ისინი იცავდნენ სამშობლოს: 15-18 მარტის გმირული ბრძოლებისადმი მიძღვნილი საღამო კულტურის საერთაშორისო ცენტრ ”მუზაში“

 

 

საღამო, რომელიც აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ და მთავრობამ 15-18 მარტის გმირულ ბრძოლებს მიუძღვნეს, გაიმართა 16 მარტს მ.ბერძენიშვილის სახელობის კულტურის საერთაშორისო ცენტრ ”მუზაში“. საღამოზე მოწვეული იყვნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები, აფხაზეთის საზოგადოებრობის წარმომადგენლები.

 

საღამოს წარუძღვა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა სოხუმის მისადომებთან განხორციელებული საბრძოლო ოპერაციის დროს ქართული შეიარაღებული ძალების მებრძოლების გმირული გამარჯვება. მისი თქმით, ეს არის იმედის დღე, ხვალინდელი გამარჯვებების, ობიექტური სამართლიანობის დამკვიდრებებისთვის პასუხისმგებლობის დადასტურების დღე.

 

გორისა და სამთავისის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ (გვაზავა) აკურთხა ღონისძიება, დამსწრე  საზოგადოებასთან ერთად ერთობლივი ლოცვა წაიკითხა გარდაცვლილთათვის. მან აღნიშნა, რომ აფხაზეთის ძმათამკვლელი ომი, რომელიც უცხო ძალამ მოახვია თავს  მანამდე წლების მანძილზე მეგობრულად მცხოვრებ მოსახლეობას, იყო გაუცნობიერებელი იყო ხალხის მიერ და ამდენად, იყო დიდი შეცდომა ქართველთა და აფხაზთა თანაცხოვრების ისტორიაში.

 

„ეს დღე არის ჩვენი წინაპრების გმირული და მებრძოლი გენის გაელვება, რითაც ისინი მტერს აკვირვებდნენ  და გამარჯვებას აღწევდნენ. ჩვენ პატივს მივაგებთ სამშობლოს ერთიანობისათვის ბრძოლებში  ათასობით დაღუპულ  მებრძოლს, უგზოუკვლოდ დაკარგულ, წამებით დახოცილ, მშვიდობიან მოსახლეობას. მიუხედავად იმ ტკივილებისა, რაც ერთმანეთს მივაყენეთ ამ ძმათამკვლელ ომში, მაინც უნდა მოვახერხოთ შერიგება და ამის ყველაზე დიდი რესურსი ზიარად დაღვრილი სისხლია, როგორც ქართული, ისე აფხაზური მხრიდან” - განაცხადა თავის გამოსვლაში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ  ელგუჯა გვაზავამ.

 

საქართველოს გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, გენერალმა ვახტანგ კაპანაძე აღნიშნა, რომ როგორც 1993 წელს, ისე 2008 წელს ქართველმა ვაჟკაცებმა სამშობლოს შესწირეს საკუთარი სიცოცხლე და ყველა ქართველი ქედს იხრის მათი უპრეცედენტო გმირობის  წინაშე.

 

საღამოზე მარტის მოვლენების მოგონებებით გამოვიდნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ პაპასკირი, საქართველოს სახალხო არტისტი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის ომის ვეტერანი პროფესორი დავით ჯალაღონია. საღამოზე მონაწილება მიიღეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქალთა ანსამბლმა ვეზდენ ოკუჯავას ხელმძღვანელობით და აღმოსავლეთის საბრძოლო ხელოვნების სკოლამ ”წმინდა გიორგი” კახა კაკაბაძის ხელმძღვანელობით.

 

 

 

 

 

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions