ანზორ წოწონავა: “დევნილთა სასიცოცხლო ინტერესები ერთად უნდა დავიცვათ“

 

ცოტა ხნის წინ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ უცხოელ პარტნიორებთან ერთად შეიმუშავა კანონპროექტი დევნილთა შესახებ, რომელიც პარლამენტში განხილვამდე ყველა სახელმწიფო უწყებაში უნდა გადაიგზავნოს. ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ანზორ წოწონავამ.


ბატონო ანზორ, რა იცით  სამინისტროს მიერ შემუშავებული პროექტის შესახებ, რომლის მომზადებაში არ იყვნენ ჩართული  აფხაზეთის ლეგიტიმური წარმომადგენლები?


- ჩემთვის ამ კანონპროექტის შესახებ ცნობილი გახდა დაახლოებით 2 კვირის წინ, ისიც ინტერნეტის საშუალებით. რა თქმა უნდა, უფრო სწორი იქნებოდა, რომ ამ პროექტზე მომუშავე კომისიაში აფხაზეთის სტრუქტურებიდან ჩართულიყო საკონსულტაციო ჯგუფი თუ არა რამდენიმე წარმომადგენელი, ან თუნდაც  დევნილთა უფლებების დამცველი სამსახურის ხელმძღვანელი. მაგალითად, 2006-2009 წლებში, დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის პროექტზე მუშაობაში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელიც მონაწილეობდა. საერთოდ, სანამ ზემოთხსენებული კანონპროექტი უწყებებში იქნება გადაგზავნილი, მანამ უნდა ჰქონოდათ ჩვენთან კონსულტაცია. ჩვენ უნდა ვყოფილიყავით თანაავტორები. ასეთი იყო შეთანხმება. ცოტა გაუგებარი კია, ასე რომ მოხდა, მაგრამ დაველოდოთ....

 

თქვენ რაიმე შესთავაზეთ სამინისტროს?


- რა თქმა უნდა! დევნილთა სამინისტროს ახალ ხელმძღვანელობას  მივაწოდეთ ჩვენს მიერ შემუშავებული საკმაოდ ვრცელი დოკუმენტი დევნილთა სოციალურ-პოლიტიკური საკითხების მოგვარების შესახებ. ეს არის ნუსხა იმ პრობლემების, რომლებიც წლების განმავლობაში გადაუჭრელი იყო და ახლა განსაკუთრებით გამწვავდა. ჩვენ პირადად შევხვდით ახალ მინისტრს ბატონ დავით დარახველიძეს, მის მოადგილეებს და ვესაუბრეთ ამის შესახებ. მათ მზადყოფნა გამოთქვეს ურთიერთთანამშრომლობისთვის.

 

თუ შეგიძლიათ მოკლედ გვითხარით, რა შენიშვნებია თქვენს მიერ შეთავაზებულ პროექტში?


- ყველაზე საშური საქმეა დევნილთა საკითხების შესახებ სახელმწიფო სტრატეგიაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა, კერძოდ: ზოგადი და ბუნდოვანი მონაცემების ნაცვლად უნდა მოხდეს დევნილთა ოჯახების კატეგორიების მიხედვით დიფერენცირება. ოღონდაც ეს უნდა იყოს რეალური და მკაფიო აღრიცხვა. უწინდელი ანუ ჯერ კიდევ მოქმედი მთავრობის გადაწყვეტილება არის ძალიან განზოგადებული, კონკრეტული პუნქტების გარეშე. განა შეიძლება ზეპირად ადამიანების ბედის გადაწყვეტა, თუკი ზუსტი აღიცხვა არ არსებობს? როგორ შეიძლება აღმასრულებელი ხელისუფლების დოკუმენტში იყოს ზოგადი მუხლები? სწორედ ამან წარმოქმნა ე.წ. ”საძრომები” თვითნებობისთვის და კორუფციისთვის, რაშიაც დევნილი მოსახლეობა ადანაშაულებდა კიდეც წინამორბედ ხელმძღვანელობას.

 

მეორე მტკივნეული პრობლემა გახლავთ ერთი საოჯახო ნომრით დაფიქსირებული ოჯახების გამიჯვნა. თავის დროზე, მოგეხსენებათ, დევნილთა რეგისტრაცია სტიქიურ ხასიათს ატარებდა, რის გამოც მთერ რიგ დარღვევებს ჰქონდა ადგილი. უამრავი შემთხვევაა, სადაც ერთ საოჯახო ნომერში არის დარეგისტრირებული რამდენიმე ოჯახი, რომლებიც ვერც კი წარმოიდგენდნენ იმას, რომ პირვანდელი სტიქიურად და ქაოსურად ჩატარებული  რეგისტრაცია მათი საცხოვრებელი ფართის განმსაზღვრელი იქნებოდა 20 წლის მანძილზე და შემდგომ პერიოდშიც. გარდა ამისა, ომის პერიოდში გამოდევნილი 9-10 წლის ბავშვი ხომ გაიზარდა და დაოჯახდა, ხომ გამრავლდა ოჯახები, ღვთის მადლით. როგორ შეიძლება ადამიანების გაზრდილი რაოდენობა ერთ ოჯახად დარჩეს? ამ კატეგორიის დევნილები პრივატიზაციის საბაბით აიძულეს ხელი მოეწერათ საბუთებზე, რომლის დროსაც, რა თქმა უნდა, დაფიქსირდა არსებული ერთი საოჯახო ნომერი. გამოსახლების დროს არ იქნა გათვალისწინებული ის დარღვევები, რაც უკვე მოგახსენეთ და ისე გამოუყვეს  საცხოვრებელი ფართი. ეს ხომ უდიდესი კანონდარღვევაა? დღეს ეს კატეგორია მოიაზრება, როგორც უკვე ”დაკმაყოფილებული” და ”უზრუნველყოფილი”.... დღეს რამდენიმე ათასი დევნილი ოჯახი რეგისტრირებულია კონკრეტული მისამართის გარეშე.

 

ასევე პრობლემურია დევნილთა რეგიონებში ჩასახლება. 10-15 წლის წინ, როდესაც რეგიონებში თავის რჩენა შეუძლებელი იყო, ათიათასობით დევნილი დედაქალაქში წამოვიდა, ჩაწერის ინსტიტუტი კი უკვე აღარ არსებობდა. ასე რომ, რეგიონში დარეგისტრირებული დევნილები ფაქტობრივად ცხოვრობდნენ დედაქალაქში. აი, ამ კატეგორიასაც არ აკმაყოფილებენ საცხოვრებელი ფართით თბილისში.

 

ამ შემთხვევაში სად ირღვევა კანონი? თუკი დევნილი არ არის დარეგისტრირებული თბილისში, რამდენად სწორი იქნება მისი დაკმაყოფილება საცხოვრებელი ფართით დედაქალაქში?


- ეს არის ქვეყნის ვალდებულება. დევნილებმა ვერ შეძლეს პერიფერიებში არსებობა ძირითადად სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გამო, გულზე ხელებს ხომ ვერ დაიკრეფდნენ? რატომ არ უნდა მიეღო ისინი დედაქალაქს? კონსტიტუციის მიხედვით, ადამიანს შეუძლია ნებისმიერ ადგილას იცხოვროს, მით უმეტეს, ერთხელ უკვე სახლკარდაკარგულს.

 

თუ ასეა, მაშ, რატომ არ არეგისტრირებდა დევნილთა სამინისტრო მათ ნებისმიერ ადგილას, როგორც თქვენ ბრძანეთ?


- იმიტომ რომ უღრან ტყესავით ბნელი იყო სამინისტროს საქმიანობა.... წლების მანძილზე ირღვეოდა დევნილთა უფლებები. ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა. თუ დევნილმა 15 წელზე მეტი იცხოვრა დედაქალაქში, მისმა შვილებმა სკოლა აქ დაამთავრეს, აქ მსახურობენ, ახლა შეიძლება მათი რეგიონში გამწესება? გადასახლება ხომ არ არის, ბოლოს და ბოლოს, ხელახალი დევნილობა და ინტეგრირებულ გარემოს მოწყვეტა!

 

ასევე დიდ აღშფოთებას და უკმაყოფილებას იწვევს დევნილებში ის აბსურდული კანონიც, რომლის თანახმადაც დევნილს საქართველოს საზღვრის გადაკვეთის შემთხვევაში, სამი თვის შემდეგ დევნილთა შემწეობა უწყდება, მათ შორის მოსწავლე ახალგაზრდობასაც. საზღვარგარეთ დევნილები, როგორც ბევრი სხვა ჩვენი თანამემამულე, დალხინებული ცხოვრების გამო კი არა, სამუშაოდ მიდიან. არ შეიძლება დევნილის შემწეობის 28 ლარზე ეკონომიის გააკეთება, ამ მიზერულ თანხას ხომ მისი ოჯახის წევრები იყენებენ.

 

ტექნიკურად  როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა?


- ეს არაა მოუგვარებელი და მას არ სჭირდება გართულება. საკონსულოებმა უნდა აიღოს ეს ფუნქცია თავის თავზე. დევნილებმა საზღვარგარეთ საკონსულოში ან საელჩოში უნდა გაიარონ რეგისტრაცია პერიოდულად 6 თვის ან ერთი წლის განმავლობაში. თუ საზღვრის გადაკვეთის შესახებ ინფორმაციას აწვდიან სამინისტროს, იგივე საშუალებებით უნდა მიაწოდონ გარდაცვალების შესახებ ინფორმაციაც. სრულწლოვან დევნილთა რეგისტრაციის დროსაც კანონდარღვევას აქვს ადგილი. ჩვენ ეს ყველაფერი გათვალისწინებული და შემუშუშავებული გვაქვს ჩვენს პროექტში.

 

გულდასაწყვეტია, რომ დევნილთა შესახებ კანონპროექტზე მუშაობაში მონაწილეობენ საერთაშორისო კომისიები, აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება კი, რომელიც ყველაზე უკეთესად იცნობს დევნილთა პრობლემებს, არა...


- მართალი ბრძანდებით, ჩვენ პერმანენტულად დავდივართ რეგიონებში, ვხვდებით დევნილებს და ვიცით ყველა მათი პრობლემა. შეიძლება მათ დასახმარებლად ბევრი ბერკეტი არ გაგვაჩნია, მაგრამ სადაც შესაძლებელია ჩვენი ძალებით ვეხმარებით, სხვა შემთხვევაში ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან, აფხაზეთის სტრუქტურების ერთობლივი ღონისძიებებით ვახორციელებთ სხვადასხვა სოციალურ პროექტებს. სწორედ ამ კონტაქტებით ვგებულობთ დევნილების პრობლემებს და ვშუამდგომლობთ სხვადასხვა უწყებებთან. მარტო შარშან უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე 4000-ზე მეტ დევნილს შეხვდა. ფედერალურ სამინისტროებს არ უნდა დაავიწყდეს, რომ არსებობს აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება, რომელიც ძალიან კარგად არის ჩახედული დევნილთა პრობლემებში.

 

თუკი არ იქნა გათვალისწინებული თქვენი შეთავაზებები, შემდეგი  ნაბიჯი როგორ წარმოგიდგენიათ?


- დევნილთა სამინისტრომ აფხაზეთის სტრუქტურების წარმომადგენლები უნდა ჩართოს ამ კანონპროექტზე მუშაობაში მანამ, სანამ მთავრობას და პარლამენტს წარუდგენს. სწორედ ამ ეტაპზე იოლია იმ შენიშვნებისა და მოსაზრებების გათვალისწინება, რომელმაც პრობლემები უნდა აღმოფხვრას. თუ ამ ეტაპზე არ მოხდა ჩვენი თანამშრომლობა, საქართველოს პარლამენტში მივიღებთ მონაწილეობას ამ კანონპროექტის განხილვაში.

 

 

 

 


ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions