უმაღლესი საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის განცხადება

 

ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით კი, რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობას შორის ”მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ” ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, აშკარად გამოიკვეთა აფხაზეთის მარიონეტული დე-ფაქტო მთავრობის მხრიდან რუსეთის ინტერესებზე მორგებული დესტრუქციული ქმედებების გააქტიურება, რაც აშკარად მიუთითებს მოსკოვის პირდაპირი მმართველობის დამყარებაზე ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე.

 

კრემლი, მისი ჯიბის პრეზიდენტის - რაულ ხაჯიმბას ხელით, ცდილობს სისრულეში მოიყვანოს ის მუხანათური განზრახვები, რაც ვერ მოახერხა ბოლო ოცი წლის მანძილზე - აფხაზეთის მკვიდრი ქართული მოსახლეობის კუთვნილი უძრავი ქონების მითვისებისა და უცხოელებზე, ძირითადად რუსეთის მოქალაქეებზე მიყიდვის დაკანონება; ოკუპირებულ ტერიტორიაზე (გალის რაიონში) ქართულ ენაზე სწავლის აკრძალვა  და ა.შ., რათა კიდევ უფრო გააღრმავოს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს შორის არსებული ბზარი, შეინარჩუნოს დაძაბულობის მაღალი ხარისხი რეგიონში და ამით გაამართლოს მის მიერვე ანექსირებულ საქართველოს ძირძველ მხარეში თავისი სამხედრო კონტინგენტის მიერ დამყარებული მილიტარისტული რეჟიმი.

 

აფხაზეთის მთავრობის უკანონო ქმედებების ბოლოდროინდელი გააქტიურება არ არის უნებლიე დამთხვევა, ოჩამჩირე-ენგურის ხიდის რკინიგზის მონაკვეთის აღსადგენად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სარკინიგზო ჯარების 500 კაციანი კონტინგენტისა და 50 სამხედრო ტექნიკის შემოყვანასთან, რომლის ძირითადი მიზანი აფხაზეთის ტერიტორიაზე ყოფილი და ახალი რუსული სამხედრო ბაზების მშნებელობა-აღჭურვაა.  ყველაფერი ეს ერთობიობაში გახლავთ რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული სტრატეგიული გეგმის ნაწილი, რისი შემსრულებელიც კრემლის ბრმა იარაღად ქცეული აფხაზეთის მარიონეტული მთავრობა ხდება, რაც ძალზედ სახიფათოა როგორც რეგიონში არსებული მყიფე მშვიდობისთვის, ისე აფხაზი ხალხის მომავლისთვის.

 

დარწმუნებული ვართ, საერთაშორისო საზოგადოება არ დარჩება მიმდინარე პროცესების მხოლოდ პასიურ დამკვირვებლად, სათანადოდ შეაფასებს საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში რუსეთის მიერ წარმოებულ დესტრუქციულ ქმედებებს და მიიღებს ადეკვატურ ზომებს ამ პროცესების შესაჩერებლად.

 

აფხაზეთის  ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს

საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions