წიგნის - ”ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან. აფხაზეთი უძველესი დროიდან დღემდე” პრეზენტაცია-განხილვა მოეწყო

 

31 მაისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტის ინიციატივით მოეწყო წიგნის - ”ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან. აფხაზეთი უძველესი დროიდან დღემდე” პრეზენტაცია-განხილვა.

 

14 ავტორის მიერ წარმოდგენილი წიგნი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების დაფინანსებით გამოიცა. სარედაქციო საბჭოს ცნობილმა მეცნიერებმა, ჯემალ გამახარიამ, თამაზ ბერაძემ და თეიმურაზ გვანცელაძემ უხელმძღვანელეს.

 

ავტორთა ჯგუფის ამოცანას წარმოადგენდა აფხაზეთის ტერიტორიის ეთნოპოლიტიკური ისტორიის გაშუქება, არგუმენტირებული პასუხის გაცემა სეპარატისტ-ფალსიფიკატორებისთვის. მთავარი არგუმენტი კი ქართული და უცხოური ისტორიული წყაროებია, რომელთა ცნობებითაც არის გაჯერებული წარმოდგენილი ნაშრომი.

 

ნაშრომს განსაკუთრებულ ღირებულებას სძენს ის ფაქტი, რომ მასში წმინდა ისტორიული საკითხების გარდა, ცალკე თავებად არის შესული გამოკვლევები ყველა მომიჯნავე დარგიდან - ანთროპოლოგიიდან, არქეოლოგიიდან, ისტორიული გეოგრაფიიდან, ლინგვისტიკიდან. ავტორთა განმარტებით, ნარკვევის მიზანს წარმოადგენს ისტორიული სინამდვილის აღდგენა, ისტორიულ-მეცნიერულ წყაროებზე დაყრდნობით კიდევ ერთი უტყუარი დადასტურება იმისა, რომ აფხაზეთი დასაბამიდან ქართველებით დასახლებული საქართველოს განუყოფელი ტერიტორია იყო.

 

წიგნის შესავალში აღნიშნულია, რომ ნაშრომს არანაირი კავშირი არა აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს მიმდინარე პოლიტიკასთან, აფხაზეთის მომავალი სტატუსის განსაზღვრასთან. კრებული მიზნად არ ისახავს რაიმე სახის ზემოქმედებას დღეს არსებულ ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე, არამედ ეს არის დოკუმენტურად უტყუარი ისტორიული სიმართლის აღდგენა. ამით კრებული მეცნიერულად დასაბუთებულ პასუხს სცემს აფხაზეთის ახალშობილ, გაყალბებულ ისტორიას, რომელსაც სეპარატისტები, კრემლის მითითებით, ადგილზე ასწავლიან და უცხოეთში ავრცელებენ.

 

წიგნის მთავარი რედაქტორის, პროფესორ ჯემალ გამახარიას განცხადებით, ”საქართველოს ისტორიის ნარკვევები. აფხაზეთი უძველესი დროიდან დღემდე” უკვე გადაეცა ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკას, გაგზავნილია ინგლისში, პოლონეთში, იტალიაში, ლათინურ ამერიკასა და აღმოსავლეთ რიგ ევროპის ქვეყნებში. ამ თვალსაზრისით მუშაობა გაგრძელდება.

 

გამოკვლევამ, როგორც მეცნიერ-ისტორიკოსთა, აგრეთვე პოლიტიკოსთა დიდი ინტერესი გამოიწვია.

 

პრეზენტაციას უძღვებოდა პროფესორი როინ მეტრეველი. კრებულს მაღალი შეფასება მისცეს საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ შოთა მალაშხიამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ.

 

 

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions