26 მარტს თბილისში, ყაზბეგის ქ. N 24–ში, ფიფა-ს არბიტრის ანატოლი მილჩენკოს მემორიალური დაფა გაიხსნა. მემორიალური დაფის გახსნაზე სახლთან, სადაც დევნილობის პერიოდში ცხოვრობდა ბატონი ანატოლი, შეიკრიბნენ მეგობრები და ოჯახის ახლობლები, ვეტერანი ფეხბურთელები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს, საზოგადოებრიობის წარმომადგენლები. ბევრი თბილი სიტყვა ითქვა საქართველოს მე-20 საუკუნის მსოფლიო არბიტრის მისამართით. მისმა ახლობლების თქმით, ანატოლი მილჩენკოს ხსოვნა მუდამ დარჩება ქართველი ხალხის გულში.
მურად ანჯაფარიძე, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარე: უდიდეს მსაჯს, შესანიშნავ მეგობარს, ღირსეულ მოქალაქეს ანატოლი მილჩენკოს დღეს შეუსრულდებოდა 74 წელი. ის 2011 წელს გარდაიცვალა. წარმოშობით უკრაინელი, ბორჯომის მკვიდრი თამაშობდა ბორჯომისა და თბილისის გუნდებში, 23 წლის ასაკში ჩამოვიდა სოხუმში. თამაშობდა სოხუმის „დინამოში“. ტრავმის შემდეგ დაიწყო მსაჯობა და გახდა ერთ–ერთი უდიდესი მსაჯი მსოფლიოში. მან უმსაჯა 30-ზე მეტ საერთაშორისო მატჩს, ის იყო მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიადის, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების შესარჩევი ტურნირების, მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალური მატჩის და უეფას იუნიორთა პრესტიჟული ტურნირის არბიტრი. 13-ჯერ არის დასახელებული სსრკ 10 საუკეთესო მსაჯს შორის. ბატონი ანატოლი გახლდათ ღირსების ორდენის კავალერი. მისი გარდაცვალების შემდეგ, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, დაწესდა სპეციალური პრიზი, რომელიც ყოველწლიურად აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარებული ტურნირების მომსახურე საუკეთესო მსაჯს გადაეცემა. ამჟამად ამ პრიზის მფლობელია ოჩამჩირელი თემურ დადახავა. ქართული ფეხბურთის ისტორიაში სამუდამოდ დარჩება ანატოლი მილჩენკოს, როგორც ღირსეული მოქალაქის, დიდი პატრიოტისა და სახელგანთქმული არბიტრის სახელი.
ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ვეტერანი ფეხბურთელი: ძნელია, როცა მეგობარს წარსულ დროში იხსენებ. დღეს ანატოლი მილჩენკოს გახსენების დღეა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ არავინ და არაფერია დავიწყებული. ის ის არ იყო მხოლოდ მსაჯი, ის იყო სოხუმის კოლორიტი, რომელიც ქალაქის ისტორიის შექმნაში მონაწილეობდა. ის იყო ინტელექტით გამორჩეული კეთილშობილი პიროვნება, მოსიყვარულე ადამიანი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა არა მარტო ქართული, არამედ მსოფლიო ფეხბურთის განვითარების საქმეში. აფხაზეთის ამბებზე ძალიან დარდობდა, სოხუმში დაბრუნებაზე ოცნებობდა. სოხუმის სიყვარულში მას ვერავინ დაუდებდა ტოლს. „ჩემი ყველაზე საინტერესო და წარმატებული წლები მე გავატარე ქალაქ სოხუმში და ამ პერიოდმა შემძინა უძვირფასესი მეგობრები, მასწავლა ის, დღეს რაც ვარ...“ – ეს მისი სიტყვებია. საქართველოს მომავალ თაობას უნდა ახსოვდეს თავისი ქვეყნის სახელოვანი შვილი. სწორედ ამ მიზნით მოგვმართა ინიციატივით აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციამ, რომ მისი საცხოვრებელი სახლის ფასადზე მემორიალური დაფა გაგვეხსნა, ერთ-ერთ ქუჩას კი მისი სახელი დარქმეოდა. თხოვნით მივმართეთ ქ. თბილისის მერიას და ბორჯომის საკრებულოს, რომელთა მხარდაჭერითაც დღეს ეს მემორიალური დაფა ამ სახლს ამშვენებს. რაც შეეხება მისი სახელობის ქუჩას, ის ბორჯომში გაიხსნება, სადაც ყმაწვილკაცობა გაატარა.