თამაზ ხუბუა: “ისრაელი კვლავაც იქნება საქართველოს უახლოესი სტრატეგიული პარტნიორი და მხარდამჭერი“

 

პალესტინისთვის გაეროს ”არაწევრი დამკვირვებელი სახელმწიფოს” სტატუსის მინიჭების თემამ საქართველოში არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია. 3 დეკემბერს, ჯერ კიდევ არ იყო გარკვეული თუ რატომ მიიღო საქართველომ გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორების პოზიციას ეწინააღმდეგება. აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, გადაწყვეტილება პარტნიორებთან მოლაპარაკებების შემდეგ იქნა მიღებული.

 

იმავე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოში ისრაელის ელჩმა იუვალ ფუქსმა განაცხადა, რომ “ისრაელი გაწბილებულია საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯით“. მიუხედავად ამისა, ელჩი ამ პრობლემას პირდაპირ არ უკავშირებს საქართველოში ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის დაგეგმილი ვიზიტის გადადებას. უკმაყოფილება იმდენად დიდი არ არის, რომ სერიოზული კორექტივები შეიტანოს ორი ქვეყნის ურთიერთობაში, როგორც ამას ბევრი ვარაუდობს. ელჩმა განაცხადა, რომ ისრაელის დიპლომატიური მისია კვლავაც რჩება საქართველოში და განაგრძობს მუშაობას ორი ქვეყნის ურთიერთობათა შემდგომი გაღრმავების მიზნით.

 

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ თამაზ ხუბუამ განაცხადა, რომ “იმთავითვე უნდა დავაზუსტოთ, რომ პალესტინის რესპუბლიკას ამ გადაწყვეტილებით დამოუკიდებლობისა და გაეროს სრულუფლებიანი წევრის უფლებები არ მიუღია. მას ისრაელ-პალესტინას შორის არსებული პოლიტიკური დაპირისპირების პროცესში მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული რანგით ადრინდელზე უფრო მაღალი საფეხურის დამკვირვებელი სახელმწიფოს სტატუსი მიენიჭა. დღეისათვის არსებული შეფასებები და გამოხმაურებები ებრაელი პოლიტიკოსების მხრიდან მოწმობენ, რომ ისრაელი, რბილად რომ ვთქვათ, არ ელოდა საქართველოს მსგავს ნაბიჯს. იმოქმედებს თუ არა ისრაელი პოლიტიკური ”ნიშნის მოგებით” და აღიარებს თუ არა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას? ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს არ მოხდება“.

 

“ისრაელი კვლავაც იქნება საქართველოს უახლოესი სტრატეგიული პარტნიორი და მხარდამჭერი ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული მშენებლობის პროცესში. ისიც მინდა ვთქვა - პირადად ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, გაეროს აღნიშნული გადაწყვეტილების მოღებისას ცალსახად თავს შევიკავებდი“ - აცხადებს თ. ხუბუა.

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions