ჩვენ გვმართებს ერთად და შეთანხმებულად გადავდგათ სწორი ნაბიჯები

 

აფხაზეთის ა/რ უმაღლეს საბჭოში გაიმართა შეხვედრა საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილთან, რომელსაც ესწრებოდნენ პრეზიდიუმის წევრები.  უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ელგუჯა (გია) გვაზავას სიტყვებით, ეს იყო ქვეყნის ახალი ხელისუფლების წარმომადგენლის პირველი შეხვედრა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტაციასთან.

 

შეხვედრაზე ბატონებმა პაატა ზაქარეიშვილმა და გია გვაზავამ, ასევე პრეზიდიუმის წევრებმა ისაუბრეს საქართველოს ახალი ხელისუფლების ხედვაზე აფხაზეთის პრობლემატიკასთან დაკავშირებით, კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარების გზებზე და ამ საქმეში აფხაზეთის ლეგიტიმური სტრუქტურების მონაწილეობის შესახებ.

 

გია გვაზავა: უნდა ვაღიაროთ, რომ წინა ხელისუფლების დროს ფაქტიურად შეზღუდული იყო ასეთი სახის შეხვედრები, თითქოს მზაობა კი იყო ერთობლივი მუშაობისთვის, მაგრამ რატომღაც ყოველთვის ფერხდებოდა. ჩვენ ახლაც გვაქვს შემუშავებული სტრატეგია აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით, რომლის განხორციელებასაც შეიძლება დასჭირდეს გაღრმავება, დახვეწა, სახსრები და ა.შ. ჩემი აზრით, ეს თუ ამუშავდება, წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.  ჯერჯერობით აფხაზურ მხარესთან ჯანდაცვის პროგრამის მეშვეობით არსებობს კონტაქტი, გარკვეულწილად განათლების პროგრამაც მუშაობს, ეკონომიკა ნაკლებად, მაგრამ მაინც ყველასათვის ცნობილი ფაქტია, რომ აფხაზები პერიოდულად გადმოდიან ენგურს და კერძო ვაჭრობით არიან დაკავებული. მართალია, ეს პრობლემას ვერ გადაწყვეტს, მაგრამ ერთ-ერთი სამოქმედო ბერკეტი ხომ არის. ამას წინათ მე მქონდა შეხვედრა რამდენიმე აფხაზთან, რომელთა შორის ახალგაზრდებიც იყვნენ და გულახდილად შემომჩივლეს, თითქოს ნანობდნენ კიდეც ქართველებთან ჩატეხილ ხიდზე, იმავდროულად აფხაზური ეთნოსისთვის არსებულ საფრთხეზეც ილაპარაკეს. უკვე თავად აფხაზები ხვდებიან, რომ რუსული ექსპანსია მათთვის გაუსაძლისი გახდა. ბატონ პაატას ამ საკითხში დიდი გამოცდილება აქვს, მაგრამ მინდა განვაცხადო, რომ აფხაზეთის საზოგადოებაში არსებობს დიდი პოტენციალი, რომლის გამოუყენებლობა სახალხო დიპლომატიაში არ იქნებოდა სწორი. როცა ჩვენ გვეკითხებიან, რა რესურსები გვაქვს კონფლიქტის მოსაგვარებლად, ვპასუხობთ - სიმართლე და სიყვარული. სიმართლე შეიძლება იყოს მწარე, მაგრამ მაინც უნდა ითქვას, იმიტომ რომ ტყუილსა და ნახევარ სიმართლეზე დაფუძნებული ურთიერთობა ისევ ჩიხში შეგვიყვანს.

 

პაატა ზაქარეიშვილი: მე მიხარია თქვენი ასეთი შემართება. მე ბევრ თქვენგანს პირადად გიცნობთ, ომი ერთად გამოვიარეთ და ჩემთვის ძვირფასი ადამიანები ხართ. თუმცა ხშირადაც გვიკამათია, მაგრამ ეს ჩვეულებრივი ამბავია. დღეს საჭიროა უფრო მეტი სიფრთხილით ავწონ–დავწონოთ ყველაფერი და  ისე ვიმუშაოთ უკვე კოლეგებთან, მეგობრებთან, ოპონენტებთან, ოპოზიციასთანაც. თუ რამეს ვედავებოდი მე წინა ხელისუფლებას, ის იყო, რომ არ აკეთებდნენ იმას, რაც, ჩემის აზრით, გასაკეთებელი იყო. დღეს ჩვენი პოლიტიკა უნდა იყოს და იქნება განსხვავებული იმით, რომ მაქსიმალურად ფრთხილად ვიმოქმედებთ ყველა რისკის გათვლით, რა თქმა უნდა ამის გარეშეც არ იქნება. მოგეხსენებათ, აბსოლუტურად იდეალურად არაფერი არ ხდება. ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს ჩვენი თამამი ნაბიჯების, რადგანაც ჩვენი ოპონენტი – აფხაზური საზოგადოება არც იმდენად არის მზად დამოუკიდებლობისთვის და არც დიდი რესურსები გააჩნია ამისთვის. ასეთია ჩემი პოზიცია და ასეთი იყო ყოველთვის. თუ ჩვენ არ გადავდგით თამამი ნაბიჯები, მაშინ ამას რუსეთი გააკეთებს. ჩვენ მათ სხვა გზას არ ვუტოვებთ. აფხაზ ხალხს ორი გამოსავალი აქვს – რუსეთი ან საქართველო. მათი აზრით, ორ უარყოფით ფენომენს შორის ისინი იძულებული არიან რუსეთისკენ გაიწიონ, რადგან რუსები უსაფრთხოების „რაღაც“ გარანტიებს აძლევენ. ჩვენ ეს უნდა მოვსპოთ. მე ვეთანხმები ბატონ გიას იმაში, რომ რუსეთი აფხაზებს გულზე არ ეხატებათ, მაგრამ მე უფრო რეალურს გეტყვით: გულმხურვალე რუსეთუმეები იქ არ არიან. არიან ისეთები, რომლებიც ფიქრობენ, რომ რუსეთის გარეშე ვერ იარსებებენ და ამიტომაც რუსეთს უნდა ჩამოეკიდონ. არიან ისეთებიც, რომლებიც ფიქრობენ ქართველებთან საერთო ენის გამონახვას, პოლიტიკური ვაჭრობით მაინც. მათ ესმით, რომ რუსეთი მათი მტერია, მაგრამ ფიქრობენ, რომ ჩვენ უფრო დიდი მტერი ვართ.  აი, ეს არის დღევანდელი აფხაზეთის პრობლემა და ჩვენ უნდა მოვახერხოთ რუსეთის ჩვენით ჩანაცვლება. ოკუპაციამ აფხაზებს მოუტანა ის, რომ ძალიან ძვირი დაუჯდათ ე.წ. დამოუკიდებლობა. მაგალითად, რუსული ბაზები, ეკონომიკა, რუსული რუბლი, სასაზღვრო ჯარები. ერთ–ერთმა მაღალი დონის აფხაზმა ჩინოვნიკმა, რომელსაც შეგნებულად არ ვასახელებ, მითხრა: „ადრე ჩვენ გვქონდა დამოუკიდებლობა და არ გვქონდა აღიარება, ახლა გვაქვს აღიარება, მაგრამ არ გვაქვს დამოუკიდებლობა“. ერთადერთი ტრიბუნა, სადაც დღეს ქართულ-აფხაზური მხარე ერთმანეთს ხვდება, არის ჟენევა. ჩვენი ამოცანაა, ჟენევაში შენარჩუნდეს ქართულ–რუსული კომპონენტი და არა ქართულ-აფხაზური, ან ქართულ-ოსური, როგორც ეს რუსეთს აწყობს. ჩვენ გვინდა უშუალო ურთიერთობის დამყარება ჩვენს აფხაზ და ოს ოპონენტებთან, მაგრამ არა ჟენევის ხარჯზე. ჟენევის ფორმატი ერთია და ჩვენი პირადი ურთიერთობები მეორეა. ურთიერთობების აღდგენა უნდა მოხდეს კონკრეტული თემებითა და საქმეებით. თქვენ ჩემზე კარგად იცით აფხაზური საზოგადოების მდგომარეობა, ჩვენ ერთმანეთს აზრებს ვუზიარებთ, მე თქვენგანაც ვღებულობ ინფორმაციებს. ეს არის სწორედ ის აუდიტორია, სადაც ნახევარი სიტყვით უგებენ ერთმანეთს, ჩვენ თანამოაზრეები და პროფესიონალები ვართ. ამიტომ ჩვენ გვმართებს მშვიდად, წყნარად, აუღელვებლად ერთად და შეთანხმებულად გადავდგათ სწორი ნაბიჯები.

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions