მიმდინარე წლის 22-23 ნოემბერს, აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ ქართველი მღვდელმთავრის,
მოღვაწისა და მოაზროვნის, წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის (ქიქოძე) დაბადებიდან 200 წლისთავისადმი
მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
კონფერენცია წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური
სკოლის ორგანიზებით ჩატარდა.
მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით ამავე სკოლის დირექტორმა,
ქვედა ბახვის წმ. მარინეს სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა იოსებ ნაკაიძემ
მიმართა. მან ისაუბრა წმინდა მღვდელმთავარ გაბრიელის, იმერეთის ეპისკოპოსის მოღვაწეობის
შესახებ, გაიხსენა მისი საგანმანათლებლო და პედაგოგიური საქმიანობა.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ისტორიის დოქტორმა,
პროფესორმა ჯემალ გამახარიამ დამსწრე საზოგადოების წინაშე წარადგინა მოხსენება - “წმინდა
გაბრიელ ეპისკოპოსის მოღვაწეობა აფხაზეთში“. მან ვრცლად ისაუბრა გაბრიელ ეპისკოპოსის
მოღვაწეობის შესახებ.
„დღეს შევიკრიბეთ, რათა პატივი მივაგოთ საქართველოს უდიდეს
სასულიერო და საზოგადო მოღვაწეს, ადამიანს, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩვენი
ქვეყნის ისტორიაში. 1869 წელს იგი შეთავსებით სოხუმის ეპარქიის მმართველად დაინიშნა;
ამ თანამდებობაზე 1886 წლის ბოლომდე იმყოფებოდა. 1869-1881 წლებში აფხაზეთ-სამურზაყანოში
მან რამდენიმე ხანგრძლივი მისიონერული მოგზაურობა განახორციელა. მათი ამსახველი ანგარიშები
ფასდაუდებელი ისტორიული წყაროა მხარის სარწმუნოებრივი მდგომარეობის, პოლიტიკური, სოციალური
თუ ეთნიკური ვითარების შესახებ. ამ ანგარიშების გამოქვეყნებამ გაბრიელს, როგორც მღვდელმთავარს,
მისიონერსა და მქადაგებელს, კიდევ უფრო გაუთქვა სახელი. მისი ხელმძღვანელობით აფხაზეთში
51 ახალი ეკლესია აშენდა, შეკეთდა ბიჭვინთის, მოქვის, ილორის ტაძრები, ხოლო 18000 აფხაზმა
მიიღო ქრისტიანობა. თავგანწირვით ებრძოდა აფხაზეთ-სამურზაყანოში რუსიფიკაციის პოლიტიკის
გატარებას“ - აღნიშნა ჯემალ გამახარიამ.
გამოსვლის დასასრულს, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მუნიციპალიტეტის
ბიბლიოთეკას, სასულიერო დასის წევრებსა და პროფესორ-მასწავლებლებს საჩუქრად გადასცა
თავისი ავტორობით გამოცემული წიგნი - „წმინდა მღვდელმთავარი გაბრიელი“.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ შემოქმედის ეპარქიის
მიტროპოლიტი მაღალყოლვლადუსამღვდელოესი იოსები, სასულიერო დასის წევრები, ადგილობრივი
საზოგადოებრიობის თვალსაჩინო წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები,
საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ოზურგეთის, ბათუმის, სენაკის, ზუგდიდის, ფოთისა
და გორის მართლმადიდებლური სკოლების წარმომადგენლები. მათ წარმოადგინეს გაბრიელ ეპისკოპოსის
წერილები და ქადაგებები, დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ცნობილ ადამიანთა შეფასებები
გაბრიელ ეპისკოპოსის მოღვაწეობის შესახებ. გაანალიზეს თუ რაოდენ მნიშვნელოვანი კვალი
დატოვა მან თავისი მხარისა და ქვეყნის ისტორიაში.
კონფერენციის დასასრულს დამსწრე საზოგადოებრიობამ, გაბრიელ
ეპისკოპოსის სახელობის სკოლის პედაგოგ-მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა მადლიერება გამოხატეს
წმინდანისა და სკოლის დამაარსებლის მიმართ.
კონფერენციის მეორე დღეს, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია დაესწრო სამეუფეო წირვას, რომელიც წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ქვედა ბახვის ტაძარში ჩატარდა, რის შემდეგაც გაიმართა შეხვედრა წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ქვედა ბახვის სკოლაში. ორდღიანი ღონისძიებები დაიხურა გაბრიელ ეპისკოპოსის დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო საღამოთი, რომელიც გაიმართა ალექსანდრე წუწუნავას სახელობის ოზურგეთის სახელმწიფო თეატრში.