გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 3 ივლისს ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა საქართველოს მიერ ინიცირებული მეხუთე რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 60-მა სახელმწიფომ, წინააღმდეგი კი 15 აღმოჩნდა. ქართული მხარის განცხადებით, გაეროს გენერალურ ასამბლეაში რეზოლუციის ყოველწლიური ინიცირება მიზნად ისახავს ამ საკითხისადმი საერთაშორისო ყურადღების მიპყრობას.
აღნიშნულ ფაქტს დადებითად აფასებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ჯემალ გამახარია, რომელიც აცხადებს, რომ მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა რუსეთის მხრიდან, 2012 წლის 3 ივლისს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია საქართველოს სასარგებლოდ, რითაც კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, საკუთარ სახლში დევნილთა დაბრუნების უპირობო უფლება, დემოგრაფიული ვითარების იძულებით შეცვლის დაუშვებლობა; ხაზი გაუსვა დევნილთა ქონებრივი უფლებების დაცვის აუცილებლობას. იგი შეიცავს მოწოდებას ყველასადმი თავი შეიკავონ ამ უფლების დარღვევით ქონების შეძენისაგან.
“აღსანიშნავია, რომ მსგავსი რეზოლუციების მხარდამჭერ სახელმწიფოთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება და სამოცამდე (15-ის წინააღმდეგ) მიაღწია, რაც ქართული დიპლომატიის წარმატებად უნდა ჩაითვალოს“ - აცხადებს ჯ. გამახარია.
“სამწუხაროდ, გაეროს რეზოლუციები ხშირად არ სრულდება. არ ვიცით რა ბედი ელის 3 ივლისის რეზოლუციასაც, მაგრამ, ყველა შემთხვევაში, მისი მიღება წინგადადგმული ნაბიჯია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაციის გზაზე. დასასრულს, არ შემიძლია სინანული არ გამოვთქვა იმის, გამო, რომ ზოგიერთმა მეზობელმა თუ არამეზობელმა, მაგრამ მეგობარმა ქვეყანამ ხმა არ მისცა ან თავი შეიკავა რეზოლუციის მიღებისას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ჰუმანიტარული (და არა პოლიტიკური) ხასიათისაა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს, მათ შორის აფხაზეთის ლეგიტიმურ ხელისუფლებას წინ უზარმაზარი სამუშაო აქვთ, რათა სიტუაცია რადიკალურად შემოტრიალდეს ჩვენს სასარგებლოდ“ - განაცხადა ჯ. გამახარიამ.