აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი თვლის, რომ აფხაზეთის მთავრობის აპარატის პოლიტიკური ანალიზისა და კვლევების სამმართველოს მიერ მოწოდებული მასალა ასახავს საგანგაშო რეალობას. გარდა პოლიტიკური განზომილებისა, მას გააჩნია აფხაზური ეთნოსის ამოძირკვისკენ მიმართული ანტიჰუმანური მიზანიც, რომელიც, შესაძლოა, დასასრულის დასაწყისს ნიშნავდეს.
მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ გულგრილი ვერ ვიქნებით ამ სავარაუდო ანტიადამიანური აქციის მიმართ.
მივმართავთ დარგის სპეციალისტებს, გამოთქვან საკუთარი მოსაზრება აღნიშნულ მასალასთან და მისგან გამომდინარე საფრთხეებთან დაკავშირებით.
გთავაზობთ აფხაზეთის ა/რ მთავრობის აპარატის პოლიტიკური ანალიზისა და კვლევების სამმართველოს მიერ მომზადებულ მასალას.
აფხაზეთის ე. წ. ჯანდაცვის მინისტრმა ანზორ გოოვმა მ. წ. 6 აგვისტოს სააგენტო „ აპსნიპრესისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მოსკოვის ხელოვნური განაყოფიერების ექსტრა კორპორარული განაყოფიერების კლინიკა “эко АльтраВита“, რომელთანაც აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრომ მ.წ. 22 აპრილს ხელი მოაწერა შეთანხმებას თანამშრომლობის შესახებ, „აფხაზეთის დემოგრაფიული განვითარების“ პროგრამის ნაწილი უნდა გახდეს.
მისი თქმით, რუსულმა კლინიკამ უკვე 3-4 ივლისს რეაბილიტაციურ- სადიაგნოსტიკო ცენტრ „ სავიტართან“ ერთად ექიმ- რეპროდუქტოლოგთან პაციენტების პირველი მიღება მოაწყო უნაყოფობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის კუთხით.
გოოვის თქმით, „უნაყოფობის პრობლემა დღევანდელ აფხაზეთში მეტად აქტუალურია“. მისი თქმით, ომს უკვალოდ არ ჩაუვლია ამ მიმართულებითაც. დღეს ბევრი აფხაზი მამაკაცი 39-40 წლის ასაკში ქორწინდება. ისინი არიან ადამიანები, რომლებმაც ომი გაიარეს. იმ დროს მიღებული სტრესები და ჭრილობები კი თავისას აკეთებენ და შედეგად ბევრს უნაყოფობის პრობლემა წარმოექმნება. ეს დაავადება თანაბრად ეხება ქალებსაც“.-აღნიშნავს გოოვი.
მისი თქმით, „ეს საკითხი დაკავშირებულია აფხაზეთში არსებულ დემოგრაფიულ მდგომარეობასთან. „გავითვალისწინეთ რა ეს ფაქტორი, ჩვენ დავუკავშირდით უნაყოფობის მკურნალობის საკითხში რუსეთში ერთ ერთ წამყვან კლინიკას“, რომელსაც გააჩნია ბიოლოგიური მასალის დიდი ბანკი, ასევე უზრუნველყოფს საჭირო პროცედურების ჩატარების მაღალ ხარისხს“.
მისივე თქმით, მომავალში გათვალისწინებულია აფხაზეთში ოჯახის დაგეგმვის საკუთარი ცენტრის დაარსება. (Sputnik abkahzia, 06.08.15)
ამ ინტერვიუს წაკითხვისას, ყურადღებას იქცევს ის ფაქტი, რომ აფხაზეთის ე. წ. ჯანდაცვის მინისტრის მიერ გაჟღერებული ინფორმაციის საფუძველზე, აფხაზეთის დემოგრაფიული განვითარება მოხდება რუსული ბიოლოგიური მასალის გამოყენებით. გამოდის, რომ აფხაზების გამრავლება რუსულ კლინიკას გადაწყვეტილი აქვს საკუთარი ბიორესურსების საფუძველზე. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ექსტრაკორპორარული განაყოფიერების შედეგად გაჩენილი ბავშვები ნაწილობრივ რუსული გენოკოდის მატარებლები იქნებიან. ამგვარად, რუსული კლინიკა ნებსით თუ უნებლიედ ხდება ისედაც მცირერიცხოვანი აფხაზი ერის გენეტიკური კოდის შეცვლის იარაღი და, მეორეც, ჯანდაცვის მინისტრს არ ყოფნის განათლება და პროფესიონალიზმი, როცა ასეთ კონფიდენციალურ საკითხებზე ღიად საუბრობს და ამასთან, მას არა აქვს გაცნობიერებული თუ რა საფრთხეებს შეიძლება შეიცავდეს კლინიკის საქმიანობა.
თუ რა პრინციპით მოქმედებს „ ეკო ალტრავიტას“ მსგავსი კლინიკები, ამის შესასწავლად ჩვენ ინტერნეტს მივმართეთ და დავადგინეთ, რომ ეკო-ს პროფილის კლინიკებს გააჩნიათ დონორთა ფოტოების გალერეაც- როგორც თავად წერენ „ ულამაზესი გოგონების და ვაჟების სურათები და ეკოკორპორარული განაყოფიერების მსურველებს შეუძლიათ მათგან ამოირჩიონ სასურველი დონორი. აქვე აღნიშნულია, რომ ხშირად ერთი დონორის მიერ მიწოდებული ბიომასალა რამდენიმე პაციენტზე ნაწილდება(?!)
იტერევიუში აგრეთვე ლაპარაკია იმაზეც, რომ კლინიკა სათანადო მოსახურებას გაუწევს ასევე მარტოხელა, უშვილო ქალებს, რომელთაც სურვილი აქვთ ბავშვი იყოლიონ. გოოვი აღნიშნავს, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში მიღებულია, რომ ქალი გარკვეულ ასაკამდე თუ არ გათხოვდება, მას შეუძლია დაქორწინების გარეშე გაააჩინოს შვილი, რაც მისი თქმით , გამართლებულია. რასაკვირველია, ეს ძალზე დელიკატური საკითხია და, ყველა თავად აკეთებს არჩევანს, ვინ როგორ გააჩინოს შვილი, მაგრამ მიგვაჩნია, რომ გოოვის განცხადება შემთხვევითი არ არის. მასში იკითხება ოჯახის ინსტიტუტის დაკნინების ტენდენცია, რაც მიუთითებს, რომ გოოვი არის შემსრულებელი, ანუ ინსტრუმენტი მათ ხელში, ვისაც აფხაზური ადათ-წესების და ტრადიციების მოშლა სურს,რათა მერე ადვილად დაიმორჩილოს საკუთარ ფესვებს მოწყვეტილი ხალხი.
ჩვენი აზრით, საეჭვოა,რუსეთს სინამდვილეში გულწრფელად აწუხებდეს აფხაზების დემოგრაფული მდგომარეობა. ეს ასე რომ ყოფილიყო, ის 90-იან წლებში კონფლიქტის ინსპირაციას არ მოახდენდა და ორ მოძმე ხალხს ერთმანეთს არ დაუპირისპირებდა , რაც ტრაგიკულად აისახა ორივე ხალხის გენოფონდზე.
ამიტომ, ჩვენი აზრით, ზემოთაღნიშნული კლინიკის საქმიანობა, როგორც აფხაზურ სინამდვილეში არსებული ბევრი სხვა მომენტი (აფხაზეთში აფხაზური ენის არეალის უკიდურესობამდე შემცირება და რუსული ენის მეორე მშობლიურ ენად გამოცხადება და სხვა) აფხაზების რუსებთან ასიმილირების რუსული გეგმის ნაწილს შეადგენს.
საბოლოოდ მივიღებთ სურათს, როდესაც რუსულად მოლაპარაკე აფხაზს გენეტიკური კოდიც შეცვლილი ექნება, რაც მის ასიმილაციას გაადვილებს.
ამასთან, გვინდა შევნიშნოთ, რომ უფრო უპრიანი იქნება, თუ უნაყოფობის მკურნალობის გააქტიურება აფხაზეთში საკუთარი ბიორესურსების ბანკის შექმნის შემდეგ დაიწყება, რაც აფხაზებს თავიდან ააცილებს მათი გენოკოდის დასუსტებას.
და, საერთოდ, შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ანზორ გოოვი დანაშაულებრივად ზედაპირულად უდგება ამ მეტად დელიკატურ საკითხს, რომლის საფრთხეების გაცნობიერებამ, შესაძლოა, აფხაზ ხალხში მძაფრი პროტესტი გამოიწვიოს.
ჩვენი აზრით, კარგი იქნება, გოოვის ინტერვიუ სათანადო კომენტარით სოციალურ ქსელში დაიდოს, რათა აფხაზებმა გააცნობიერონ, როგორ ”ზრუნავენ” მავანნი და მავანნი მათი დემოგრაფიული სიტუაციის „გაუმჯობესებაზე“.
არის კიდევ ერთი მომენტი: გარდა იმისა, რომ სახეზე გვაქვს რუსული კლინიკის მხრიდან აფხაზების უნაყოფობის ”მკურნალობით” დაინტერესება, ამ სამედიცინო დაწესებულების საქმიანობის უკან, შესაძლოა, სხვა მიზნებიც იმალებოდეს. ეს პირველ რიგში შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის „გამოკვლევების“ ჩატარების საბაბით, მოსახლეობაში უნაყოფობის ხელოვნური გამოწვევა, რის შემდეგაც უფრო ფართო მასშტაბებით იქნება შესაძლებელი აფხაზეთის დემოგრაფიული სურათის შესაცვლელად„რუსული ბიომასალების“ მიზანმიმართული გამოყენება.