2008 წლის 26 ავისტოს რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ხანმოკლე ომის შედეგად საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტალური ნორმების უხეში დარღვევით აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის დამოუკიდებლობა. რუსეთის მიერ ეს ომო წლების განმავლობაში მზადდებოდა, რომლის მოზანი გახლადათ საქართველოს ისტორიული რეგიონების, ქართული ცივილიზაციის უძველესი კერების აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთად წოდებული ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია, ადგილობრივი კანონიერი მოსახლეობის უდიდესი ნაწილისაგან ამ ტერიტორიების დაცლა, რუსეთის სამხედრო ბაზებად მათი გადაქცევა, ამ გზით სამხრეთ კავკასიაში დასავლეთზე გადამწყვეტი გეოპოლიტიკური უპირატესობის მოპოვება, ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეფერხება, მისი განვითარებადი ეკონომიკისა და სამხედრო პოტენციალის განადგურება და ა.შ.
რუსეთის მიერ ომის პროვოცირებამ საფრთხე შეუქმნა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონალურ და გლობალურ უსაფრთხოებას, საერთაშორისო მართლწესრიგს. ეს გახდა კონფლიქტში ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ოპერატიულად ჩარევის მიზეზი, რამაც ხელი შეუწყო აქტიური საომარი მოქმედებების შეწყვეტას. მიუხედავდ ამისა, რუსეთი დღემდე ჯიუტად არ ასრულებს აღებულ ვალდებულებას საოკუპაციო ჯარების ომამდელი დისლოკაციის ადგილებზე დაბრუნების შესახებ (ნიკოლა სარკოზის დოკუმენტი). უფრო მეტიც, ადგილობრივ სეპარატისტულ რეჟიმებთან „შეთანხმებით“ ორივე რეგიონში მძლავრი რუსული სამხედრო ბაზა იქნა განთავსებული, რომლის გაფართოება და კეთილმოწყობა ამჟამადაც მიმდინარეობს.
2008 წლის აგვისტოს ომის შედეგები მეტად მძიმე აღმოჩნდა საქართველოსთვის. პირველ რიგში, მან უდიდესი ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია. მხოლოდ აფხაზეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარებამ ავტონომიური რესპუბლიკის მრავალეთნიკური მოსახლეობის თითქმის 3/4 მუდმივი დევნილობისთვის, ხოლო მის გარკვეულ ნაწილს, რომელიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გალის რაიონში დაბრუნდა, კიდევ უფრო დაუმძიმა ყოველდიური ყოფა. იგნორირებულია ადამიანის ელემენტარული პოლიტიკური და ეკონომიკური უფლებები, მათ შორის სიცოცხლის უფლებაც. ასევე მათთვის ხელმიუწვდომელია მშობლიურ ენაზე სწავლა-განათლების მიღება, რომ არაფერი ვთქვათ გადაადგილების უფლებაზე; ხელოვნურად გავლებული და რუსული ტანკებით დაცული მავთულხლართების სხვადასხვა მხარეს აღმოჩენილი ოჯახის წევრები გაერთიანებას ვერ ახერხებენ; სავსებით შეგნებულად და მიზანმიმართულად მიმდინარეობს აფხაზეთიდან დევნილი უმრავლესობის ქონების მითვისება და გასხვისება, რაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ ბოლო წლებში აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციების სრული უგულვებელყოფაა. ოკუპირებულ აფხაზეთში ბობოქრობს კრიმინალი, მეტად საშიში მასშტაბები მიიღო ტრეფიკინგმა, აგრეთვე ნარკომანიამ. უმოწყალოდ ნადგურდება ბუნებრივი რესურსები, აფხაზეთის უნიკალური ეკოსისტემა, საფრთხე ემუქრება ქართული კულტურის უძველეს ძეგლებს და ა.შ. საერთაშორისო საზოგადოებისთვის ყოველივე ამის და სხვა მსგავს ქმედებების დაფარვის მიზნით ჯერ კედევ მიუღწეველია ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო დამკვირვებლების დაშვება.
აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხი, მიუხედავად რუსეთის ფედერაციის დიდი მცდელობისა, პრაქტიკულად ჩავარდა. ამ პროცესს მხარი არ დაუჭირეს ევროპის, აზიის, აფრიკის, ლათინური ამერიკის სახელმწიფოთა, აგრევე სხვა ქვეყნების ლიდერებმა, თვით უახლოესმა მოკავშირეებმაც კი ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან.
იმედს გამოვთქვამთ, რომ ნიკარაგუისა და ვენესულის თავისუფლებისმოყვარე, უდიდესი კულტურის მატარებელი ხალხები, მათ მიერ არჩეული მთავრობები, აგრეთვე ჩვენთვის ნაკლებად ცნობილი, მაგრამ საინტერესო ქვეყნები ნაურუ და ტუვალუ დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად შეუერთდებიან დანარჩენი სამყაროს მიერ გამოხატულ ერთსულოვან პოზიციას ამ მეტად სათუთ საკითხში. ასეთი გაბედული, სამართლიანი ნაბიჯი სულაც არ შეუშლის ხელს რუსეთთან მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნებას, ამავე დროს იხსნის ასეულ ათასობით საკუთარი სახლებიდან განდევნილ ადამიანებს.
უმაღლესი საბჭო იმედს გამოთქვამს, რომ, ბოლოს და ბოლოს, თვით რუსეთიც, რომლის გრძელვადიან სტრატეგიულ ინტერესებში სულაც არ უნდა შედიოდეს საქართველოსთან კონფრონტაცია, ყურად იღებს ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების ევროკავშირის, ევროსაბჭოს, ეუთოს, ნატოს მრავალგზის გაცხადებულ მოთხოვნებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების უკან წაღებისა და საქართველოს დეოკუპაციის შესახებ; ანგარიშს გაუწევს საქართველოს ახალი ხელისუფლების გულწრფელ სურვილს და ძალისხმევას, რომელიც მოსკოვთან ურთიერთობის დალაგებისა და კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირებისკენ არის მიმართული.
შექმნილი ჩიხური და უკიდურესად საშიში მდგომარეობიდან გამოსვლას ქართველები და აფხაზები მხოლოდ ერთობლივად მოვახერხებთ. მართალია, დღეს ასეთი ერთობის მიღწევა, მიზეზთა გამო, შეუძლებელია, მაგრამ ხვალ და ზეგ ის გარდაუვალია. სხვა გზა გადარჩენისა უბრალოდ არ არსებობს. უმაღლესი საბჭო, რომელიც არჩეულია აფხაზეთში და ავტონომიური რესპუბლიკის მრავალეთნიკური მოსახლეობის დიდი უმრავლესობის ნების გამომხატველია, ძალისხმევას არ დაიშურებს ქართველთა და აფხაზთა შერიგებისთვის, გარედან თავსმოხვეული უგუნური ომის ორივე მხარისათვის დამღუპველი შედეგების აღმოსაფხვრელად, თუმცა კარგად გვესმის, რაოდენ რთულია შექმნილ პირობებში ამ კეთილშობილური მიზნის მიღწევა.
მიუხედავად დიდი სიძნელეებისა, ურთულესი პრობლემებისა, საქართველო მყარად დგას კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოწესრიგების ერთად-ერთ სწორ პლატფორმაზე. 2010 წლის 23 ნოემბერს მან აიღო ცალმხრივი ვალდებულება ძალის გამოუყენებლობისა და ცეცხლის განუახლებლობის ანუ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მხოლოდ პოლიტიკური მეთოდებით გადაწყვეტის შესახებ. მიგვაჩნია, რომ სამშვიდობო პოლიტიკის წარმატებისთვის, ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან აცილებისთვის საჭიროა ნეიტრალური სახელმწიფოების მონაწილეობით ეფექტური სამშვიდობო ოპერაციის განხორციელება, რომელიც დევნილთა და იძულებით ადგილნაცვალ პირთა საკუთარ სახლებში დაბრუნებას უზრუნველყოფს. ეს გახდება შესაძლებელი კონფლიქტის სრულმასშტაბიანი და სამართლიანი მოგვარების საფუძველი, მათ შორის აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის საკითხის გადაწყვეტა საერთაშორისო სამართალის, პოზიტიური მსოფლიო პრაქტიკის, საქართველოს კონსტიტუციისა და არსებული რეალიების გათვალისწინებით.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე
ელგუჯა გვაზავა
ქ.თბილისი
15.08.2013წ.