭოს პირველი მედალი მიენიჭა ახლახან გარდაცვლილ კოლეგას, მაღალი დონის პროფესიონალს, ჟურნალისტს ქალბატონ დალი ჯონჯუას, რომლის ოჯახის წარმომადგენელსაც გადაეცა ეს ჯილდო. ჯემალ გამახარიამ მადლობა გადაუხადა მედლის ესკიზის ავტორს უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს ნუგზარ მგალობლიშვილს გაწეული სამუშაოსთვის.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ, უმაღლესი საბჭოს მოადგილემ რუდიკ ცატავამ, უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა დავით ჯალაღონიამ და ლალი გაბისონიამ, სამადლობელი სიტყვით გამოვიდნენ დაჯილდოებულები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აპარატის წარმომადგენლები.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს მედლით დაჯილდოვდნენ:

1. დალი ჯონჯუა(გარდაცვალების შემდეგ) - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეს-სპიკერი, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში აფხაზეთში საომარი მოქმედებებისა და შემდგომი პერიოდის მოვლენების, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის საინფორმაციო უზრუნველყოფის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

2ზურაბ ხონელიძე - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში უმაღლესი განათლების სისტემისა და მეცნიერების განვითარებაში, საუნივერსიტეტო დიპლომატიის კონცეფციის შემუშავებისა და მშვიდობის მშენებლობის  საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის,   უმაღლეს საბჭოსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის.

 

3. ნუგზარ მგალობლიშვილი - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მედლის ესკიზის ავტორი, გამოჩენილ ხელოვანი, თვალსაჩინო სახელმწიფო-პოლიტიკურ მოღვაწე.

4. ზურაბ ჯგუბურია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ქართული კულტურული მემკვიდრეობის შესწავლაში, დაცვასა და საერთაშორისო არენაზე მის პოპულარიზაციაში, უმაღლესი საბჭოს საგარეო კავშირების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

5. ნანა კვარაცხელია - უმაღლესი საბჭოს აპარატის დევნილებთან, ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობასთან ურთიერთობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების  სამსახურის უფროსი, აფხაზეთის  ავტონომიურ რესპუბლიკაში კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების რეგულარულად ჩატარებისთვის, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დისტანციური სწავლების მეთოდების შემუშავებისა და დანერგვისთვის, აფხაზეთიდან დევნილების მიმართ გაწეული ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, უმაღლეს საბჭოში განხორციელებული პროექტებით საერთაშორისო აღიარების  მოპოვებისთვის, სამსახურებრივი მოვალეობების ზედმიწევნით შესრულებისთვის, აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობისთვის.
























ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions