საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო
დარბაზში წიგნის - „წმიდა ოთხთავი მოქვის სახარების ილუსტრაციებით" - წარდგენა
გაიმართა.
ღონისძიება აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ
პირთა სამინისტროს ორგანიზებითა და ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით ჩატარდა.
საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და ოთხთავის
უნიკალურობასა და მისი გამოცემის ისტორიაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა
მინისტრმა დავით ფაცაციამ, პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი
ქადაგიშვილმა, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა მეუფე ანანიამ, ალავერდელმა
მიტროპოლიტმა მეუფე დავითმა, წალკელმა ეპისკოპოსმა მეუფე გრიგოლმა, პროტოპრესვიტერმა
მამა გიორგიმ, რედაქტორმა რევაზ მუჯირიშვილმა, პროექტის ხელმძღვანელმა არქიმანდრიტმა
ღვთისავარმა და ედიშერ ჭელიძემ, რომელმაც გამოსაცემად მოამზადა ოთხთავის ტექსტი ყველა
არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით.
წიგნი თბილისის სასულიერო აკადემიისა და კორნელი
კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანადგომით გამოიცა.
წარდგენას ასევე ესწრებოდნენ უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ადა მარშანია, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბესიკ კუსიდი, ისტორიკოსები, მეცნიერები და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები.