მსოფლიოში უმსხვილესმა ამერიკულმა ნავთობკომპანია “ექსონმობილმა“ და რუსულმა “როსტნეფტმა“ ხელი მოაწერეს შეთანხმებას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია შავი ზღვის მარაგების ათვისება. “როსნეფტი“ შავი ზღვის პროექტებში 55 მილიარდი დოლარის ჩადებას აპირებს. იმავე მიმართულებით ”როსნეფტს” ხელშეკრულება აქვს გაფორმებული იტალიურ კომპანია “Eni“-სთან.
ასევე ცნობილია, რომ 2010 წელს “როსნეფტმა“ სოხუმთან ხელი მოაწერა შეთანხმებას შავ ზღვაში “აფხაზეთის შელფის“ გეოლოგიური შესწავლის შესახებ, რომლის თანახმად რუსულ კომპანიას სამუშაოების ჩატარების უფლება მიეცა. ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს აფხაზეთის ტერიტორიაზე ავტოგასამართი კომპლექსების ქსელის განვითარებას. სოხუმში უკვე დაიწყო “როსნეფტის“ ავტოგასამართი სადგურების მშენებლობა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თამაზ ხუბუას განცხადებით, ამ შეთანხმებაში არაფერია ნათქვამი საქართველოს ინტერესების გათვალისწინებაზე.
“სახეზეა აღნიშნულ სფეროში რუსეთ-ამერიკა-ევროპის თანამშრომლობის გლობალური პროექტის ფუძეჩაყრა საქართველოს წიაღისეულის სიმდიდრეების ასათვისებლად საქართველოს გარეშე და ამ შემთხვევაში აქცენტი გაკეთებულია შავი ზღვის სანაპიროს აფხაზეთის მონაკვეთზე არსებულ ნავთობსაბადოებზე. აშშ და ევროპა ცნობენ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. მე მოუწოდებ მსოფლიო თანამეგობრობას არ დაუშვას სხვადასხვა კომპანიის, მათ შორის ისეთი მსხვილი ამერიკული კომპანიის როგორიც “ექსონმობილია“, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო საქმიანობა“ - აცხადებს თ. ხუბუა.