26 მარტს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სხდომათა დარბაზში გაიმართა სამეცნიერო სხდომა, რომელიც მიეძღვნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II აღსაყდრების 35-ე და დაბადებიდან 80 წლისთავს. სხდომა, რომელიც ჩატარდა საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტის, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიისა და ექვთიმე თაყაიშვილის საქართველოს საისტორიო საზოგადოების ერთობლივი ორგანიზებით, გახსნა აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა.
ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი) დალოცა დამსწრე საზოგადოება. პატრიარქის ღვაწლსა და დამსახურებებზე საუბრისას მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, თუ რატომ შეიფარა თავის ფრთებქვეშ უწმინდესმა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია: ”ამ ეპარქიის მფარველობა საჭიროებს დიდ ძალისხმევას, ეს არ არის მხოლოდ აფხაზეთის ეკლესიის პრობლემა, ეს სრულიად საქართველოს პრობლემაა. ილია მეორე დღევანდელ რთულ პოლიტიკურ ვითარებაში მეორე ილიაა, რომელიც წმინდა ილია მართლის მსგავსად საქართველოსთვის დიდი საყრდენი და გზის მაჩვენებელია. ქართული ეროვნული იდეოლოგიის სამი მთავარი პოსტულატის -”მამული, ენა, სარწმუნოება” პატრიარქმა ახალი სახით მიაწოდა ხალხს -”ღმერთი, სამშობლო, ადამიანი”, რითაც გვითხრა, რომ ყველაზე მაღლა ეს ღირებულებები დგას. ვუსურვოთ მას დიდხანს სიცოცხლე, ჯანმრთელობა და მხნეობა ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ”.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ უფლის წყალობაა ქვეყანას ჰყავდეს ისეთი დაუღლელი ქომაგი, რომელიც მუხლჩაუხრელად ლოცულობს ერის სულიერი გადარჩენისთვის და ჭეშმარიტი გზით ატარებს ქართველ ხალხს: ”უწმინდესი თავის ქადაგებებით ნაბიჯ-ნაბიჯ აცოცხლებს ღვთის, მამულის და მოყვასის სიყვარულს. საქართველოს ავტოკეფალიის აღიარება, ქართული საგალობლების აღდგენა, საბჭოთა პერიოდში მივიწყებული ღმერთისკენ ერის მიბრუნება და კიდევ ვინ მოსთვლის მის ტიტანურ შრომასა და დამსახურებებს. უწმინდესმა ერთ-ერთ ქადაგებაში ბრძანა: ”აფხაზეთი დაკარგული არ არის, იქ დროებით შეწყვეტილია საქართველოს იურისდიქცია” - ეს სიტყვები იმედის სხივია აფხაზეთის მკვიდრი მოსახლეობისთვის. ჩვენ გვწამს, რომ უწმინდესის ლოცვა-კურთხევით აფხაზეთის მიწაზე კვლავ აღდგება წირვა-ლოცვა ღვთის სადიდებლად და საქართველოს საკეთილდღეოდ”.
მოხსენებებით პატრიაქის ღვაწლის შესახებ გამოვიდნენ პროფესორები: ნოდარ ნათაძე, პაატა კოღუაშვილი, თემურ ჩილაჩავა, დოქტორი მამუკა გიორგაძე და სხვები.